ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებას ოცნება ,,არანაირი ფასი მას არ აქვს,, და “თავხედურ ტყუილს” უწოდებს
სამწუხაროა, რომ ბუნდესტაგის წევრები დეზინფორმაციას და ჰიბრიდული ომის წარმოებას ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ბუნდესტაგის ოთხი საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენლის განცხადებაში ფაქტობრივი ტყუილებია და, შესაბამისად, არანაირი ფასი მას არ აქვს.
„ჩვენ ვნახეთ ფაქტობრივი ტყუილები და, შესაბამისად, არანაირი ფასი მას არ აქვს. უბრალოდ სამწუხაროა, რომ ადამიანები, ვინც არიან ბუნდესტაგის წევრები, დეზინფორმაციას და ჰიბრიდული ომის წარმოებას ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მაგალითისთვის, საუბარია, რომ ეუთო/ოდირი თურმე არ ყოფილა გრძელვადიანი საარჩევნო მისიით წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში, მაშინ როდესაც გრძელვადიანი მისიის წევრები მადლობას ეუბნებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ხელისუფლებას, რომ გრძელვადიანი დაკვირვების შესაძლებლობა მიეცათ და ამ მხრივ თავისუფალი გარემო იყო უზრუნველყოფილი. რას ემსახურება ეს დეზინფორმაცია და ტყუილი, რასაკვირველია, ამაზე ჩვენს საზოგადოებას ექნება პასუხი, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ამბავი. მათ არა აქვთ არანაირი ფაქტები, ამიტომ მიმართავენ დეზინფორმაციას. რა თქმა უნდა, ვერც დეზინფორმაციით ვერ შეძლებენ ჩვენი ქვეყნის დაზიანებას“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ბუნდესტაგის ოთხი პოლიტიკური ჯგუფის საგარეო საქმეთა სპიკერების მიერ, საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაშვებული არ იყო ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეს “თავხედური ტყუილია”, ხოლო ბუნდესტაგის დეპუტატები თანამედროვე მსოფლიოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების გზით, მათი “ქართული აგენტურისთვის” მხარდაჭერას ცდილობენ.
“რა იკადრეს ჩვენმა კოლეგა გერმანელმა დეპუტატებმა, იცით? ბუნდესტაგის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის არაღიარებაზე კი არ მოეწერა ხელი, უბრალოდ ეთქვა, რომ ეუთო/ოდირი საერთოდ არ ყოფილა საქართველოში. წარმოიდგინეთ, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე. აბა ერთი ვინმეს კითხვა დაუსვით: ამას თუ გმობენ, თუ გამოასწორებენ ამას… მათ იფიქრეს, რომ გერმანიის დეპუტატს ინფორმაციის გავრცელების უფრო ფართო დიაპაზონი აქვს თანამედროვე სამყაროში, ვიდრე რომელიმე ქართველ დეპუტატს, მაგალითად მდინარაძეს და ა.შ. უბრალოდ ასე, ძალით გვჯობნიან, რომ ინფორმაციის გავრცელების მეტი რესურსი აქვთ.
მთელ დანარჩენ მსოფლიოს ეუბნებიან, რომ ეუთო/ოდირის მისია საერთოდ არ ჩაუშვეს საქართველოშიო. ეუთო/ოდირმა რომ აღიარა [არჩევნების შედეგები], ეს ამით იყო გამოწვეულიო [ხომ უნდა ეთქვათ], არ შეწუხდნენ და უბრალოდ მოიტყუეს. ამას რამდენიმე წლის წინაც არავინ იკადრებდა, თავიანთი ქართველი აგენტურის, ჯაშუშების მხარდასაჭერად, უბრალოდ ადგნენ და თქვეს, რომ ეუთო/ოდირის მისია თურმე საერთოდ არ ჩამოგვიშვია საქართველოში. ასეთი თავხედური და ხელის გადაგრეხის ძალიან ბინძური მეთოდების შემსწრე ვართ, რომლითაც დღეს ებრძვიან საქართველოს”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
საგარეო ჩარევაზე წუწუნთან ერთად, ზოგიერთი გერმანელი მოხარულია, თავად ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დეზინფორმაციაც გაავრცელოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
პაპუაშვილი გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბუნდესტაგის წარმომადგენლების განცხადებას, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, თითქოს არჩევნებზე ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები არ იყვნენ დაშვებული.
“ევროპაში საგარეო ინტერვენციისა და დეზინფორმაციის თაობაზე ცხარე განხილვების პარალელურად, გერმანიის წამყვანი პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი ვერ აცნობიერებს, რომ თავად ერევა სხვის საქმეში და დეზინფორმაციასაც თვითონ ავრცელებს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ მათ მიერ გამოქვეყნებული განცხადება აშკარა ტყუილებს შეიცავს. ჯერ ერთი, ამ განცხადებაში მოყვანილი ფაქტის საპირისპიროდ, ეუთო/ოდირის დელეგაცია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩამოვიდა და ყველანაირი პირობაც შეექმნა საქმიანობისათვის; მეორეც, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს არასოდეს უთქვამს, რომ „გამორიცხავდა ევროკავშირთან წევრობის მოლაპარაკებებს 2028 წლამდე“. მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავად არ წამოწევდა ამ საკითხს და, იმავდროულად, მოუწოდა ევროკავშირს, დროულად გაეხსნა ეს მოლაპარაკებები. „გამორიცხვა“ მხოლოდ და მხოლოდ განცხადების ავტორების ფანტაზიის ნაყოფია. ეს აშკარა ტყუილები, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, როთის მიერ არათუ საქართველოს საქმეებში ჩარევასთან, არამედ რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ მონაწილეობასთან ერთად, შეცდომას გამორიცხავს: საგარეო ჩარევაზე წუწუნთან ერთად, ზოგიერთი გერმანელი მოხარულია, თავად ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დეზინფორმაციაც გაავრცელოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ბუნდესტაგის ოთხი საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენლებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, თითქოს არჩევნებზე ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები არ იყვნენ დაშვებული. ამასთან, ეუთო-ს მიერ 2024 წლის 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ პრესრელიზში კი ნათქვამია, რომ ეუთო-ს მისიაში 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი შედიოდა.