“ჩემი ხმა”: იდენტიფიცირებულია 196 უბანი, სადაც დარღვევებს სისტემატური ხასიათი ჰქონდა
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებსა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდნენ.
თავდაპირველად დიპლომატებმა შეხვედრა გამართეს სადამკვირვებლო მისიებთან, რომლებმაც მათ ერთობლივი პრეზენტაცია წარუდგინეს საარჩევნო დარღვევებზე.
დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის იყვნენ „ჩემი ხმა“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED).
„ჩემი ხმის“ ცნობით, „სადამკვირვებლო მისიებმა დიპლომატებს გააცნეს არჩევნების დღეს თითოეული მისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით, ასევე, ინფორმაცია მათ მიერ არჩევნების დღეს და შემდეგ პერიოდში საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების შესახებ“. „ჩემი ხმის“ თანახმადვე, პრეზენტაცია მოიცავდა ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებს. ორივე შეხვედრა 1 ნოემბერს გაიმართა.
სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა” განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მათ დაკვირვების ქვეშ მყოფი უბნებიდან მიღებული ინფორმაციის საბოლოო და ყოვლისმომცველი ანალიზი დაასრულეს.
შედეგად, დადგინდა, რომ, დაკვირვების ქვეშ მყოფი 1131 უბნიდან:
დამკვირვებელს ხელი შეშალა დაკვირვებაში – 160 საარჩევნო უბანზე
მარკირება არ შემოწმებულა – 191 საარჩევნო უბანზე
მარკირება არ კეთდებოდა – 153 საარჩევნო უბანზე
ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა – 365 უბანზე
ფიზიკური დაპირისპირება/ძალადობა/ზეწოლა დაფიქსირდა – 85 უბანზე
არაუფლებამოსილი პირები უბანზე ან უბნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ – 259 საარჩევნო უბანზე.
“ამასთანავე, მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იდენტიფიცირებულია 196 უბანი, ანუ ჩვენ მიერ დაკვირვებული უბნების 17%, სადაც დარღვევებს ჰქონდა განმეორებითი, განგრძობითი და რიგ შემთხვევაში სისტემატური ხასიათი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ამასთან, “ჩემი ხმა” აღნიშნავს, რომ მრავალ პრობლემატურ უბანზე დამკვირვებლებმა ვერ შეძლეს მთელი დღის განმავლობაში დაკვირვება, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაცია და უბანზე მობილიზებული არაუფლებამოსილი პირები მათ ძალის გამოყენებით უკანონოდ აძევებდნენ.
სადამკვირვებლო მისიამ 29 საარჩევნო ოლქში 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით საჩივრები შეიტანა, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 417 305-ს შეადგენს. გუშინ, საოლქო საარჩევნო კომისიებმა უბნების ბათილობის მოთხოვნით წარდგენილი არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
როგორც ცნობილია, “ჩემი ხმა” საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებს სასამართლოებში გაასაჩივრებს.
26 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების თითქმის 54%-ით „ქართული ოცნებაა“, ხმები კი ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ – 53,931%;
“კოალიცია ცვლილებისთვის” – 11,035%;
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10,167%;
“ძლიერი საქართველო” – 8,81%;
“გახარია საქართველოსთვის” – 7,768%.
ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.