ბრიუსელში ალიანსის ლიდერების საგანგებო სხდომა მიმდინარეობს

ბრიუსელში, NATO-ს შტაბ ბინაში, ალიანსის ლიდერების საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სამიტს ესწრება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც.
შეხვედრას ვირტუალურად ჩაერთო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ზელენსკის გამოსვლის მთავარი გზავნილები:
“დიახ, ეს სიმართლეა, ჩვენ არ ვართ ალიანსში, მსოფლიოში ყველაზე ძლიერ თავდაცვით გაერთიანებაში. ისეთი გრძნობაა, რომ ნაცრისფერ ზონაში ვართ. დასავლეთსა და რუსეთს შორის. მაგრამ ვიცავთ ყველა ჩვენს საერთო ღირებულებას”.
“ჯერ კიდევ 24 თებერვალს მოგმართეთ სავსებით გასაგები, ლოგიკური თხოვნით, ჩვენი ცის დაკეტვის დახმარებისთვის. ნებისმიერ ფორმატში. დაცული იყოს ჩვენი ხალხი რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან. მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ. უკრაინას არ აქვს ძლიერი ანტისარაკეტო იარაღი. იმაზე ნაკლები ავიაცია აქვს, ვიდრე რუსეთს. ამიტომაც მათი უპირატესობა ცაში – მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაა”.
“დარწმუნებული ვარ, გესმით, რომ რუსეთი არ ფიქრობს უკრაინაზე გაჩერებას. არ ფიქრობს და არ აპირებს. მას სურს უფრო შორს წასვლა. NATO-ს აღმოსავლელი წევრების წინააღმდეგ. ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის წინააღმდეგ – ეს უეჭველია. შეწყვეტს თუ არა მაშინ NATO ამაზე ფიქრს, როგორი რეაქცია ექნება NATO-ს? ვინ შეიძლება იყოს ამაში დარწმუნებული?”.
“შეგიძლიათ მოგვცეთ თქვენი თვითმფრინავების ერთი პროცენტი. ყველა თქვენი ტანკის ერთი პროცენტი. ერთი პროცენტი! ამის ყიდვა უბრალოდ არ შეგვიძლია – მსგავსი მიწოდებები პირდაპირ არის დაკავშირებული NATO-ს [პოლიტიკურ] გადაწყვეტილებაზე”.
“გთხოვთ, მეტჯერ არასდროს, არასდროს არ გვითხრათ, რომ ჩვენი არმია ვერ პასუხობს NATO-ს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეუძლია ჩვენს სტანდარტებს და რამდენის გაცემა შეგვიძლია ევროპასა და მსოფლიოში საერთო უსაფრთხოებისთვის”.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს ჩერთო და მსოფლიო ლიდერებს მიმართა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უმაღლესი სტანდარტი აჩვენეს:
გთხოვთ, არასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეგვიძლია და რამდენი შეგვიძლია მივცეთ საერთო უსაფრთხოებისთვის ევროპასა და მსოფლიოში” – მიმართა ზელენსკიმ ნატოს სამიტის მონაწილეებს.
ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაგეგმილ შეხვედრებზე რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება, რეგიონში NATO-ს სამხედრო პოზიციები და უკრაინისთვის სამხედრო დახმარება განიხილება.
აღსანიშნავია, რომ დასავლელმა ლიდერებმა ამ დრომდე არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინაში ცის დაკეტვა არ განიხილება, რადგან ამან შესაძლოა უფრო მასშტაბური ომი გამოიწვიოს.
დამატებითი სანქციები: ამერიკის პრეზიდენტი დამატებით ასობით რუსი დეპუტატისთვისა და რუსული ელიტის წარმომადგენლისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს. აშშ-ის ინფორმაციით, სიას რუსი ოლიგარქებიც დაემატებიან. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, ბაიდენი დამატებით სანქციებს სწორედ ამ შეხვედრაზე გამოაცხადებს.
CNN-ის ინფორმაციით, სამიტზე ასევე, სავარაუდოდ, განიხილება SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან დამატებითი რუსული ბანკების გათიშვაც.
NATO-ს სამხედრო ძალები: მანამდე იენს სტოლტენბერგმაც განაცხადა, რომ ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სამხედრო პოზიციების გამყარებას გეგმავს. პირველ ეტაპზე კი NATO-ს საბრძოლო დანაყოფების 4 ქვეყანაში: ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში გაგზავნა იგეგმება. ეს ინფორმაცია დღეს NATO-ში აშშ-ის ელჩმა, ჯული სმიტმაც დაადასტურა.
CNN ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბრიუსელში გამგზავრებამდე პენტაგონმა თეთრ სახლთან განიხილა აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ამერიკული ჯარების გაგზავნის შესაძლებლობაც. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში სიტუაციის დაძაბვის ფონზე ამერიკამ დამატებითი ჯარები პოლონეთსა და რუმინეთში გაგზავნა.
ასევე განიხილება NATO-ს ძალების გახანგრძლივებული პოზიციები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. თუმცა ამის შესახებ დამატებითი დეტალები სამიტის შემდეგ გახდება ცნობილი.
სამხედრო დახმარება უკრაინას: ბრიუსელში ჩასვლამდე აშშ-ის პრეზიდენტი საუბრობდა უკრაინისთვის დამატებით სამხედრო დახმარებაზე. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა კი განაცხადა, რომ ლიდერებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საუბრის თემა უკრაინის თავდაცვის კუთხით მხარდაჭერა იქნება.
ბრიუსელში, NATO-ს შტაბ ბინაში, ალიანსის ლიდერების საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. სამიტს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც ესწრება.