მნიშვნელოვანისიახლეები

„ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი“-ოპოზიცია

ოცნების განცხადებით 48-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნებს მოიგებენ

ჩვენს ხალხს აქვს იმის ლეგიტიმაცია, რომ ჩაატაროს ლეგიტიმური არჩევნები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, არსებული ხელისუფლება და ადმინისტრაცია არჩევნებს ვერ ჩაატარებს და ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი.

„მესამე შეხვედრაა და კარგია, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამ იდეის გარშემო, რომელსაც ჰქვია საქართველო ივანიშვილის გარეშე. ასევე, საინფორმაციო კამპანია როგორი უნდა იყოს, როგორ საქართველოში უნდა გაიღვიძოს ხალხმა ივანიშვილის გარეშე და მნიშვნელოვანი საკითხია, თქვენც გესმით ალბათ, რომ თავსლაფდასხმული, შავლაქა, შავსაღებავშესხმული, დასანქცირებული კალანდარიშვილი საქართველოში არჩევნებს ვერ ჩაატარებს. რა არჩევნები უნდა ჩაატაროს კაცმა, რომელიც დასანქცირებულია თავისი ადმინისტრაციით? თავსლაფდასხმული ივანიშვილი დასანქცირებული კობახიძით რანაირ არჩევნებს ჩაატარებს? ამას არ ჰქვია არჩევნები, ისინი არჩევნობანას, პოლიტიკოსობანას თამაშობენ, ამიტომ აქ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ივანიშვილის პირობებში არჩევნები არ იქნება ამ ქვეყანაში, არც დემოკრატია იქნება და არც პოლიტიკა იქნება, ვიდრე ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში. ამიტომ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი. რა ფორმით იქნება, როგორ იქნება, რანაირად იქნება, ვინ მიიღებს მონაწილეობას, როგორ დარეგისტრირდებიან აპლიკაციაში, იქნება თუ არა ეს პირდაპირ საარჩევნო უბნებზე მისვლით, ეს დროის საკითხია, სამსჯელო საკითხია, მსჯელობა გახსნილია და მიმდინარეობს ამ საკითხებზე – საქართველო ივანიშვილის გარეშე, როგორ საქართველოში უნდა გაიღვიძონ საქართველოს მოქალაქეებმა, როგორ საქართველოში სურს საქართველოს მოქალაქეს. მესამე და მნიშვნელოვანი, ე.წ. არჩევნები თავსლაფდასხმულმა, შავად ლაქად გაჟონილმა ივანიშვილმა და კალანდარიშვილმა ვერ უნდა ჩაატარონ. ამ საკითხებზე ამ ეტაპისთვის რაღაც გარკვეული შეთანხმებები არსებობს, თუმცა მსჯელობა გახსნილია და მიმდინარეობს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, აპლიკაციასთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სწრაფ ტემპებში ესეც იქნება. არის ტექნიკური საკითხები, რომლებზეც მსჯელობა მიმდინარეობს და ესეც ისეთი მოგვარებადია. მთავარია, ყველას გვესმოდეს, რომ დედაქალაქში, რეგიონებში, ქალაქებში ჩასასვლელები ვიქნებით ყველა, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ბატონი პაატა ბურჭულაძე ხომ, რომელიც აპირებს საქართველოს შემოვლას და ამ ინფორმაციების პირადად მიტანას ადამიანებთან, რომ თავსლაფდასხმული, შავლაქიანი, დასანქცირებული კალანდარიშვილი არჩევნებს ვერ და არ ჩაატარებს ანუ ჩვენ არ ვაპირებთ, შესაძლებლობა მივცეთ დასანქცირებულ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ. ლეგიტიმურობა თუ ნიშნავს, რომ ზარქუა და ალუდა ღუდუშაური აღიარებთ, ეს მათი საქმეა, ცივილიზებული სამყარო არ აღიარებს არც აქამდე ჩატარებულ არჩევნებს და, ცხადია, ახლა დასანქცირებულმა კაცმა რა არჩევნები უნდა ჩაატაროს, გინდა კობახიძე იქნება, კალანდარიშვილი თუ ივანიშვილი. ე.წ. არჩევნები რომ ვერ უნდა ჩატარდეს ამაზე მიმდინარეობს დისკუსია“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, სამართლებრივად როგორ წარმოუდგენია ეს პროცესი, ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას და ხალხს აქვს იმის ლეგიტიმაცია, რომ ჩაატაროს ლეგიტიმური არჩევნები.

„იცით, რა არის, დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას და თქვენც, ჟურნალისტებს, ხალხსაც, მგონი, ეს კარგად ესმის, ხალხის მმართველობაა დემოკრატია და როცა ხალხი გასულია პროცესიდან და მხოლოდ ბიუროკრატები წყვეტენ, ვინ უნდა იყოს თანამდებობაზე, ეგ აღარ არის დემოკრატია, მით უმეტეს, სამოქალაქო აქტივისტებს ციხეში რომ უშვებენ, პოლიტიკურ ოპონენტებს რომ აპატიმრებენ, მაგას უკვე კადიროვის ჩეჩნეთი ჰქვია. ამიტომ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, ჩვენს ხალხს აქვს იმის ლეგიტიმაცია, რომ ჩაატაროს ლეგიტიმური არჩევნები. არალეგიტიმურ ხელისუფლებას, დასანქცირებულ კალანდარიშვილს, ივანიშვილსა და კობახიძეს ეს ნამდვილად არ შეუძლიათ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნებისთვის იქნება აღნიშნული აპლიკაცია, თვითმმართველობის არჩევნებისთვის თუ ორივესთვის, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნები, რომლის ჩატარებასაც ხელისუფლება აპირებს, ვერ შედგება.

„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არჩევნებს აპირებენ 4 ოქტომბერს. ეს ცრუ არჩევნები ვერ შედგება და ჩამოგითვალეთ მიზეზები, რატომ ვერ შედგება. ეს არჩევნები, რომელსაც ისინი აპირებენ, ვერ შედგება. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა და ეს არის საკითხი, რომლის გარშემოც, მე დარწმუნებული ვარ, გავერთიანდებით. და რატომ, იცით? საქართველო ივანიშვილის გარეშე, ამაზე უკვე შევთანხმდით, ახლა ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ რომ არჩევნები არ ჩაატაროს, ამაზეც უკვე ახლოს ვართ, რომ შევთანხმდებით და ამის შემდეგ უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც იქნება გადადგმული“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ყველაზე ნაყოფიერი შეხვედრა დღეს იყო, გამოიკვეთა ის აზრი, რომ ამ ხელისუფლებას არ შეიძლება შეჰყვე არჩევნებში, რადგან ეს არ არის დემოკრატიული მექანიზმით მომუშავე ხელისუფლება, – ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მისი თქმით, ოპოზიციის შეხვედრებზე საუბარი მიმდინარეობს იმაზე, თუ რა გამოსავალი უნდა იპოვონ ხელისუფლების ოპონენტებმა დიდი სახალხო არჩევნების ჩასატარებლად.

„შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ დღეს ნამდვილად შედგა ერთობა, არა მხოლოდ პარტიების, სამოქალაქო სექტორისაც.

როდესაც ხელისუფლება არჩევნებზე საუბრობს, ბუნებრივია, ადამიანები კითხვას სვამენ, რომ ამ პირობებში როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. ხომ ვხედავთ, რასაც აკეთებენ, არ სჭირდება ამას დიდი ოპოზიციონერობა, რომ მიხვდე, ხელისუფლება დასავლეთთან მკვეთრად დაპირისპირებულია, ამიტომ, ვკითხულობ, რა დემოკრატიულ არჩევნებზეა საუბარი, ასე ბრეჟნევიც ატარებდა არჩევნებს. ამაზე მიდის ზუსტად მსჯელობა. როდესაც ხელისუფლება საუბრობს, რომ ის ემზადება არჩევნებისთვის, ბუნებრივია, რიგით მოქალაქეს უჩნდება კითხვა, რა დემოკრატიაზეა საუბარი, როცა ყოველ წამს ვიღაცას იჭერენ, სასამართლო არ არის თავისუფალი, დასანქცირებული მოსამართლეები გვყავს.

საუბარი არის გამოსავალზე, როგორ მოხდეს ისე, რომ ჩატარდეს მართლა სახალხო არჩევნები და ეს არ იყოს ხელისუფლების არჩევნები. ამაზე მიდის მსჯელობა, ეს არ არის გადაწყვეტილი, ზუსტად ამიტომ არის ეს შეხვედრები, დღეს მესამე შეხვედრაა. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ნაყოფიერი შეხვედრა დღეს იყო, გამოიკვეთა ის აზრი, რომ ამ ხელისუფლებას არ შეიძლება შეჰყვე არჩევნებში იმიტომ, რომ ეს არ არის დემოკრატიული მექანიზმით მომუშავე ხელისუფლება“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

კითხვაზე, აღნიშნული ოპოზიციური ერთობა გაემიჯნა თუ არა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმას, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ლიდერად ვერ გამოიკვეთა.

„თქვენ გახსოვთ 31 მარტი, მე ვფიქრობ, ქალბატონი სალომე ლიდერად ვერ გამოიკვეთა. ჩემგან ეს საწყენი არ იქნება, ეს ჩემი აზრია და არ ნიშნავს მის მიმართ უპატივცემულობას. თუ გახსოვთ, მაშინ ხალხის მოთხოვნა იყო არდაშლა და პაატა ბურჭულაძეს მოუწია მიკროფონთან მისვლა. ეს იყო შეკრება, სადაც პარტიები არაფერს არ მართავენ. ახალგაზრდები ბევრნი იყვნენ და მე ეს მომეწონა ზუსტად, რომ დომინანტი ერთი პარტია არ იყო“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

კითხვაზე, „ოპოზიცია ცალკე აპირებს არჩევნების ჩატარებას?“, ჩარკვიანმა აღნიშნა: „არ არის ასე, კონკრეტულად არ მიგვიღია ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მსჯელობა არის ამაზე. ჩვენ ვთქვით, რომ ამ ხელისუფლებას არჩევნებში არ უნდა შევყვეთ, შემიძლია, ეს აზრი ღიად დაგიფიქსიროთ. რა, როგორ, რა მექანიზმით იქნება, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა“.

ამასთან, თაკო ჩარკვიანის თქმით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე ერთობის თვალსაზრისით კარგი კონტურები გამოიკვეთა.

„სხვათა შორის, არ ველოდი და ძალიან საინტერესო დღე იყო ჩემთვის, საკვირველი რაღაც. ერთობის თვალსაზრისით კარგი კონტურები გამოიკვეთა. მე ყოველთვის მიხარია ერთობა, ძალიან საინტერესო იყო ეს შეკრება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანს ასევე კითხვა დაუსვეს, იყვნენ თუ არა მიწვეული ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე „გახარია საქართველოსთვის“ წევრები, რაზეც ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ პაატა ბურჭულაძემ ყველას დაურეკა.

„პაატამ აბსოლუტურად ყველას დაურეკა, მათი გადასაწყვეტია. მგონი, გახარიამ მკვეთრად თქვა, რომ ის მონაწილეობას იღებს არჩევნებში. ვფიქრობ, ამიტომაც არ მოვიდა, არ ვიცი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებულ ოპოზიციის შეხვედრას ესწრებოდნენ, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, გია ბუღაძე, კობა ხაბაზი, პაატა მანჯგალაძე.

დარწმუნებული ვართ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ამ შედეგისთვის პარტიული რესურსი თავიდან ბოლომდე იქნება მობილიზებული.

„ვემზადებით, 4.5 თვეა დარჩენილი არჩევნებამდე. პირველ რიგში, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ წარვადგინოთ მერობის კანდიდატები 64-ვე მუნიციპალიტეტში, ასევე საკრებულოს წევრობის კანდიდატები. სამზადისი უკვე დაწყებულია, ძალიან მალე გამოიკვეთება სიები ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ჩვენი პარტიული რესურსი თავიდან ბოლომდე იქნება მობილიზებული იმისათვის, რომ მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს და ეს კონკრეტული შედეგი არის ერთადერთი – 64 მერი, 64 საკრებულო. ეს არის ჩვენი უპირობო ამოცანა. დარწმუნებული ვარ, მათ შორის საერთო კონტექსტის გათვალისწინებით, რომ ამ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ გვაქვს ასევე პარტიული რეიტინგები, რომელიც არის გაზრდილი, წარმოიდგინეთ, საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან შედარებითაც კი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ უსამშობლოებს ფუჭი მუქარები აქვთ, არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო, სინამდვილეში ყველა ემზადება, რეგიონებში არიან ჩასულები და ვისაც ფული აქვს შემორჩენილი, კადრებისა და მხარდამჭერების მოძიება ხდება, მაგრამ ფუჭად, ამ უსამშობლოებს სამეგრელოში არანაირი რესურსი არ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობას თუ მიიღებენ, ქართული საზოგადოება გააცამტვერებთ, თუ არ მიიღებენ და იქ დარჩებიან, სადაც არიან.

„ამ ოპოზიციას, უსამშობლოებს ფუჭი მუქარები აქვთ, არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო, სინამდვილეში ყველა ემზადება. რეგიონებში ჩასულები არიან და ვისაც ფული აქვს შემორჩენილი, კადრებისა და მხარდამჭერების მოძიება ხდება, მაგრამ ფუჭად, რადგან ამ უსამშობლოებს სამეგრელოში არანაირი რესურსი არ აქვთ. მცდელობა აქვთ, რადგან როცა პატრონებისგან მესიჯი მოუვათ, არჩევნებზე გადითო, მზად იყვნენ. თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, ქართული საზოგადოება გააცამტვერებთ. თუ არ მიიღებენ და იქ დარჩებიან, სადაც არიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button