მნიშვნელოვანისიახლეები

“მშობელი თუ დააგვიანებს, ჩვენ ვრეკავთ 112-ში” – ბაღების ახალი წესები

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების მიყვანისა და გაყვანის წესები იცვლება.

ამასთან, ახალი წესის თანახმად, ბაღებში აღარ გამოიყენება ისეთი სათამაშოები, რომლებიც გარეცხვას ან დეზინფექციას რთულად ექვემდებარება.

“სპეციალური ეკიპირების მქონე აღმზრდელი აღსაზრდელს შენობაში ეზოს იმ სივრციდან შეიყვანს, სადაც სტიკერებია განთავსებული. მათ ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. მინდა ყველა მშობელს მივმართო, გაითვალისწინონ ბავშვის მოყვანისა და გაყვანის დრო, რათა სიტუაცია უფრო მართვადი იყოს. იმ შემთხვევაში, თუ მშობელს ბავშვის გაყვანა დროზე ადრე მოუნდება, რაც იმედია, იშვიათად მოხდება, ათი წუთით ადრე უნდა მიმართოს აღმზრდელს. ამასთან, თუ ბავშვს გამოუვლინდა ტემპერატურა, ბავშვი გადაგვყავს სხვა სივრცეში, ვურეკავთ მშობელს, რომ გონივრულ ვადაში წაიყვანოს, თუ მშობელი დააგვიანებს, მაშინ ჩვენ ვრეკავთ 112-ში. რაც შეეხება დეზინფექციას, განიავების ინტერვალი შეიცვალა და ოთახები ყოველ 2 საათში განიავდება. სათამაშოების მხრივ შეიძლება ითქვას, რომ რთულად რეცხვადი სათამაშოები ამოვიღეთ. ამასთან, ოთახში, ოთხივე კუთხეში გვექნება ცენტრი, სადაც ბავშვები გადანაწილდებიან და ვეცდებით, რომ გონივრული დისტანცია დავიცვათ. როდესაც ადრე თეთრეულის გარეცხვა კვირაში ერთხელ იყო სავალდებულო, ახლა ეს გაიზარდა და თეთრეულის რეცხვა კვირაში ორჯერ იქნება საჭირო”, – განაცხადა გვანცელაძემ.

საბავშვო ბაღები 12 ოქტომბრიდან აღადგენენ ფუნქციონირებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button