ჩეხეთი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის 230000 ევროს გამოყოფს
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში არსებულ ვითარებას ეხმაურება, სოლიდარობას უცხადებს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს და აცხადებს, რომ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისთვის 230 000 ევროს ოდენობით დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც X-ზე გავრცელდა.
“ჩეხეთი გმობს საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ბოლოდროინდელ ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს. დღეს ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ვალდებულებას 230 000 ევროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის გადაუდებელი გამოყოფით”, – წერია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელდა.
მეოცე დღეა, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.