მნიშვნელოვანისიახლეები

“ჩემი სახლ-კარი მეძახის და სიზმრებსაც ისევ სოხუმში ვხედავ”

“1992 წლის თებერვალში, ქართველმა და აფხაზმა ბავშვებმა იჩხუბეს. ქართველმა დაჯაბნა. ახლა ასე იყოს, მაგრამ მალე ნახავთ, ქართველებს რაც დაგემართებათო, უთხრა აფხაზმა. როგორც ჩანს, ოჯახში ესმოდა, რომ რღაც მზადდებოდა”, – იხსენებს სოხუმელი მასწავლებელი, ლია თეთრაული.

თელაველი ტანმოვარჯიშე, ბესლეთის მეორე საშუალო სკოლაში, სულ ახალგაზრდა, 22 წლის ასაკში მივიდა.

პედაგოგი იხსენებს, რომ ერთობლივ, მშვიდობიან თანაცხოვრებას 90-იანი წლებიდან ბზარი გაუჩნდა და ფარული მოქმედებები, აფხაზეთიდან ქართველების გამოსადევნად, შესამჩნევი გახდა.

“მშვიდობიანად, სიყვარულით ვცხოვრობდით, ვმეგობრობდით, ერთმანეთს ვუნათესავდებოდით. 90-იან წლებში, უკვე შესამჩნევი გახდა, რომ რაღაცისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ ქართველებმა ყურად არ იღეს. მატარებელში, სომეხი ეროვნების ახალგაზრდა დამემგზავრა, ომი იქნებაო, მითხრა. დღესაც ყურებში მიდგას მისი სიტყვები”, – იხსენებს ლია თეთრაული რადიო “ჰერეთთან” საუბარში.

მასწავლებელი ყვება, რომ 1992 წლის აგვისტოდან, აფხახეთში, ლოკალური საომარი მოქმედებები, უკვე მიმდინარეობდა, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას, ხელისუფლება დაპირებებით კვებავდა, რომ ომი არ იქნებოდა.

“იმედი გვქონდა, რომ ომი არ დაიწყებოდა, თუმცა ერთი წლის განმავლობაში გვესროდნენ გუდაუთიდან. სიკვდილს ორჯერ გადავრჩი. სკოლაში სწავლას მაინც ვაგრძელებდით და გვჯეროდა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდებოდა”.

1993 წლის 28 ივლისს, ცეცხლის შეწყვეტისა და რეგიონის დემილიტარიზაციის შესახებ, სამმხრივ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

გადაწყვეტილებას აფხაზეთის მიწაზე, შეირაღებული კონფლიქტი უნდა დაესრულებინა, მაგრამ სოხუმელი მასწავლებელი იხსენებს, რომ აფხაზები, გუდაუთა-ტყვარჩელის გზას, გამალებით აშენებდნენ.

“ეს ამბავი არ მასვენებდა, რად უნდოდათ გზა? 16 სექტემბერს, დილის 5 საათზე, ყველაზე ცუდი მოლოდინი ამიხდა და აღმოსავლეთის ცა გაწითლდა. მივხვდით, რომ ოჩამჩირე იბომბებოდა. ასე დაიწყო, ჩვენი, ქალების, ბავშვების, მოხუცების ჯოჯოხეთი და ყოველწუთიერი გაქცევა სიკვდილისგან. გავრბოდით, ფეხით, მანქანით, რითიც შეგვეძლო. ბომბებსა და ტყვიებს ვემალებოდით შენობებში, ტყეში, გზებზე. გამოქცეულები თავს ვაფარებდით, კეთილ ადამიანებს სოფლებში. მშივრები, რაც ზედ გვეცვა, იმ ტანსაცმლის ანაბარა”.

ქალაქიდან სიკვდილს გაქცეულმა პედაგოგმა, ქმარ-შვილი სოხუმში დაკარგა და თვითმფრინავით, ერთ-ერთი მგზავრის ბარგზე ჩამომჯდარმა, თბილისამდე ჩააღწია.

“უკუდურეს გაჭირვებაში ჩავცვივდით, სამ ლარს გვაძლევდნენ დახმარების სახით. გვშიოდა, გვციოდა, თბილი საბანი მენატრებოდა, მაგრამ ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ქმარ-შვილზე არაფერი ვიცოდი. ყოველ დილა სადგურზე მივდიოდი და მატარებელს ვხვდებოდი, იქნებ გამოჩნდნენ-მეთქი. ორ თვეში, როგორც იქნა, მეღირსა და ქმარ-შვილს შევხვდი, რომლებიც სოხუმისთვის იბრძოდნენ და ვერ დაიხსნეს. რას გაუმკლავდებოდნენ რუსეთის არმიას. ახლაც ხომ ხედავთ, როგორ მობობღავენ, არაფერს ერიდებიან მგლებივით”.

მას შემდეგ, 27 წელი გავიდა. ლია თეთრაული თვლის, რომ მისი მეუღლე აფხაზეთზე დარდით გარდაიცვალა.

თვითონ თელავში, დედის დანატოვარ სახლში ცხოვრობს და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ინვალიდის ეტლით გადაადგილება უწევს.

“27 წელია, უიმედობას აფხაზეთში დაბრუნების იმედი ცვლის, თუმცა ყველაზე მძიმე, სოხუმელი პედაგოგისათვის საკუთარი სახლის მონატრებაა. ჩემი სახლ-კარი მეძახის და სიზმრებსაც ისევ სოხუმში ვხედავ”.

მსგავსი პოსტები

Back to top button