მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ტურისტებად ითვლებიან-უვიზო მიმოსვლა ჩინელებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსასვლელი ყველა ბარიერი მოხსნილია. დღეიდან საზღვარი ფაქტობრივად სრულიად ღიაა ყველსთვის, ვისაც ჩინეთის პასპორტი აქვს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ტურისტებად ითვლებიან.

მთავრობის მეთაურმა საკუთარი გადაწყვეტილება ეკონომიკური ეფექტურობით და ჩინელი ტურისტების მოზიდვის სურვილით ახსნა. ექსპერტები და დიპლომატები კი ამტკიცებენ, რომ ღარიბაშვილის მხრიდან ეს მორიგი გეოპოლიტიკური განაცხადია, რომელიც დასავლური სამყაროსგან საქართველოს დაშორებას შეუწყობს ხელს.
„ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან სამ მილიარდ 500 მილიონი დოლარის რაოდენობით პირდაპირი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმიდან. წელს ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტი იქნება. ჩვენ ვმუშაობთ სხვა ბაზრებზე. გვინდა, რომ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში.

ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში და ჩინეთი დღეს არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკა, უძლიერესი ეკონომიკა. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩინეთიდან, მეტი ტურისტის ჩამოყვანა საქართველოში. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. შესაბამის განკარგულებას დღეს გამოვცემ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, წამახალისებელი კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში. მინდა, ვთქვა, რომ ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ტურისტებად ითვლებიან. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენებიც. მე მქონდა ჩინეთის პრემიერთან საუბარი ტურიზმზეც და ფრენების საკითხზეც. მინდა, აღვნიშნო ჩინეთის მთავრობის და მათი სისტემის ეფექტურობა. სულ რამდენიმე დღეში ეკონომიკის მინისტრთან ჩამოვიდა დელეგაცია კონკრეტულად პირდაპირი ფრენების საკითხზე. პრემიერთან ჩემი შეხვედრიდან დაახლოებით ორ-სამ დღეში უკვე დელეგაცია იყო გამოგზავნილი ჩინეთიდან. გვინდა, რომ დავამატოთ მეტი რეისი, პირდაპირი ფრენები ჩინეთთან. მეტი ტურისტი გვინდა, რომ ჩამოვიდეს არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, მეტმა ტურისტმა ნახოს ჩვენი საოცარი, უნიკალური ქვეყანა, კულტურა, ჩვენი ხალხი და მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ. მისივე განცხადებით, პირველ ეტაპზე ჩინეთთან ყოველ დღე ერთი რეისი შესრულდება, კვირაში 7- ეს იქნება სამმხრივი ფრენა პეკინი-ურუმჩი-თბილისი.

“ჩინელ მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შეუძლია შემოსვლა, 30-დღიანია ერთი შემოსვლის განმავლობაში ვადა. ტურიზმისთვის ეს აბსოლუტურად მისაღები რიცხვია და ასევე, სხვა ყველა საკითხი გათვალისწინებულია. ერთი თვის განმავლობაში, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველო შეუძლიათ უვიზოდ მოინახულონ”, – განაცხადა დავითაშვილმა.

დავითაშვილი ამბობს, რომ მთავრობას სურს პირდაპირი კავშირი ჩინეთის აღმოსავლეთის ქალაქებთან გაიზარდოს და მუშაობენ ჩინეთის სამხრეთის ავიახაზებთან პირდაპირი ფრენების ზრდაზე და ასევე სხვადასხვა ქალაქის დამატებაზე.

“პირველ ეტაპზე, ჩვენ მივიღეთ შეთანხმება, რომ მინიმუმ, დღეში ერთი ფრენა უახლოეს ხანებში გვექნება ჩინეთთან, თუმცა ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ამბიცია ცოტა მეტია. პირდაპირ გეტყვით, რომ დღეში შეიძლება ათამდე ფრენა იყოს ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან იმისთვის, რომ შევძლოთ ზუსტად იმ ნაკადების უზრუნველყოფა, რომელიც უკვე შესამჩნევი და ხელშესახები შედეგი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით”, – ამბობს დავითაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის, ისე ინვესტიციების მიმართულებით.

მისივე თქმით, საქართველო ეკონომიკის გასაძლიერებლად ყველა შესაძლებლობა იყენებს.

„საუბარია იმის შესახებ, რომ მეტი შესაძლებლობა მივცეთ ქართულ ეკონომიკას, რათა გაძლიერდეს. ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ. ეს შესაძლებლობას ზრდის ტურიზმის განვითარების კუთხით. ჩინეთიდან საზღვარგარეთ გამავალი ტურისტების რაოდენობა საკმაოდ დიდია. ზოგადად, ჩინეთში გარე ტურიზმი პოპულარულია და იქნება შესაძლებლობა, საქართველომ ეს სეგმენტიც მოიზიდოს. როგორც თავისუფალი რეჟიმი, ისე პირდაპირი ფრენები ამას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ინვესტიციებისთვისაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საკითხის სხვა კონტექსტში გადატანა არარელევანტურია.

„არ მგონია, საკითხის სხვა კონტექსტში ჩასმა რელევანტური იყოს. თუნდაც ევროპასთან ინტეგრაციის მხრივ მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის სიძლიერე, ეკონომიკურად სუსტი ქვეყანა არავის სჭირდება ევროკავშირში. საუბარია იმაზე, რომ ქართულ ეკონომიკას მივცეთ მეტი შესაძლებლობა, რათა გაძლიერდეს. თავისთავად, ყველა ასეთ შესაძლებლობას ვიყენებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button