,,ჩემთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნება რამეთუ ვერცერთ გადაწყვეტილებაში მე ვერ მივიღებ მონაწილეობას,,-ივანიშვილი ელჩებთან შეხვედრაზე

განსაკუთრებული გარემოა, შემიძლია ამას ხაზი გავუსვა. განსაკუთრებით დაძაბულია – ასე ვერ ვიტყოდი, რამეთუ, პირველადი შეფასება უკვე გააკეთა ეუთო/ოდირმა და საკმაოდ პოზიტიური, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ივანიშვილის განმარტებით, საქართველოში, სამწუხარო რეალობის შექმნას ცდილობენ გარკვეული თანამდებობის პირები და ბიუროკრატები, რომლებიც კოორდინაციაში არიან ოპოზიციასთან, თუმცა, მანვე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მმართველ გუნდსა და საზოგადოებას უკვე დიდი გამოცდილება აქვს.
„სამწუხარო რეალობის შექმნას ცდილობენ, მათ რიცხვში, ჩვენი სამეგობროდან გარკვეული თანამდებობის პირები, გარკვეული ბიუროკრატები კოორდინაციაში არიან და კორელაციაში არიან ოპოზიციურ სპექტრთან, მაგრამ, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, თავშივე, რომ ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს უკვე „ქართულ ოცნებას“ და ქართულ საზოგადოებას. აი, დეჟავიუ – ძალიან ბევრი რამაა ისეთი, რაც უკვე გვინახავს. დავასწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ არაფერიც არ მოხდება, [არჩევნების] მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდ, ერთ რამეს აქვე გავუსვამ ხაზს, ალბათ, კითხვები შემდგომში გექნებათ და მექნება საშუალება, გავაკეთო ამაზე აქცენტები, რომ ყველა დღეს – ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე, ორი თვე – სანამ ომი არ დასრულდება, შეიძლება პირობითად „მეორე დღე“ უწოდო, იმიტომ, რომ იქნება ძალიან დაძაბული ველი, იქნება ძალიან დაძაბული ვითარება გეოპოლიტიკურად და შესაბამისად, გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე.“
შეხვედრებზე როდესაც იყო საუბარი, რამდენჯერმე კარგად განვმარტე, შეხვედრების წინააღმდეგი კი არ ვიყავი, არც ადრე და არც დღეს, მაგას როგორ ვიკადრებ. განვუმარტე, რომ ჩემთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნება, კონტრპროდუქტიული იქნება, რამეთუ ვერცერთ გადაწყვეტილებაში მე ვერ მივიღებ მონაწილეობას. სასარგებლო რომ იყოს საქართველოსთვისაც, ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც, მე მაინც ვიქნები კონტრპროდუქტიული, რამეთუ მაქვს კომპლექსი, რომ მე ამას ვაკეთებ იმ ფულის გულისთვის, რომელიც ხელოვნურად არის დაბლოკილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა ელჩებთან შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზებზე ისაუბრა.
„ვეუბნებოდი ამერიკის ელჩს, ვწერდი ამას, ეს ნაწერები მე მაქვს, რომ ეს იქნება კონტრპროდუქტიული მხოლოდ ამ მიზეზით. მე ვეუბნებოდი, რომ ამ ფულს, სადაც გინდათ, იქით მივმართავ. ეს ქველმოქმედებისთვის მინდოდა, მაგრამ შემიძლია, სხვა ფონდში გადავრიცხო, მაგრამ ეს ჩემთვისაც დიდი პრობლემაა, რომ არსებობს არასწორად დაბლოკილი თანხები და მე ვერაფრით ვიკადრებ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მივიღო მონაწილეობა იმ კომპლექსის გამო, რომ ეს ჩემს ქვეყანასთან არის კავშირში. ვერაფრით დავუშვებ იმას, რომ თუგინდ ჩემს თანაგუნდელებს ვთხოვო არა, პოზიცია დავაფიქსირო, მოდი, აი, წინ წავიწიოთ, ეს გადავჭრათ და ამ დროს ვიცი, რომ იქ შეხვედრა მქონდა, რასაც მე არ და ვერ დავმალავ და მოვილაპარაკე ვიღაცასთან, რომ ეს ასე უნდა გავაკეთოთ. აი, ეს იყო მიზეზი და ამას მე კარგად განვუმარტავდი. მე სულ მექნება იმის კომპლექსი, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვღებულობ იმისთვის, რომ ჩემი თანხები იქნებ როგორმე დამიბრუნონ და არა ის, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს. აი, ეს იყო ყველაფერ ამის მიზეზი, რომ სულ მქონდა იმის კომპლექსი და გამაჩნია დღესაც, რომ ქვეყნის საზიანოდ, პირადი ინტერესების გულისთვის რამე არ გავაკეთო და ბოდიშს ვუხდიდი, არ იფიქროთ, რომ თავხედი, ამაყი ვარ, კარგად ვუმარტავდი, რომ ეს იქნება კონტრპროდუქტიული, ამას არ ექნება არავითარი ფასი, ამიტომ ტყუილად ნუ დავიღლებით, ამიტომაც ვამბობ უარს შეხვედრებზე. აი, ეს იყო მიზეზი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ასევე ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ყველაფრის პრობლემა და მიზეზი არის ომი. ამან გაამძაფრა ყველანაირი ურთიერთობები და შეცვალა, ზოგჯერ თავდაყირაც კი დააყენა ის, რაც გვქონდა“.
ასევე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ მასსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შორის შეხვედრა გაიმართება.
„ჩვენ არ გვქონია ომამდე პრობლემები. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ომი რამდენიმე თვეში, შეიძლება ამ წლის ბოლოსაც დასრულდეს. როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა კრედიტ სუისმა, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, გვქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე შეხვედრა და ვთქვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო რეალურად თავისით გადაწყდა, შესაბამისად ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც რეაქცია იყო ძალიან ჯანსაღი, ამის სურვილი არსებობს და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას, უკვე მოვილაპარაკეთ ამაზე. მე მაქვს იმედი იმის, რომ არა ერთი შეხვედრით და არა მყისიერად, მაგრამ დროში ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, მაგრამ ორმხრივი უნდა იყოს სურვილი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უნდა განვიხილოთ დინამიკაში. არჩევნები ამერიკაშიც დასასრულებელია, ევროპაშიც ახლა დასრულდა და ლაგდება, ბოლომდე არ დალაგებულა კიდევ ბიუროკრატია, იმედია, თანხვედრაში იქნება ომის დასრულება და ომის დასრულების შემდგომ სიტუაცია მგონი დაუბრუნდება პირვანდელს“.-აღნიშნა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ.
რაც შეეხება როდის და რაზე იქნება დამოკიდებული ურთიერთობის გადატვირთვა, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამას სჭირდება ორმხრივი დამოკიდებულება და მარტო საქართველო ამას ვერ იზამს.
„რა თქმა უნდა, პრობლემები სულ იყო და პოლიტიკაში მოსვლის დღიდან სულ იყო ინტერესებში განსხვავება, არა ასპროცენტიანი თანხვედრა, მაგრამ ასეთი მსგავსი არ ყოფილა და საზოგადოებასაც არ ახსოვს, ეს დაძაბულობა გარეთ გამოვიდა და ყველა ხედავს ამას. ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის. ამას თუნდაც ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, ისინი კარგად გაიხსენებენ ჩემს დამოკიდებულებას. მე მქონდა ბიზნესთან შეხვედრა და მათ ეგონათ, რომ მე საოცრად ხისტი დამოკიდებულებები მაქვს, არა, ღმერთმა დამიფაროს. ჩვენ, ქართველებს, ძალიან გენეტიკური გამოცდილება გვაქვს, ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობდით და ვიცით ძალას ანგარიში როგორ უნდა გავუწიოთ, მაგრამ ისე არა, რომ ქვეყანა დავანგრიოთ და დავშალოთ, ამ ფონზე ასე არ გამოვა. მცდელობები ჩვენ გვქონდა და მე ამით გამოვირჩეოდი, კიდევ გავიმეორებ, გუნდის ყოფილ წევრებს ეს შეუძლიათ კარგად გადაამოწმონ და გაიხსენონ, და იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ომის დასრულების პარალელურად და პროცესში ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ უაღრესად რთული და არასასურველი დამოკიდებულებები შევცვალოთ უფრო პოზიტიურად. მაგრამ ვიმეორებ, რომ ეიფორია ნუ გვექნება, ამას სჭირდება ორმხრივი დამოკიდებულება, მარტო საქართველო ამას ვერ იზამს და ამავდროულად ჩვენი ოცნება და სურვილი რეალობასთან თანხვედრაში უნდა მოვიდეს და დასრულდეს ეს ომი, რისი იმედიც ძალიან დიდია, რომ წლის ბოლომდე შეიძლება დასრულდეს, ან გაზაფხულზე დასრულდეს, აი ასეთი იმედები არსებობს და ჩვენც მცდელობას არ დავაკლებთ, რომ როგორმე დავლაგდეთ“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.