,,ჩემს განადგურებას ცდილობენ,,-საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი გაიმართა

საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე, ცოტა ხნის წინ დასრულდა მიხეილ სააკაშვილის პროცესი საქალაქო სასამართლოში. დღეს დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.
პროკურორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოვიდა.
სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ექს-პრეზიდენტმა, რომელმაც “ვივა მედიდან” ჩართვის დროს პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ საჭიროა აქციები და ერთიანობა. სააკაშვილის განცხადებები მმართველ გუნდში შეაფასეს.
“ის, ვინც თავს არიდებს ასევე ხშირად ჩემი სახელის ხსენებას, ის ასევე დემოტივაციას უკეთებს აბსოლუტურ უმრავლესობას ჩემი მომხრეების, თუმცა მე მათ მოვუწოდებ ყოველთვის, რომ იყვნენ აქციების ნაწილი, ამ აქციებზე იარონ, ჩვვენ გვჭირდება ბევრი ხალხი, გამბედაობა, ერთიანობა, ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა, ერთიანობა მინუს ვიღაცა – არ გამოდის. ამიტომ ჩვენ უნდა ვიაროთ ამ გზით, თქვენი ბრძოლა აუცილებლად დაგვირგვინდება წარმატებით ამაში დარწმუნებული ვარ. მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეს არის მძიმე ბრძოლა”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ჩემს განადგურებას ცდილობენ. ჩემი განადგურება არაფერია იმასთან შედარებით, რაც მათ უკვე გაანადგურეს, ქართული სახელმწიფოებრიობა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილის განცხადებით, „მას ხელისუფლება სამშობლოს სიყვარულისთვის სჯის“.
„ვერავინ გადაშლის იმას, რომ ჩვენ ვიყავით სიმბოლო საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული 9 წლის. ვისჯები იმიტომ, რომ გავბედე და შევქმენი თანამედროვე სახელმწიფო. ვისჯები იმიტომ, რომ ჭაობიდან, გაუბედურებიდან ბათუმი შევქმენი. ვისჯები იმიტომ, რომ ტურისტების რაოდენობა 50 ათასიდან 7 მილიონამდე მივიყვანე. ვისჯები იმიტომ, რომ კორუფცია დავამარცხე და არავის მივეცი საშუალება, ხალხის ხარჯზე ეხეირა. ვისჯები იმიტომ, რომ ჩემი სამშობლო მიყვარს და დავბრუნდი იქ, სადაც ყველაზე დიდი რისკი იყო, მათ შორის ჩემი სიცოცხლის. თუ ეს არ არის პოლიტიკური დევნა, მაშინ რა არის საერთოდ პოლიტიკური დევნა მსოფლიოში?! ამიტომ, მე ყველას მოვუწოდებ გამოფხიზლდეს. ყველას მოვუწოდებ გავერთიანდეთ. ის, ვინც ხშირად თავს არიდებს ჩემი სახელის ხსენებას, ის დემოტივაციას უკეთებს ჩემი მომხრეების აბსოლუტურ უმრავლესობას. მათ ყოველთვის მოვუწოდებ, რომ აქციების ნაწილი იყვნენ და აქციებზე იარონ. ჩვენ გვჭირდება ბევრი ხალხი, გამბედაობა, ერთიანობა. ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. ამიტომ, ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ პოლიტპატიმრების რაოდენობით ბელარუსსაც კი გაუსწრო. „ყველაზე სასტიკი, ბელარუსული რეჟიმი, ლუკაშენკოც აწარმოებს მოლაპარაკებებს და უახლოეს პერიოდში ყველა პოლიტპატიმრის გაშვებას აპირებს. საქართველოში პოლიტპატიმრებს მხოლოდ ამატებენ. ბელარუსს უკვე გადავუსწარით ტემპით და მონდომებით“,-განაცხადა სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, „სასაცილოა, როდესაც ვიღაცები თავს არიდებენ მისი პოლიტპატიმრის რიცხვში ხსენებას“.
„სინამდვილეში, ყველამ კარგად იცის, რისთვის ვარ მე აქ. გახსოვთ, რომ ლაპარაკობდნენ 9 მილიარდი დოლარი მოიპარაო. ალბათ, ახლა არ გახსოვთ, რომ ჩამოიყვანეს მთელი მსოფლიოდან გადამდგარი პროკურორები, იქნებ სააკაშვილს რამე მაინც ვუპოვოთ, „თითზე გადასახვევი მაინცო“. გახსოვთ, რომ ლაპარაკობდნენ სააკაშვილმა უამრავი ხალხი დახოცა, უამრავი ვაჟკაცი გააუპატიურაო. ბოლოს რაზე მასამართლებენ? საქართველოში დაბრუნებისთვის, პიჯაკებისთვის და სხვადასხვა საპრეზიდენტო ოფისის ხარჯებისთვის. ალბათ, იმ ხალხს უკვე ჰგონია, რომ ოლიგარქი უკვე მოიშორეს და ახლა მთავარია, სააკაშვილი არ მოუშვან არსად. ჯერ ერთი, არსად მოვდივარ და არსად მოშვება არ მჭირდება, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი ბრძოლა. მე მყავს ძალიან ბევრი მომხრე“,-განაცხადა სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „ბრძოლა საქართველოს გამარჯვებით დასრულდება“.
„მართალია, ზამთარია ქუჩაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოდის გაზაფხული და ასევე, მოდის თავისუფლება. ეს ბრძოლა აუცილებლად დაგვირგვინდება წარმატებით. ამაში დარწმუნებული ვარ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს არის მძიმე ბრძოლა. ჩემი სრული სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს. ასევე, მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ტელევიზია „მთავარის“ ჟურნალისტური კოლექტივის მიმართ, რომელიც სხვადასხვა მანიპულაციებით დახურეს. თავის დროზე ძალიან დიდი წვლილი შევიტანე „მთავარის“ შექმნაში. ახლა მიმაჩნია, რომ მცირე ტელევიზიების, სოციალური ქსელების გამოყენება არის სატელევიზიო სივრცის მომავალი და ახალ შესაძლებლობებს უქმნის ჩვენს ძალიან საამაყო ჟურნალისტებს“,-განაცხადა სააკაშვილმა.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას და საქართველოს 2011-12 წლებში აქებდა, იმისთვის კი, რისთვისაც აქებდა, საქართველოში ერთნი მის დასჯას ცდილობენ, მეორენი კი – “მიჩუმათებას”.
20 თებერვალს, კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიული ძალების ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის „მაფიოზურ-კრიმინალური რეჟიმის“ წინააღმდეგ „აუცილებლად დაგვირგვინდება გამარჯვებით“. შემდეგ კი მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე ისაუბრა.
„დღეს ბევრს იხილავთ დონალდ ტრამპის გამოსვლებსა და განცხადებებს და გავიხსენოთ, დონალდ ტრამპი რას ამბობდა ჩემი პრეზიდენტობის ბოლოს, 2011-ში, 2012 წელს საქართველოსა და ჩემზე“, – განაცხადა სააკაშვილმა და განაგრძო:
„ის ამბობდა, რომ სააკაშვილი არის ნამდვილი ხატება, მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძი, მსოფლიოში ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციასთან, საქართველო არის ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი“.
სააკაშვილმა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის დასაწყისში იყო უკრაინის ხელისუფლებაში, ასევე თქვა:
„დონალდ ტრამპი ხუმრობდა, „კარგია, რომ სააკაშვილს არ შეუძლია კენჭისყრა აშშ-ში პრეზიდენტად, თორემ მე კონკურენცია შემექმნებოდაო“. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო, მაგრამ ამას ამბობდა ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც არ იცვლის ხოლმე შეხედულებებს“.
მსგავსი რამ მიხეილ სააკაშვილს ასევე უწერია თავის წიგნში, „ძალის გამოღვიძება“, რომელშიც წერს, რომ 2013 წელს ნიუ-იორკში ყოფნისას ტრამპმა ჰკითხა რჩევა, „რას ფიქრობ, მიშა, პრეზიდენტად ხელახლა კენჭი რომ ვიყაროო“. დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი პირველად 2016 წელს გახდა.
„ამას ამბობდა ესენი და ერთი ნაწილი ცდილობს, იმისთვის, რისთვისაც მაქებდა დონალდ ტრამპი, იმისთვის ჩემს დასჯას, ხოლო მეორე ნაწილი – მიჩუმათებას. არც ერთი გამოგივათ და არც მეორე“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მანამდე მან თქვა, რომ „ვიღაცები თვალს არიდებენ ჩემს პოლიტპატიმრების რიცხვში ხსენებას“, რასაც „სასაცილო“ უწოდა: „სინამდვილეში, ყველამ კარგად იცის, რისთვის ვარ მე აქ“.
„ერთიანობა – მინუს ვიღაცა, არ გამოდის, მეგობრებო“, – განაცხადა მან.
20 თებერვალს საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის მიერ „სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის“ ეპიზოდს – ეს არის ერთ-ერთი საქმე, რომელზეც იგი ბრალდებულია. 20 თებერვლის სხდომაზე პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. დაცვის მხარე მომდევნო სხდომაზე შეაჯამებს თავის პოზიციას.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „საქართველოში, გარდა იმისა, რომ ჩამოყალიბდა მაფიოზურ-კრიმინალური რეჟიმი, ჩამოყალიბდა ყველაზე სასტიკი რეჟიმი… ბელარუსს უკვე გადავასწარით ტემპით და მონდომებით“, – თქვა მან.
დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად მეორედ 2024 წელს აირჩიეს. 2025 წლის იანვარში მისი ინაუგურაცია შედგა. ინაუგურაციიდან ერთი თვის თავზე, ტრამპი ვერბალურ დუელშია ჩართული უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელსაც უწოდა 4%-იანი რეიტინგის მქონე, „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ და „საშუალოდ წარმატებული კომიკოსი“.
უკრაინის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთისგან მომდინარე დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს და პუტინს ეხმარება მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობაში, მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა – ზელენსკიმ ის 2020 წლის მაისში დანიშნა რეფორმების საბჭოში აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებისა და საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზია.