ჩეჩნეთის მთავრობას გროზნო-თბილისის მიმართულებით ავიარეისების დანიშვნის იმედი აქვს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვა 10 მაისს მოუხსნა.

ჩეჩნეთის მთავრობას გროზნოდან თბილისში პირდაპირი ფრენების დანიშვნა უნდა. ამის შესახებ ჩეჩნეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა რამზან ჩერხიგოვმა Azimuth Airlines-ის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრაზე თქვა.
Azimuth Airlines პირდაპირ ფრენებს მოსკოვიდან თბილისში ასრულებს.
ტრანსპორტის მინისტრმა შეხვედრაზე რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა, მათ შორის, თბილისი.
“ჩვენ განვიხილეთ არაერთი პერსპექტიული პროექტი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რუსეთის გმირის, რამზან კადიროვის ინსტრუქციების შესრულების ფარგლებში სამგზავრო ფრენების გეოგრაფიის გაფართოების მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ გამოვყავით მგზავრთა საჰაერო გადაყვანის რამდენიმე მიმართულება, მათ შორის ფრენები ქალაქებში – სოჭში, ვოლგოგრადში, თბილისში და ჯედაში”, – თქვა მინისტრმა.
მისი თქმით, გაწერილი გეგმების განხორციელება არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ჩეჩნეთის მაცხოვრებლების კომფორტს, არამედ მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაზე.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ („როსავიაციამ“) რუსეთის ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით კვირაში 284 ავიარეისი დაუშვა.(გროზნო ამ ჩამონათვალში არ ყოფილა.) დოკუმენტი რუსეთის სახელმწიფო უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნდა. საქართველოს ხელისუფლებას ახალი რეისების შესრულების ნებართვა ჯერჯერობით არ გაუცია, რაც ფრენის დასაწყებად აუცილებელი პროცედურაა. დღეს, 11 ივლისს, რუსულმა Red Wings-მა მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების ნებართვა მაისში მიიღო, მაგრამ რეისების განხორციელება რამდენჯერმე გადაიდო.
ამას გარდა, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ყოველდღიურ ავიარეისებს ასრულებენ ავიაკომპანიები „აზიმუტი“ (მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი) და „ჯორჯიან ეარვეისი“ (თბილისი-მოსკოვი-თბილისი).