ბრიუსელში დღეს ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა გაიმართება
ბრიუსელში დღეს ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზედაც მხარეები უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრებენ.
შეხვედრას, რომელსაც ალიანსის 30-ი წარმომადგენელი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი დაესწრებიან, ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გაუძღვება.
რუსეთი ნატოს მოკავშირეებს ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოთხოვნებს წარუდგენს. ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები კი გეგმავენ შეშფოთების გამოთქმას რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედროების მობილიზების, სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერ თავდასხმებისა და არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით.
ნატოს დიპლომატები აცხადებენ, რომ ალიანსი მზად არის აწარმოოს მოლაპარაკება მოსკოვთან სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით ღიაობის გაზრდის მიზნით, ასევე ევროპაში რაკეტებთან დაკავშირებული შეიარაღების კონტროლის საკითხებზე, მაგრამ ასევე ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის ბევრი მოთხოვნა, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნებულ ხელშეკრულებების
პროექტებში იყო ასახული, მიუღებელია, მათ შორის მოწოდებები, რომ ალიანსი უარს იტყვის გაფართოვებაზე.
ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯულიან სმითმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნატო-ს კარი ღია
რჩება და არავის აქვს ამ კარის დახურვის უფლება. მისი თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება ალიანსის გაფართოების შესახებ მოცემულ ქვეყანასა და ნატო-ს შორის იქნება მიღებული.