ბულგარეთის პრეზიდენტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გააკრიტიკა
ბელგრადში,აქტივისტები უკრაინიდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებელი გაყვანას ითხოვენ

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა მისი ქვეყნის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გააკრიტიკა და პოლიტიკოსებს, რომლებმაც აღნიშნულს მხარი დაუჭირეს, „ომის წამქეზებლები“ უწოდა.
”სამწუხაროდ, ომის წამქეზებლებმა პარლამენტში დიდი რაოდენობით გადაწყვიტეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება”, – აღნიშნა რადევმა.
ბულგარეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის დახმარების პაკეტში არ შედის თვითმფრინავები, საჰაერო თავდაცვის სისტემები ან ტანკები, რადგან ეს ბულგარეთის შეიარაღებული ძალების ძლიერებას შეასუსტებდა.
ცნობისთვის, ამ თვეში, ქვეყნის პრეზიდენტის სურვილის საწინააღმდეგოდ, ბულგარელმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს უკრაინაში სამხედრო დახმარების გაგზავნას.
ამასთან 24 დეკემბერს სერბეთის დედაქალაქში, ბელგრადში, ასობით ადამიანმა მოიყარა თავი უკრაინიდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებელი გაყვანის მოთხოვნით.
დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ბანერები, რომლებითაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოუწოდებდნენ თავი “შორს დაიჭიროს უკრაინისგან”, და ისეთი ლოზუნგები, როგორებიცაა “თავისუფლება უკრაინას”, “შეწყვიტეთ ომის სიგიჟე”, “სიკვდილისა და შიშის 304 დღე”.
სერბეთი, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვის, ბალკანეთის რეგიონში მოსკოვის უახლოეს მოკავშირედ რჩება. ბელგრადმა დაგმო რუსეთის მხრიდან უკრაინაში პროვოცირების გარეშე შეჭრა, თუმცა არ უერთდება დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ, უპრეცედენტო სანქციებს, რომლებიც ზღუდავს ვაჭრობას, ენერგიის გადაზიდვებს, პირდაპირ ფრენებს, და სხვა სახის კავშირებს. სერბეთი არის ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა, სადაც კრემლის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მემარჯვენე პარტიების, მართლმადიდებელი ქრისტიანი ჯგუფების და სხვა ძალების მხრიდან ასევე გაიმართა აქციები რუსეთისა და პუტინის მხარდასაჭერად.