ბრიუსელში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები შეხვდებიან

სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 31 აგვისტოს ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით გამართავენ მოლაპარაკებებს, აცხადებს სომხეთის მთავრობა 25 აგვისტოს.
როგორც სომხეთის მთავრობაში განაცხადეს, „ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრის დღის წესრიგში დგას ის საკითხები, რომლებიც მანამდე განიხილებოდა“.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით გაიმართება.
შეხვედრის ფონია 1-3 აგვისტოს შეტაკებების განახლება მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო, რასაც სულ მცირე ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი და ორი ეთნიკური სომეხი სამხედრო ემსხვერპლნენ. მხარეები ძალადობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ბოლო შეხვედრა ორ მხარეს შორის 21 მაისს გაიმართა ბრიუსელში, მიშელის ინიციატივით.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის წლებია არსებობს კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გარშემო.
ძირითადად ეთნიკური სომხებით დასახლებულმა რეგიონმა, რომელსაც საბჭოთა აზერბაიჯანში ავტონომიური ოლქის სტატუსი ჰქონდა, საბჭოთა კავშირის დაშლისას ბაქოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რამაც ბიძგი მისცა 1992-94 წლების ომს, რომელსაც 30 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ასი ათასობით პირი ლტოლვილად იქცა.
ომი დასრულდა რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით ცეცხლის შეწყვეტაზე, რის შემდეგაც მთიან ყარაბაღს და მის მიმდებარე რამდენიმე რეგიონს ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ.
საერთაშორისო შუამავლობით და აშშ-ის, რუსეთის და საფრანგეთის ხელმძღვანელობით მოქმედი მინსკის ჯგუფის ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა, 2020 წლის სექტემბერში კი რეგიონში კიდევ ერთი სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
კონფლიქტს, რომელიც 44 დღე გაგრძელდა, ემსხვერპლა 6500-ზე მეტი ადამიანი. ომი დასრულდა მოსკოვის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, – აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი მთიანი ყარაბაღის მიმდებარე ყველა რეგიონზე და ტერიტორიის დიდ ნაწილზე საკუთრივ მთიან ყარაბაღში. ზავის შესანარჩუნებლად რეგიონში 2000-მდე რუსი სამხედრო განათავსეს.