ბრძოლამ შედეგი გამოიღო, 800-ზე მეტი ემიგრანტის ხმა მოვიპოვეთ-კორძაია
ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, ემიგრანტების ხმების დაცვის სამართლებრივ გზაზე პირველი წარმატება მოიპოვეს. როგორც კორძაიამ ბრიფინგზე აღნიშნა, 800-ზე მეტი ადამიანის ხმა მოიპოვეს.
“ჩვენს მიერ ინიციირებულ დადგენილების პროექტში, რომლითაც ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, მაგრამ საერთო სიებში ვერ მოხვდნენ, რადგან არა აქვთ სარეგისტრაციო მისამართი, არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას თითოეული ხმისთვის და მე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი მონაცემებით ჩვენ მოვიპოვეთ 800-ზე მეტი ადამიანის ხმა. ეს არის ჩვენი პირველი წარმატება. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა, ბოლომდე ვიბრძოლებთ თითოეული ხმის დასაცავად, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ იმისათვის, რომ გვქონდეს ევროპული მომავალი, კეთილდღეობა ევროპაში და ევროპული სტანდარტების არჩევნები მომავალში”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე ხმის მისაცემად იბრძვიან. ემიგრანტები წინასაარჩევნო ბევრ სხვადასხვა პრობლემასა და ბარიერზე ჰყვებიან. ამ თემაზე უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც და კანონში არსებულ პრობლემაზე მიუთითებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტები საზღვარგარეთ, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, უფრო მეტი საარჩევნო უბნის გახსნას მოითხოვდნენ, ცესკოს განკარგულებით, უცხოეთში სულ 60 უბანი გაიხსნება – 42 ქვეყნის 53 ქალაქში. ცესკოს სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ მათ 66 000-მდე ამომრჩეველზე მიაწოდეს ინფორმაცია, თუმცა საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, სადაც საკონსულო აღრიცხვები წერია, საკონსულო აღრიცხვაზე მდგომი მოქალაქეების რიცხვი 130 000-ს აჭარბებს. დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით სასამართლოში სამი სარჩელი შევიდა, თუმცა არც ერთი არ დაკმაყოფილდა.
ამავე დროს, ემიგრანტები აღნიშნავენ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის პრობლემა აქვთ. ამის მაგალითია ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ემიგრანტები არიან და არჩევნებში ხმის მიცემას ვერ ახერხებენ.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, თუმცა დევნილთა მონაცემთა ბაზაში არ აქვთ მითითებული საქართველოში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, არ ეძლევათ ერთიან საარჩევნო სიაში მათი მონაცემების ასახვის და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამავე დროს, აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციის ადგილის შეცვლას სთხოვენ, რაც გულისხმობს იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი ფაქტობრივი მისამართი რეგისტრაციის ადგილად აღარ ჩაითვლება.