“ბაღების თანამშრომელთა ჩართვა საარჩევნო კამპანიაში”

საარჩევნო კამპანიაში ბაღების თანამშრომელთა ჩართვასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მსჯელობენ უწყებათშორისი კომისიის სხდომაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დღევანდელ სხდომას ესწრებიან, ამბობენ, რომ ბაღის თანამშრომლების მიერ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის სასარგებლოდ, მოქალაქეთა პირადი მონაცემების შესაძლო შეგროვების საქმე, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლის ლევან ნატროშვილის თქმით, საქმე გვაქვს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან, რაც საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების პოლიტიკურ პროცესში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ჩართვაში გამოიხატება.

სახელმწიფო რესურსებისა და პოლიტიკური საქმიანობის ერთმანეთისგან გამიჯვნის აუცილებლობაზე საუბრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც”.

“ეს საკითხი იმსახურებს სათანადო ყურადღებას, ვინაიდან იკვეთება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები და ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო რესურსები და პარტიული საქმიანობა უნდა იყოს გამიჯნული ერთმანეთისგან, რაც ამ შემთხვევაში არ არის დაცული,” – აცხადებს ლელა ტალიური.

მსგავსი პოსტები

Back to top button