მნიშვნელოვანისიახლეები

ბუდაპეშტში ირაკლი კობახიძე შეხვდა ყველას, ვისთანაც ირაკლი კობახიძეს სურდა შეხვედრა

[ბუდაპეშტში] ირაკლი კობახიძე შეხვდა ყველას, ვისთანაც ირაკლი კობახიძეს სურდა შეხვედრა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
კერძოდ, მან უპასუხა კითხვას, ის, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები არ ეკონტაქტებიან, მიანიშნებს თუ არა რამეზე.
პაპუაშვილის თქმით, კობახიძე ზუსტად იმ ხალხს შეხვდა, ვისთანაც
უნდოდა შეხვედრა.
„ირაკლი კობახიძე შეხვდა ყველას, ვისთანაც ირაკლი კობახიძეს სურდა შეხვედრა. ვისაც შეხვდა, მასთან უნდოდა შეხვედრა“, – განაცხადა პაპუაშვილმა

ირაკლი კობახიძის უნგრეთში ვიზიტი და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა ურთიერთობების გადატვირთვის დასაწყისის მაჩვენებელია – დასაწყისი უკვე ხილულია და ჩვენ ამას ვხედავთ! – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.
მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება და პარტნიორული ურთიერთობები, რაც თუნდაც ორი-სამი წლის წინ იყო, კვლავ გააქტიურდება.
„ვამბობდით, რომ ევროკავშირი საჭიროა საქართველოსთვის, ისევე როგორც საქართველო ევროკავშირისთვის!
გადატვირთვის რეჟიმი ზუსტად იმას გულისხმობს, რომ მიდგომები შეიცვლება – პატივისცემა იქნება ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აირჩია.
დარწმუნებული ვარ, გადატვირთვის თვალსაზრისით პროცესები იმაზე უფრო მალე განვითარდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია – მათ შორის, ევროკავშირთან ურთიერთობის მიმართულებით.
ვასალური დამოკიდებულებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები არ იქნება. რა თქმა უნდა, პარტნიორული ურთიერთობებისთვის მზად ყოველთვის ვიყავით და ახლაც მზად ვიქნებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

[ბუდაპეშტში ვიზიტი] მთლიანობაში იყო ძალიან პროდუქტიული – გვქონდა მნიშვნელოვანი საუბრები ლიდერებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სხვადასხვა ლიდერთან შეხვედრისას, მან ისაუბრა საქართველოზე და ქვეყნის განვითარებაზე.
„რაც შეეხება [ვიზიტის დროს გამართულ] შეხვედრებს, ჩვენ ევროკავშირის ერთ-ერთ წევრი ქვეყნის ლიდერთან შეხვედრა გვქონდა, კერძოდ რობერტ ფიცოსთან. ეს ძალიან კარგი, მეგობრული შეხვედრა იყო. ჩვენ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. რობერტ ფიცომ სლოვაკეთში მიმიწვია, ამისთვის მას კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. შეხვედრა მქონდა ასევე, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა მასთან. აგრეთვე, შევხვდი სერბეთის პრემიერ-მინისტრს.
გარდა ამისა, საშუალება მქონდა შესვენების დროს გავსაუბრებოდი 10-ზე მეტ ლიდერს. ესენი იყვნენ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ასევე არაწევრი, მაგრამ კანდიდატი ქვეყნების ლიდერები.
[ბუდაპეშტში ვიზიტი] მთლიანობაში იყო ძალიან პროდუქტიული. მნიშვნელოვანი საუბრები გვქონდა ლიდერებთან. საუბარი მქონდა იმ თემებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას. [ჩვენ] ეს ფორმატი ამისათვის მაქსიმალურად გამოვიყენეთ“, – განაცხადა კობახიძემ.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა

7 ნოემბერს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე შეხვედრას დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ კობახიძე რამდენიმე ევროპელ ლიდერს შეხვდა და მათ ხელი ჩამოართვა, თუმცა მათ შორის ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები არ არიან.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ფოტოებში კობახიძე ძირითადად დაფიქსირებულია მემარჯვენე პოპულისტური ან პრორუსულად განწყობილი ქვეყნების ლიდერებთან, მათ შორის არიან თურქეთის, სერბეთის, ალბანეთის, სლოვაკეთისა და მასპინძელი უნგრეთის წარმომადგენლები. მთავრობის ადმინისტრაციამ ასევე გაავრცელა კობახიძის საერთო ფოტო სომხეთის პრემიერთან, რომელმაც ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

შეხვედრაზე დასწრების გარდა, კობახიძემ პანელურ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა. მას ასევე ჰქონდა შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, რომელთანაც ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button