ელექტროენერგიის სახელმწიფო წყაროდან ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური გამორთეს

ოკუპანტების ქმედებების შედეგად, ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მთლიანად გაითიშა ელექტროქსელიდან რომელსაც მარტის დასაწყისიდან რუსეთის ძალები აკონტროლებდნენ.- ინფორმაციას ენერგოატომი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ხანძრის გამო ელექტროსადგურთან კავშირი ორჯერ გაწყდა ბოლო, მეოთხე ხაზის საშუალებით.
სახელმწიფო ენერგოოპერატორმა, Enerhoatom-მა, 25 აგვისტოს ტელეგრამით დაწერა, რომ ევროპის ამ უდიდეს ბირთვულ სადგურზე ელექტროენერგიიდან გამორთეს უკანასკნელი ორი რეაქტორი, მას მერე, რაც ახლოს გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა სადგურის ელექტროენერგიის წყაროსთან დამაკავშირებელი ხაზები.
“ამის შედეგად ქსელიდან გამორთულ იქნა ენერგიის ორი მოქმედი ობიექტი. ამდენად, [რუსების] ნაბიჯებმა გამოიწვია სადგურის სრული გამორთვა ელექტროენერგიის წყაროდან, რაც პირველი ამგვარი შემთხვევაა სადგურის ისტორიაში”, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ მიმდინარეობს ძალისხმევა სადგურის ქსელთან კვლავ დასაკავშირებლად.
ზაპოროჟიეს სადგურს 4 მარტის შემდეგ რუსეთის ძალები აკონტროლებენ. უკრაინელ ინჟინრებს სადგურზე მუშაობის გაგრძელების საშუალება რუსეთის ზედამხედველობით ჰქონდათ. ბოლო კვირებში ამ არეალში შეტაკებები იყო რუსეთის და უკრაინის ძალებს შორის, რასაც მოჰყვა შიშები ატომური კატასტროფის შესახებ.
უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ სადგურისთვის ცეცხლის გახსნაში.
გაერო გამოვიდა წინადადებით, მდგომარეობა ადგილზე შეისწავლონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მკვლევრებმა, თუმცა მოსკოვი აცხადებს, რომ ისინი სადგურთან რუსეთის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან უნდა ჩავიდნენ.
როგორც IAEA-ის ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ 25 აგვისტოს, უფრო ადრე თქვა, კიევი და მოსკოვი თანხმდებიან, რომ გაეროს თანამშრომლები ადგილზე უნდა ჩავიდნენ და შეისწავლონ ბირთვულ სადგურზე არსებული ვითარება.
რუსი ოკუპანტების მიერ, დღევანდელი დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქი ენერგოდარი მთლიანად ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა. ენერგოდარის მერის, დმიტრო ორლოვის ინფორმაციით, ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.
ცნობისთვის დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ 21 აგვისტოს გადაღებული ფოტოები აჩვენებს, რომ რუსეთს გაძლიერებული სამხედრო მზადყოფნა აქვს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ მეხუთე რეაქტორიდან ჯავშანტრანსპორტიორები 60 მეტრშია განლაგებული.
“რუსული ჯარები, სავარაუდოდ, ცდილობდნენ მანქანების დამალვას ზედ მილებისა და განლაგების ქვეშ მათი გაჩერებით”, – წერს დაზვერვა.
ბრიტანეთი ვარაუდობს, რომ რუსეთი მზადაა გამოიყენოს უკრაინის ნებისმიერი სამხედრო აქტივობა ზაპოროჟიესთან ახლოს პროპაგანდისტული მიზნებისთვის.
დაზვერვა ამბობს, რომ სანამ სადგური რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ძირითად რისკებს შორის, სავარაუდოდ, რჩება რეაქტორების გაგრილების სისტემების შეფერხება, მისი სარეზერვო ელექტრომომარაგების დაზიანება, ზეწოლის ქვეშ მომუშავე მუშების შეცდომები.