მსოფლიოსაქართველოსიახლეები

ბრიტანეთის საელჩო ქართულ პოლიციას მადლობას უხდის

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ქართულ პოლიციას გახმაურებული მკვლელობისთვის ძებნილი ბრიტანელის, ჯეკ შეპარდის დაკავებისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ საელჩომ განცხადება გაავრცელა.

“დიდ მადლობას ვუხდით ქართულ პოლიციას მათი ძალისხმევისთვის და თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობას”, – წერია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბრიტანულ პოლიციასთან ერთად, ძებნილის ადგილმდებარეობის დადგენაზე მუშაობდა. ჯეკ შეპარდი მდინარე ტემზაზე, ჩქაროსნულ ნავზე მეგობარი გოგოს მკვლელობაშია ბრალდებული.

31 წლის შეპარდს 2018 წლის ივლისში 24 წლის შარლოტა ბრაუნის მკვლელობისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მსჯავრდებული სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, რადგან 2018 წლის მარტში დიდი ბრიტანეთი დატოვა. როგორც მტკიცებულებები აჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, ჯეკ შეპარდი საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ცენტრალურ უბანში ცხოვრობდა.

23 იანვარს ის, თავისი ნებით, თბილისში პოლიციას ჩაჰბარდა.

ჯეკ შეფერდი თავს უდანაშაულოდ ცნობს. მედიასთან მან განაცხადა, რომ როცა უბედური შემთხვევა მოხდა და ნავი ამოტრიალდა, საჭესთან თავად არ მჯდარა და ამის მოწმეც ჰყავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button