მნიშვნელოვანისიახლეები

არა რუსულ კანონს-პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

პარლამენტში მიმდინარე სხდომა დღესაც აქციის ფონზე მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან შეკრებილები არიან პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმოამდგენლები. ისინი “გამჭვირვალობის” კანონს აპროტესტებენ.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე კანონპროექტის წინააღმდეგ სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცველები ცდლობენ, პარლამენტის შესასვლელი გაათავისუფლონ აქციის მონაწილეებისაგნ, რასაც მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
„ესენი უკვე ხელებს იქნევენ, ხულიგნობაზე არიან გადასულები. ამას არ შევარჩენთ. დღევანდელი ღამე სხვანაირად დამთავრდება, ამის პირობას ვაძლევ ქართულ მოსახლეობას“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ადგილზე იმყოფებიან პარტია „ახალის“ ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია.

პოლიცია ცდილობს, ნიკა გვარამია ტერიტორიიდან გაიყვანოს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ საზოგადოებამ “ქართულ ოცნებას” კანონის მიღების უფლება არ უნდა მისცეს.

“ამ კანონის მიღება დანაშაულია და უნდა ვაიძულოთ “ქართული ოცნება”, რომ ეს კანონი არ მიიღოს. მათ ჩვენი ხმა და პროტესტი უნდა გავაგონოთ აუცილებლად”, – აცხადებს ქადაგიძე.

პოლიტიკოსი გიგი უგულავა კი აღნიშნავს, რომ მისი პირადი გეგმა აქციაზე ყოფნაა.

“ჩემი პირადი გეგმა არის აქციაზე ყოფნა და მეტი არაფერი. აქციაზე ყოფნა, როგორც რიგითი მოქალაქე, რომელიც გაბრაზებული და შეურაცხყოფილია,” – აცხადებს გიგი უგულავა.

პარტიის “ლელო საქართველოსთვის” საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ აქციაზე შეკრების მიზეზი თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლაა.

“აქ შეკრების მიზანი არის თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლა. ეს ბრძოლა არის უკომპრომისო, რომელიც გაგრეძელდება ბოლომდე და დასრულდება არამხოლოდ კანონის გაწვევით, არამედ ამ ხელისუფლების დასრულებით,” – აცხადებს გეგელია.
“ვინც მიიღებს ამ კანონს, აქედან ვერ გამოვა ისე, რომ პასუხი არ გასცეს თავის ხალხს”, – ამის შესახებ პარტია “ახალის” თანადამფუძნებელი, ნიკა გვარამია საუბრობს, რომელიც პარტიის წევრებთან ერთად ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთანაა მისული.

“აქა ვზივარ და სხვაგვარად არ ძალმიძს. აქა ვარ, კი. [ჟურნალისტი: არის თუ არა პასუხი გუშინ სპეცრაზმის მობილიზებაზე]. არის პასუხი მაგაზე და დღესაც ველოდებით, რომ სპეცრაზმი კი არადა, პოლიციელები გამოვლენ, მაგრამ უცებ, უპს, აქ ვიქნებით ჩვენ. ვინც მიიღებს ამ კანონს, აქედან ვერ გამოვა ისე, რომ პასუხი არ გასცეს თავის ხალხს. აი, ეს არის პასუხი.

გადამალული წერილების გარდა, ჩვენ ისედაც ვიცით რას ეუბნებიან ჩვენი დასავლელი მეგობრები ამათ. ეუბნებიან იმას, რომ საქართველო ასე ევროკავშირში ვერ შევა და საქართველო თუ ევროკავშირში ვერ შევა, წერილები არ ვიცი, მაგრამ შალვა პაპუაშვილები, კოლექტიური, გადასამალი გახდებიან, ნამდვილად. ამიტომ ჯობია, რომ მოვრჩეთ ამ სისულელეს და რაღაცა სამარცხვინო თამაშებს და წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა წინ, ევროკავშირისკენ. ეს არის ამ ქვეყნის ისტორიული არჩევანი. წერტილია აქ, ნახეთ – არ გადაიხედება ეგ ამბავი და ვერც გადაიხედება. რამდენიც არ უნდა ეცადოს, რა წერილებიც არ უნდა დამალონ, რაც არ უნდა გააკეთონ, ეს ასეა და სხვანაირად ვერ იქნება. ვინც ამას წინ აღუდგება, ის წავა. ქართველი ხალხი კი არ შეცვლის არჩევანს, ან ევროპული გზა კი არ შეიცვლება, ვინც ამას წინ აღუდგება, ის წავა, – ამბობს ნიკა გვარამია.

“ახალის” წევრების ჭიჭინაძის ქუჩაზე მობილიზებას ადგილზე უკვე მოჰყვა შსს-ს მაღალჩინოსნების რეაგირება. მათ თქვეს, რომ არ უნდა მოხდეს შესასვლელების “ბლოკირება”.

მსგავსი პოსტები

Back to top button