რეგიონი

ჩხოროწყუს მერთან ფიზიკური დაპირისპირების გამო სპორტის განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან, დავით გოგუასთან ფიზიკური დაპირისპირების გამო, მერიის სპორტის სამსახურის ყოფილ უფროსი ედიკ კვარაცხელია დააკავეს.

გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს, მოგვიანებით, გამოძიება 353-ე მუხლით გაგრძელდა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, კვარაცხელია გუშინ გამოკითხეს და ღამით დააკავეს.

იგი სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ადვოკატი ჯერჯერობით მის მოსანახულებლად არ შესულა.

ცნობისთვის,რამდენიმე დღის წინ, ყოფილი თანამშრომლები ერთმანეთს სოფელ მუხურში დაუპირისპირდნენ.

არსებული ინფორმაციით, ჩხოროწყუს მერი დათო გოგუა ადგილზე მიკროჰესის სამუშაოების დასათვალიერებლად იმყოფებოდა, რა დროსაც სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი, ედიკ კვარაცხელია მივიდა და მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, შემდეგ კი ფიზიკური შეხლა-შემოხლაც.

თუმცა ადგილობრივების ჩარევის შემდეგ, ისინი მალევე გააშველეს.

დაპირისპირების მიზეზად კვარაცხელიას სამსახურიდან გათავისუფლება სახელდება.

არსებული ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლებული კვარაცხელია მერთან სწორედ ამ საკითხის გასარკვევად მივიდა, რასაც ჩხუბი მოჰყვა.

ედიკ კვარაცხელია ჩხოროწყუს მერიის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დაახლოებით 1 თვის წინ, შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. გარდა ამისა, ერთ-ერთი ინფორმაციით, მას კონფლიქტი ჰქონდა მერიის თანამშრომლებთანაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button