უკრაინაში ომი კვლავ აქტიურ ფაზაშია-მსოფლიო ლიდერები კი სხვადასხვა სამხედრო ტექნიკით დახმარებას უწევენ

ბალისტიკური იარაღით თავდასხმის საფრთხის გამო, ღამით, საჰაერო განგაში უკრაინის რამდენიმე ოლქში ჩაირთო. დაიბომბა ხარკოვი, სადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა, შესაძლოა, თავდასხმების რაოდენობა გაზარდოს და უკრაინამ ყურადღება “ტერორისტებისგან დაცვასა და მათზე რეაგირებაზე უნდა გაამახვილოს”.
უკრაინის დაზვერვის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ მცირე სამი რუსი სამხედრო მოსამსახურე. ამ თავდასხმას ადგილობრივმა იატაკქვეშა ჯგუფებმა “შურისძიების აქტი” უწოდეს. აფეთქება მოხდა შაბათს, რუსი ოფიცრების შეხვედრის დროს ქალაქში, რომელიც რუსული ძალების ცენტრს წარმოადგენს ქვეყნის სამხრეთში, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს სარდლობის განცხადებაში.
შურისძიების ეს აქტი, რომელიც განხორციელდა ადგილობრივი წინააღმდეგობის ძალების წარმომადგენლების მიერ, მოხდა რუსების მიერ დაკავებულ ოფისში, წერია განცხადებაში. ინციდენტის შესახებ რუსი ოფიციალური პირების მხრიდან განცხადება არ გაკეთებულა.
Reuters-მა ვერ შეძლო უკრაინის განცხადების გადამოწმება.
დაზვერვის თანახმად, 11 ნოემბერს ადგილობრივ სამხედრო შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის ეროვნული გვარდიისა და “ეფესბეს” სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები.
“აფეთქების შედეგად ეროვნული გვარდიის სულ მცირე სამი ოფიცერი დაიღუპა შტაბ-ბინაში, – ნათქვამია განცხადებაში, – მტრის სხვა დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება”. განცხადების თანახმად, არეალში პოლიცია მივიდა და მოგვიანებით შენიშნეს, როგორ მიჰქონდათ დამწვარი მანქანა ბუქსირით.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში 2022 წლის თებერვალში დაიწყო. უკრაინამ კონტრშეტევა სამხრეთში და აღმოსავლეთში მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში წამოიწყო, მაგრამ ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა.
უკრაინის სამხედროები სულ უფრო აქტიურობენ რუსეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე, სადაც აწყობენ თავდასხმებს, რომელთაც ყოველთვის არ აღიარებენ. უკრაინულმა ძალებმა სექტემბერში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში. უკრაინული მედიის ცნობით, გასულ კვირას ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ სკადოვსკზე თავდასხმის სამიზნეც რუსი ოფიცრები იყვნენ.
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ერთ-ერთ საავადმყოფოზე იერიში მიიტანეს – განადგურებულია სასწრაფო დახმარების ავტომობილი. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ავრცელებს.
“რუსულმა არმიამ ცეცხლი გაუხსნა ხერსონის ცენტრალურ ნაწილს. თავდასხმის შედეგად დაშავდა 10 ადამიანი. მიღებული ჭრილობებისგან დაიღუპა 2 ადამიანი. 2 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. საავადმყოფოზე თავდასხმისას დაშავდა 2 მედდა და პაციენტი”, – ამბობს ალექსანდრ პროკუდინი.
ამასთან რუსულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის არმია ხერსონის ოლქში ძალების გადაჯგუფებას ახდენს, შემდეგ კი ეს ინფორმაცია გააუქმა.
„სიტუაციის შეფასების შემდეგ დაჯგუფება „დნეპრის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გადაისროლოს სამხედრო ძალების უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე, დნეპრის აღმოსავლეთით“, – ნათქვამი იყო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციაში, რომელსაც ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებდა.
როგორც რუსული სახელმწიფო მედია წერდა, გადაჯგუფების შემდეგ დაჯგუფება „დნეპრი“ გამოათავისუფლებს ძალების ნაწილს, რომლებიც ჩაერთვებიან სხვა მიმართულებებით მიმდინარე შეტევებში.
მოგვიანებით, „რია ნოვოსტიმ“ აღნიშნული ინფორმაცია გააუქმა.
ცნობისთვის, ერთი წლის წინ რუსული არმია იძულებული გახდა, უკან დაეხია ხერსონიდან და თავდაცვითი პოზიციების მოწყობა დნეპრის მარცხენა (აღმოსავლეთ) ნაპირზე დაეწყო.
ბოლო დღეებში მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ უკრაინელი სამხედროები ცდილობენ, გამაგრდნენ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ახალ პოზიციებზე. როგორც „ბიბისი“ იუწყება, უკრაინელმა სამხედროებმა დაიკავეს დასახლება კრინკი და იქ მძიმე ტექნიკაც გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია „ბიბისის“ რუსეთის არმიაშიც დაუდასტურეს.
როგორც „ბიბისის“ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უთხრეს, უკრაინელ სამხედროებს ამ წერტილიდან სურთ უფრო მასშტაბური შეტევის დაწყება, რუსული ძალების გაყოფა და მათი მომარაგების ხაზის გაწყვეტა.
უკრაინის აღმოსავლეთში, ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში, ბრძოლა გამწვავდა, უკრაინის ძალებს 70-მდე შეტაკება ჰქონდათ კუპიანსკის, ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებებით – იუწყება უკრაინის გენერალური შტაბი 13 ნოემბრის დილით.
რუსეთის ძალები რამდენიმე კვირაა ცდილობენ ალყაში მოაქციონ ინდუსტრიული ქალაქი ავდეევკა, თუმცა ისინი უკრაინის მძლავრ წინააღმდეგობას აწყდებიან.
აშშ-ში განთავსებული “ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” იუწყება, რომ ბოლო დღეებში უკრაინის ძალებმა “მცირე წარმატებას” მიაღწიეს ოპერაციებში მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, სამხრეთის ხერსონის რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპირებულ არეალებში.
ნორვეგია უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 84 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“ოსლო უკრაინელების ჰუმანიტარული დახმარებისთვის დაახლოებით 84 მილიონ ევროს გამოყოფს. თანხა ასევე მოხმარდება განათლებას, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას, ასევე, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ომის დაწყებიდან დღემდე, ნორვეგიამ უკრაინელი ლტოლვილების ჰუმანიტარული დახმარებისთვის 4,5 მილიარდ კრონზე მეტი გამოყო.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, სამხედრო დახმარების გაორმაგება “ძლიერი სიგნალია უკრაინისთვის, რომ მარტო არ დარჩება”.
“სამხედრო დახმარების გაორმაგება მნიშვნელოვანი სიგნალია, განსაკუთრებით ახლა, როცა უკრაინამ ბრძოლა უნდა განაგრძოს.
ამავდროულად, საზოგადოების ყურადღების ნაწილი მთელ მსოფლიოში ისრაელზეა მიმართული”, – ამბობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი.
გუშინ, გამოცემა Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაორმაგებას აპირებს. კერძოდ, მომდევნო წელს გერმანია უკრაინას $8.5 მილიარდის სამხედრო დახმარებას გაუწევს.
Reuters-ის წყაროს თანახმად, გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაორმაგებას აპირებს. კერძოდ, მომდევნო წელს გერმანია უკრაინას $8.5 მილიარდის სამხედრო დახმარებას გაუწევს.
გერმანიის პარლამენტი, სადაც უმრავლეობას კანცლერ ოლაფ შოლცის კოალიცია წარმოადგენს, წინადადებას, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს, შესაბამისად, შემდეგ წელს გერმანიის თავდაცვის ხარჯი მშპ-ის 2.1% იქნება, რაც NATO-ს მოთხოვნაზე მეტია – ალიანსი განსაზღვარს, რომ ხარჯი 2% უნდა იყოს.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი აცხადებს, რომ ბუნდესტაგის კომიტეტში საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და მან დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ თუ “ეს არის ძლიერი სიგნალი უკრაინისთვის, რომ მარტო არ დატოვებენ”. მისივე განცხადებით, ნაბიჯი, შეთანხმების შემთხვევაში, ნიშნავს, რომ წლიური ბიუჯეტის გამოყოფა საკმარისი იქნება მთელი წლის განმავლობაში.
ომის დაწყებიდან დღემდე, გერმანიამ უკრაინას 17 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.