მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა “აფხაზური პასპორტების” აღიარებას ითხოვს

„აფხაზური პასპორტების“ "აღიარება" არ ნიშნავს "აფხაზეთის ავტომატურ აღიარებას"-ტუჟბა

ჟენევის დისკუსიების მორიგ 57- ე რაუნდზე რომელიც 4-5 აპრილს გაიმართა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ წამოჭრა „აფხაზეთის ეროვნული პასპორტების“ სამგზავრო დოკუმენტად აღიარების აუცილებლობის საკითხი. ამის შესახებ გამოცემა Нужной газете-სთან ინტერვიუში „საგარეო საქმეთა მინისტრის“ მოადგილემ, ირაკლი ტუჟბამ განაცხადა.

„ჩვენ საერთაშორისო პრაქტიკას ვეყრდნობით – არსებობს პრეცედენტები მსოფლიოში – ეს, რა თქმა უნდა, არის კოსოვო, ტაივანი, ჩრდილოეთ კვიპროსი. თუ ვსაუბრობთ კოსოვოზე, მაშინ ევროკავშირში არის ქვეყნები (ესპანეთი, საბერძნეთი, სლოვენია), რომლებიც არ ცნობენ კოსოვოს დამოუკიდებლობას, მაგრამ მაინც აღიარებენ კოსოვოს პასპორტებს და ამ ქვეყნის პასპორტებზე ვიზებს გასცემენ“, – განაცხადა მან.

ტუჟბა ირწმუნება, რომ „აფხაზური პასპორტების“ “აღიარება” არ ნიშნავს “აფხაზეთის ავტომატურ აღიარებას”.

„ევროკავშირის პოზიცია საკმაოდ მკაცრი და კონსერვატიულია. ამერიკელი კოლეგები, მათგან განსხვავებით, ისე მაინც იქცევიან, თითქოს დაინტერესებულნი იყვნენ, რომ როგორმე აპირებენ ამ საკითხის მოგვარებას. ჯერჯერობით პრაქტიკულ ნაბიჯებს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ გვაიმედებენ, გვარწმუნებენ, რომ შეეცდებიან მოძებნონ რაიმე ფორმები ამ საკითხის მოსაგვარებლად“, – განაცხადა ტუჟბამ.

მისი თქმით, აფხაზეთში საკმაოდ ბევრი ადამიანი (25-30%) ცხოვრობს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ აქვთ ორმაგი მოქალაქეობა, იგულისხმება რუსეთის მოქალაქეობა.

„ესენი ძირითადად არიან ახალგაზრდები, რომლებიც აბსოლუტურად მოკლებული არიან აფხაზეთის ფარგლებს გარეთ მოგზაურობის შესაძლებლობას, რუსეთის გარდა. ჩვენთან საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გვყავს კოლეგები, რომლებსაც არ აქვთ რუსეთის მოქალაქეობა “, – დასძინა ტუჟბამ.

“აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი აფხაზეთის ეროვნული პასპორტების მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დოკუმენტებად გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.ამასთან, განიხილებოდა განათლების წვდომის, სამედიცინო უზრუნველყოფისა და სხვა აქტუალური საკითხები”,- წერს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინსიტრო.

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში წერს, რომ შეხვედრის მონაწილეებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და აღინიშნა, რომ რეგიონში ვითარება სტაბილურობის ნიშნებს ინარჩუნებს და სიმშვიდეა.

“შეხვედრისას აფხაზეთის დელეგაციამ გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოში ბოლოს განვითარებული შიდაპოლიტიკური მოვლენების გამო, რომელმაც საგარეო პოლიტიკური კონტექსტი შეიძინა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების მოწოდებებმა ე.წ მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობის შესახებ შეიძლება, გამოიწვიოს არაპროგნოზირებადი შედეგები და გამოიწვიოს რეგიონში დაძაბულობის ახალი ესკალაცია”,- ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ჟენევაში შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.
გასული წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე “გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტების” არაღიარების თაობაზე.

მანამდე ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, არ აღიაროს რუსეთის მიერ “უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში” გაცემული პასპორტები და სხვა სამგზავრო დოკუმენტები.

საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. ამ ე.წ. სახელმწიფოების დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ.
ე.წ. აფხაზეთის დელეგაციას დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ირაკლი ტუჟბა ხელმძღვანელობდა.

ჟენევის დისკუსიების შემდეგი შეხვედრა ივლისშია დაგეგმილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button