მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩინეთის პრეზიდენტის, რუსეთში ვიზიტმა ბირთვული ომის შანსი შეამცირა, – ბორელი

ჩინეთის პარტნიორობას რუსეთთან აქვს საზღვარი, მიუხედავად საპირისპირო ნათქვამებისა, და ევროპა უნდა მიესალმოს პეკინის ნებისმიერ მცდელობას, დისტანცირება მოახდინოს უკრაინაში მოსკოვის ომისგან, – განაცხადა ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა.

ბორელის შენიშვნები მოჰყვა შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის, რომლებმაც გამოაცხადეს “უსაზღვრო” პარტნიორობის შესახებ 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე.

Reuters-ის თანახმად, ბორელმა განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური და დიპლომატიური კავშირების დამყარების მიუხედავად, ჩინეთს არ შეუქმნია სამხედრო ალიანსი და რუსეთისთვის არ მიუწოდებია იარაღი უკრაინასთან ომში.

ბორელის თქმით, სი ძინპინმა ძალიან ნათლად განუცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომ მან არ უნდა განათავსოს ბირთვული იარაღი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ჩინეთის მიერ შემოთავაზებული კონფლიქტის გადაწყვეტა, რომელიც აშშ-მა უარყო, არ არის საკმარისი კონფლიქტის მოსაგვარებლად, მაგრამ ასევე არ არის მთლიანად მოსკოვისთვის სასარგებლო.

„პრეზიდენტს სურს, მინიმუმამდე დაიყვანოს რუსეთის სამხედრო ინტერვენციასთან ასოცირების რისკი. ისინი არ არიან ჩართული სამხედრო კუთხით და არ არის იმის ნიშანი, რომ მათ სურთ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.სი ძინპინი 20-22 მარტს იმყოფებოდა რუსეთში სახელმწიფო ვიზიტით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მისი არაფორმალური მოლაპარაკებები ვლადიმირ პუტინთან. 21 მარტს სიმ ოფიციალური შეხვედრები გამართა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ჩინეთს არ მიუწოდებია მნიშვნელოვანი იარაღი რუსეთისთვის უკრაინაში მიმდინარე ომისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კანადაში სტუმრობის დროს განაცხადა.
ბაიდენის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ პეკინი მოსკოვს სამომავლოდ არ მიაწვდის შეიარაღებას, თუმცა ამ დროისთვის არ გაუგზავნია.
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ პირობა დადეს, რომ ერთად დადგებიან ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ.
„რუსეთის სასტიკი შეჭრის მეორე წელია და ჩვენი ერთობა არ დაირღვევა. ვაპირებთ, შევინარჩუნოთ ზეწოლა პუტინზე ჩვენი ისტორიული სანქციებითა და ტარიფებით. გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას სწავლებით, აღჭურვილობით, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით, რომ რუსული აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს. ჩვენ მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ ჩვენი ალიანსები. მე არ მინახავს, ეს მომხდარიყო ჩინეთთან, რუსეთთან ან სხვა ვინმესთან მსოფლიოში“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ჩინეთისგან მოლაპარაკებების შესახებ შემოთავაზება არ მიმიღია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ გამოცემა The Yomiuri Shimbun-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩინეთისგან შუამავლობის შესახებ შემოთავაზება არ მიმიღია. შეხვედრის შესახებ შემოთავაზება არ მიმიღია”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური არხების მეშვეობით „პირდაპირ შევატყობინე, რომ ჩინეთის ლიდერთან საუბარი მსურს”.
გამოცემის თქმით, ზელენსკიმ პეკინს უკრაინული 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმისთვის შუამავლობისა და უმაღლეს დონეზე შეხვედრის თხოვნით მიმართა. ამავდროულად, ზელენსკიმ სკეპტიციზმი გამოხატა ჩინეთის 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ცეცხლის შეწყვეტისკენ და რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პირველ ადგილზე “სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა” უნდა იყოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button