ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით რუსი მობილიზებული სამხედროები ცუდად არიან აღჭურვილი

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა იტყობინება, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ათასობით რუსი ახალწვეული გაგზავნეს ფრონტის ხაზზე.
“ოქტომბრის შუა რიცხვებიდან რუსეთმა გაგზავნა რამდენიმე ათასი ახლად მობილიზებული რეზერვისტი უკრაინის ფრონტზე. ხშირ შემთხვევაში, ისინი ცუდად არიან აღჭურვილი. სექტემბერში რუსი ოფიცრები შეშფოთებული იყვნენ, რომ ზოგიერთი ახლად მობილიზებული რეზერვისტი უკრაინაში იარაღის გარეშე ჩადიოდა,” – ნათქვამია განცხადებაში.
ხშირ შემთხვევაში ისინი არასაკმარისად არიან აღჭურვილნი, თუმცა ჯერ კიდევ სექტემბერში ახალწვეულები უკრაინაში საერთოდ უიარაღოდ ჩადიოდნენ.
როგორც ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა იტყობინება თავის ყოველდღიურ ანგარიშში, ღია წყაროებში გამოქვეყნებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ახალწვეულები ძირითადად შეიარაღებული არიან „კალაშნიკოვის“ ტიპის ძველი ავტომატებით. ანგარიშის თანახმად, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ავტომატები საბჭოთა არმიის მიერ 1959 წელს იქნა მიღებული შეიარაღებაში, ბევრი მათგანი გამოუსადეგარია ხმარებისთვის და კიდევ უფრო გაართულებს რუსეთის ლოჯოსტიკურ პრობლემებს.
გარდა ამისა, კონტრაქტით მებრძოლთაგან განსხვავებით, რომლებიც უფრო ახალი მოდელის ავტომატებს გამოიყენებენ, ძველ „კალაშნიკოვებს“ სხვა კალიბრის ვაზნები აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ ფრონტისთვის ვაზნების მიწოდების ორი ჯაჭვი უნდა უზრუნველყოს, რაც კიდევ უფრო ართულებს ლოგისტიკას, ასკვნიან ბრიტანელი ანალიტიკოსები.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება “რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად” მოიხსენია.
მიუხედავად ძველი და არამდგრადი შეიარაღებისა ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებისა და ახლის დაპყრობის მცდელობებით ხანგრძლივი ომისთვის უფრო ემზადება, ვიდრე რაიმე მკვეთრი ესკალაციისთვის, როგორიცაა მაგალითად ბირთვული იარაღის გამოყენება ან ზავი.
ამერიკელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია სწორედ ამაზე მიუთითებს. ექსპერტები წერენ, რომ მან მობილიზაციისთვის ძალიან მაღალი შიდაპოლიტიკური ფასი გადაიხადა რუსეთის მოქალაქეების ქვეყნიდან გაქცევის, უპრეცედენტო პროტესტისა და რუსეთის სამხედრო და რუსეთის ხელისუფლების ქმედებების თანაბრად უპრეცედენტო კრიტიკის სახით.
ანალიტიკოსების თქმით, ამ ფასს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ პუტინი უკრაინაში ომის გაგრძელებას აპირებს და აღიარებს, რომ პოზიციების დასაკავებლად გაძლიერებაა საჭირო. ხოლო იმ შემთხვევაში თუ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს, ამ მობილიზაციას ნაკლებად აქვს აზრი.
გარდა ამისა, ISW-ის ყოველდღიურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ პუტინს იმედი აქვს, რომ ცივი ზამთარი და საწვავის დეფიციტი აიძულებს ევროპის ზოგიერთ ქვეყანას შეწყვიტონ უკრაინის დახმარება და გახდნენ უფრო დამთმობი რუსეთთან ურთიერთობაში.