ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება არ აპირებს დაუბრუნდეს ევროპულ გზას“

“ქართულმა ოცნებამ” არანაირი ნიშანი არ აჩვენა, რომ ისინი ევროპულ გზას დაუბრუნდებიან და საკუთარი ელექტორატის დემოკრატიულ სურვილებს დაიცავენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დოუთიმ განაცხადა.
კერძოდ, დოუთი გამოეხმაურა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის” (საია) დემოკრატიის დამცველის ჯილდოს გადაცემას.
აღნიშნული ჯილდოს გადაცემა დიდმა ბრიტანეთმა და ეუთოს ფარგლებში მისმა შვიდმა პარტნიორმა ქვეყანამ მიიღეს, მათ შორის აშშ-მა, შვედეთმა, კანადამ, შვეიცარიამ, დანიამ, მონტენეგრომ და ნიდერლანდებმა.
“ვულოცავ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” (საია) დემოკრატიის დამცველის პრესტიჟული ჯილდოს მოგებას, რომელიც გადაეცათ გაერთიანებული სამეფოსა და ეუთოს შვიდი პარტნიორის მიერ. საია არსებით მხარდაჭერას უწევს საქართველოში ადამიანის უფლებების აქტივისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც რეპრესიული კანონმდებლობის პირობებში სულ უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ ექცევიან.
დემოკრატიული უკუსვლის, უკანონო დაპატიმრებებისა და დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენების თვეების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” არანაირი ნიშანი არ აჩვენა, რომ ისინი ევროპულ გზას დაუბრუნდებიან და საკუთარი ელექტორატის დემოკრატიულ სურვილებს დაიცავენ.
საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, შემოაბრუნოს თავისი იზოლაციონისტური ქცევა და მადლობას ვუხდი საია-ს ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლებების დაცვაში მათი მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის,” – განაცხადა დოუთიმ, რომლის კომენტარსაც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
„დემოკრატიის დამცველის ჯილდო“ 2016 წელს დაარსდა და გადაეცემა იმ ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩევიან დემოკრატიის პოპულარიზაციით და ადამიანის უფლებების დაცვით.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 აპრილს სანქცირებულთა სიას, სხვებთან ერთად, ლევან მურუსიძე და მისი კოლეგა, მიხეილ ჩინჩალაძე დაამატა.
ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა, – ბრიტანეთის თანახმად, მასთან დაკავშირებით არსებობს გონივრული ეჭვი, რომ გარეული იყო კორუფციულ გარიგებებში.
ლევან მურუსიძე კი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. სანქციების დაწესების საფუძვლად მის შემთხვევაშიც მითითებულია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ მურუსიძე ჩართული იყო და არის კორუფციულ გარიგებებში.
სანქციები, ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, ითვალისწინებს „ამ პირებისა და მათ საკუთრებაში ან მათ კონტროლქვეშ არსებული კომპანიების აქტივების დაყადაღებას“, ყადაღა კი შეეხება „მათ [საბანკო] ანგარიშებს, სხვა საშუალებებსა და ეკონომიკურ რესურსებს“. ამასთან, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილი წინადადებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს.
წინადადებას, რომელიც 13 იანვარს წარადგინა თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარიმ, 8 აპრილისათვის 27 ხელმომწერი/მხარდამჭერი ჰყავს.
ჯეიმს მაკკლიარიმ 8 აპრილს რადიო თავისუფლებას განუცხადა: „გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ივანიშვილს უკვე გაუტყდა ძილი. უკვე შიშობს, რომ შეიძლება გაიღვიძოს და აღმოაჩინოს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ მას და მის აქტივებს სანქციები დააკისრა“.