ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და აპრილამდე გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი-PACE
ქართული ოცნების დელეგაციისთვის უფლებამოსილების მინიჭებაზე უარის საკითხს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სხდომაზე 29 იანვარს განიხილავენ.
გუშინ, 27 იანვარს საკითხი PACE-ს ზამთრის სესიის გახსნით სხდომაზე დღის წესრიგში დადგა, შემდეგ კი საკითხი მონიტორინგის კომიტეტებს გადაეცა. ცოტა ხნის წინ, PACE-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მონიტორინგის კომიტეტის დასკვნა, რომელსაც კენჭს ხვალ უყრიან.
კომიტეტის დასკვნის თანახმად, ევროპის საბჭომ საქართველოს დელეგაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აღიაროს, თუ აპრილამდე დაინიშნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის პროექტის მიხედვით, ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით, დროებით უნდა დამტკიცდეს.
კომიტეტი მიიჩნევს, რომ „დიალოგის შენარჩუნებისადმი მზაობის ნიშნად, ასამბლეამ, 2025 წლის აპრილის სესიაზე ხელახალ განხილვამდე, მიმდინარე სესიაზე უნდა დაამტკიცოს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ შეასრულებს რიგ პირობებს“.
„მონიტორინგის კომიტეტი მიიჩნევს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენები, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევები და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიები, ეწინააღმდეგება საქართველოს წევრობის ვალდებულებებსა და ევროპის საბჭოში გაწევრიანების პირობებს.
შესაბამისად, კომიტეტს სურს, ხელისუფლებისგან მიიღოს მკაფიო გარანტიები, რომ ისინი ნამდვილად მზად არიან, შეაჩერონ დემოკრატიული უკუსვლა და შეასრულონ წევრობის ვალდებულებები. თუმცა, კომიტეტი მიიჩნევს, რომ დიალოგის შენარჩუნებისადმი მზაობის ნიშნად, ასამბლეამ, 2025 წლის აპრილის სესიაზე ხელახალ განხილვამდე, ამ სესიაზე უნდა დაამტკიცოს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ შეასრულებს რიგ პირობებს, მათ შორის:
წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს; დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილ ნაკლოვანებებსა და ხარვეზებს და შექმნის საარჩევნო გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს მომდევნო თვეებში გამოცხადებულ ნამდვილად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩატარებას;
დაუყოვნებლივ შეწყვეტს პოლიციის მხრიდან ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს;
ეფექტურად გამოიძიებს ამ პრაქტიკას და შეწყვეტს სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენებას, როგორც დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების დაშინებისა და მათზე შურისძიების საშუალებას;
სრულად დაიცავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და 2025 წლის აპრილის სესიამდე გაათავისუფლებს ყველა პოლიტპატიმარს.
ამავდროულად, კომიტეტი მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობისა და სხვა ადამიანის უფლებების დარღვევების მკაფიო დაგმობის ნიშნად, რომელიც აქამდე არ აღმოუფხვრია ხელისუფლებას, ასამბლეამ უნდა შეაჩეროს საქართველოს დელეგაციის რამდენიმე უფლება“, – ნათქვამია კომიტეტის მიერ მომზადებულ პროექტში.
ამავე პროექტის მიხედვით, „ასამბლეის აზრით, საქართველოს პოლიტიკური ჩიხი და ნდობის დარღვევა ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის შეიძლება დაიძლიოს მხოლოდ: საქართველოს ხელისუფლების ევროპის საბჭოს ღირებულებებისა და სტანდარტებისადმი მკაფიო ვალდებულებით და შემდგომი ევროპული ინტეგრაციით ქართველი ხალხის უმრავლესობის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად;
ევროსაბჭოსთან ურთერთქმედების გაძლიერებული პროცესით, საქართველოს ხელისუფლებისა და ასევე სხვა ქართველი დაინტერესებული მხარეების ჩართულობით;
საქართველოში ინკლუზიური პოლიტიკური პროცესით, რომელშიც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე და აქტორი, მათ შორის ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რათა სასწრაფოდ აღმოიფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და გადაცდომები;
იმ სამართალდამცველთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფით, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივ დარბევაში, ცემაში, სასტიკ მოპყრობაში, წამებასა და უკანონო დაკავებაში; ყველა პოლიტიკური პატიმრის გაშვებით“.
რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ „აღნიშნულთან დაკავშირებით, ასამბლეა იხსენებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტს თბილისში 2024 წლის დეკემბერში, რის შემდეგაც რამდენიმე ინიციატივა იქნა წამოწყებული.
ანალოგიურად, ასამბლეა იხსენებს, რომ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ვალდებულებებისა და დაკისრებული მოვალეობების შესრულების კომიტეტის (მონიტორინგის კომიტეტი) თანამომხსენებლებმა 2025 წლის იანვარში მოინახულეს საქართველო და შეხვდნენ წარმომადგენლებს ქართული ინსტიტუტებიდან, ასევე ყველა პოლიტიკურ ძალას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენები, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევები და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლა, ეწინააღმდეგება საქართველოს, როგორც წევრი ქვეყნის ვალდებულებებს და ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებულ ვალდებულებებს. შესაბამისად, ასამბლეას სჭირდება მკაფიო გარანტიები ხელისუფლებისგან, რომ ისინი ნამდვილად არიან ვალდებულნი, შეაჩერონ დემოკრატიული უკუსვლა და შეასრულონ წევრობის ვალდებულებები.
ამ მოსაზრებების გათვალისწინებით და დიალოგის შენარჩუნების მზაობის ნიშნად, ასამბლეა, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების და ქვეყანაში არსებული სიტუაციის საერთო გადაფასების მოლოდინში 2025 წლის აპრილის სესიაზე გადაწყვეტს, დაამტკიცოს ამ სესიაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, ამავდროულად, მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან:
დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი ყველა დაინტერესებული მხარისა და სოციალური აქტორის, მათ შორის მმართველი უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, რათა სასწრაფოდ გამოასწოროს ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული ხარვეზები და ნაკლოვანებები და შექმნას საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ნამდვილად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩატარებას მომდევნო თვეების განმავლობაში;
გადადგას დაუყოვნებელი და ეფექტური ნაბიჯები, რათა საქართველომ განაახლოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ხალხის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად და დაჩქარებულად განახორციელოს აუცილებელი რეფორმები;
დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პოლიციის მხრიდან ძალადობა და ადამიანის უფლებების დარღვევები, ეფექტურად გამოიძიოს ეს პრაქტიკა და შეწყვიტოს სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენება პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების შეკავების ან შურისძიების საშუალებად, სრულად სცეს პატივი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება;
გააძლიეროს თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან და კეთილსინდისიერად ჩაერთოს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ ინიცირებულ პროცესში;
დაუყოვნებლივ უპასუხოს ასამბლეის მიერ რეზოლუცია 2438 (2022) და რეზოლუცია 2561 (2024)-ში გამოთქმულ შეშფოთებებსა და რეკომენდაციებს, მათ შორის რეკომენდაციას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმების თაობაზე და შეშფოთებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით, რაც უნდა გადაიჭრას ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინებით;
გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი ასამბლეის 2025 წლის აპრილის სესიამდე;
განაგრძოს სრული ჩართულობა ასამბლეის მონიტორინგის პროცედურაში“.
პროექტის თანახმად, „ამავდროულად, პოლიციის მხრიდან ძალადობისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების მკაფიო დაგმობის ნიშნად, რომლებიც ჯერჯერობით არ გამოუსწორებია ხელისუფლებას, ასამბლეა გადაწყვეტს, შეუჩეროს საქართველოს დელეგაციის წევრებს შემდეგი უფლებები:
„უფლება, იყვნენ სრულუფლებიანი წევრები ან შემცვლელები შემდეგ კომიტეტებში: პოლიტიკურ საქმეთა და დემოკრატიის კომიტეტი, მონიტორინგის კომიტეტი, იურიდიულ საქმეთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის კომიტეტი და პროცედურის წესებისა და ინსტიტუციურ საქმეთა კომიტეტი;
უფლება, იყვნენ არჩევნების სადამკვირვებლო კომიტეტების წევრები; უფლება, დაინიშნონ მომხსენებლად; უფლება, იყვნენ კანდიდატები ასამბლეის პრეზიდენტის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ან მოადგილის თანამდებობაზე; უფლება, წარმოადგინონ ასამბლეა ევროსაბჭოს ორგანოებში ბიუროს გადაწყვეტილებით და უფლება, წარმოადგინონ ასამბლეა ერთჯერადად (ბიუროს ან კომიტეტის გადაწყვეტილებით) ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, კონფერენციებზე, რომლებსაც აწყობენ ევროსაბჭოს ორგანოები, საერთაშორისო ორგანიზაციები ან საპარლამენტთაშორისო ასამბლეები.
ასამბლეამ ასევე გადაწყვიტოს, გამოიკვლიოს გზები საქართველოს არასაპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გასაძლიერებლად მის საქართველოსთან დაკავშირებულ ქმედებებში, მათ შორის მონიტორინგის კომიტეტის ფარგლებში.
ასამბლეას ექნება შესაძლებლობა, ხელახლა განიხილოს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, მათ შორის ზემოხსენებული უფლებების შეჩერება, 2025 წლის აპრილის სესიაზე, მე-11 პუნქტში ნახსენებ საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, მისი პროცედურის წესების მე-9 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად“.
ვიზიტმა, რომელიც დეკემბერში მქონდა თბილისში, მოგვცა შედეგები – არაპროპორციული ძალის გამოყენების თავიდან აცილების ვალდებულება, პოლიციის მხრიდან ძალადობის ბრალდებების დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიების გარანტია. ასევე მზაობა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე ევროპის საბჭოს ექსპერტებით, რათა არსებითად შეცვალონ უცხოური გავლენის კანონი. ამან შეგვიქმნა გარკვეული მოლოდინი, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროსაბჭოს წევრობა მოიცავს გარკვეულ ვალდებულებებს, რომელთა დაცვაც საჭიროა.
„ჩვენ ყოველთვის პირდაპირ უნდა ვთქვათ სათქმელი და ეს პატიოსნად და ობიექტურად გავაკეთოთ. სწორედ ამ განწყობით ვიმყოფებოდი საქართველოში დიდ დელეგაციასთან ერთად და ამავე სულისკვეთებით გაემგზავრნენ თქვენი მომხსენებლებიც. ადამიანის უფლებათადამცველი კომისარი რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა საქართველოში. და ვიზიტმა, რომელიც დეკემბერში მქონდა თბილისში, მოგვცა შედეგები – არაპროპორციული ძალის გამოყენების თავიდან აცილების ვალდებულება, პოლიციის მხრიდან ძალადობის ბრალდებების დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიების გარანტია. ასევე მზაობა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე ევროპის საბჭოს ექსპერტებით, რათა არსებითად შეცვალონ უცხოური გავლენის კანონი. ამან შეგვიქმნა გარკვეული მოლოდინი. ევროსაბჭოს წევრობა ფიტნეს კლუბის ან გამაჯანსაღებელი ცენტრის წევრობას არ გულისხმობს და გარკვეულ ვალდებულებებს მოიცავს, რომლის დაცვაც საჭიროა“, – აღნიშნა ალენ ბერსემ.