ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გამოკითხვაზე დაბარეს

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გამოკითხვაზე დაბარების თაობაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ჩორჩანას ეპიზოდის შესწავლა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება.
„საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაბარებულ იქნა ვახტანგ გომელაური, რომელიც 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას“,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგხსენებთ ქართული ოცნების შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
ვახტანგ გომელაური დაბარებულია ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით. მათივე ცნობით, ის გამოკითხვაზე 17:00 საათზე მივა.
2019 წლის აგვისტოში, ჩორჩანას ეპიზოდის დროს, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო.
2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა, მანამდე კი საგუშაგომდე მიმავალი გზა გაჰყავდათ, რომელიც სწორედ ჩორჩანას ტყეზე გადის. ამის შემდეგ, მოძრაობა ძალა ერთობაშია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების გადმოსვლის შესახებ იუწყებოდა.
იმავე კვირების განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ძალებმა მათ მიერვე დადგენილი საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები განათავსეს.
ქართული ოცნება ამას იმ დროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას ედავება და ბრალს სდებს, რომ მან თვითონებურად გახსნა ჩორჩანაში საგუშაგო, რამაც ვითარების დაძაბვა გამოიწვია.
ჩორჩანის საგუშაგოს საკითხს განიხილავს სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიაც.
“ქართული ოცნების” პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა თქმით, გიორგი გახარიამ მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, პოლიციის საგუშაგო ყველას უგულებელყოფით, თვითნებურად ააშენა და ახალი ომი საფრთხე შექმნა.
გახარიამ გამოკითხვისას თქვა, რომ შესაძლოა ახლა გადათქვან, მაგრამ მაშინ „ყველამ ყველაფერი იცოდა“ და რომ 2019 წლის აგვისტოში დრო არ ითმენდა, „დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო.
გიორგი გახარია პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ აპრილში გამოჰკითხა.
პროსახელისუფლებო მედია მაშინ აქტიურად გადასცემდა ცნობებს იმის შესახებ, რომ საგუშაგომ საოკუპაციო ხაზთან ვითარება დაამძიმა და გახარიამ ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირება მოახდინა.
კომისია ჩორჩანის საგუშაგოს საკითხს რამდენიმე დღის წინ კვლავ დაუბრუნდა. 11 ივნისს, სხდომაზე დაბარებული ელგუჯა ხარაზიშვილი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა რამდენჯერმე წარადგინა ჩორჩანის მკვიდრად. თუმცა აღმოჩნდა, რომ კაცი სოფელ წაღვლიდან იყო.
ელგუჯა ხარაზიშვილის მონათხრობით: ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შემდეგ, ადგილობრივები ვეღარ შედიან წაღვლის ტყეში, რადგან სიღრმეში შემოჭრილმა საოკუპაციო რეჟიმმა თავისი საგუშაგოც გახსნა და ტყის ნახევარი მიიტაცა.
ხარაზიშვილს არაფერი უთქვამს, თუ რა პრობლემების წინაშე იდგა სოფელი ჩორჩანა, საგუშაგოს გახსნამდე და რას ფიქრობენ ჩორჩანელები ახლა.
ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა მიმდინარე წლის 28 მაისს დატოვა. ის 2024 წლის დეკემბრიდან ვიცე-პრემიერიც იყო. როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, მან გადაწყვიტა ოჯახს მეტი დრო დაუთმოს.
გომელაური აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სახელმწიფოების მიერაა სანქცირებული ადამიანის უფლებების ხელყოფისა და მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე პოლიციის ძალადობის გამო.