ჩრ. კორეის ლიდერი და რუსეთის პრეზიდენტი შესაძლოა ერთმანეთს რუსეთში 13 სექტემბერს შეხვდნენ

ამერიკული მედიასაშუალებების შემდეგ, კრემლის მიერ კონტროლირებული მედიაც წერს, რომ რუსეთში ელოდებიან ჩრდილოეთ კორეის მეთაურ კიმ ჩენ ინს.
რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ დღეს, 11 სექტემბერს, „სამთავრობო წყაროებზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ კიმ ჩენ ინს „უახლოეს დღეებში ელოდებიან შორეულ აღმოსავლეთში“ და ამ ვიზიტისთვის „დიდი ხანია ემზადებიან”.
გასულ კვირაში ამერიკულმა The New York Times-მა და შემდეგ სხვა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს ცნობა, რომ 10-13 სექტემბრის პერიოდში რუსეთში გაიმართება პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან. მოლაპარაკების ადგილად დასახელებული იყო რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქი ვლადივოსტოკი. პუტინი კიმ ჩენ ინს ვლადივოსტოკში შეხვდა 2019 წლის აპრილშიც.
Interfax სამხრეთ კორეულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩრ. კორეის მმართველი სავარაუდოდ უკვე გაემგზავრა რუსეთში.
ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში New York Times-მა გაავრცელა ცნობა, რომ იგეგმებოდა ორი ქვეყნის ლიდერის მოსკოვში შეხვედრა, სადაც განხილვის მთავარი საკითხი მოსკოვის იარაღით მომარაგება იქნებოდა.
7 სექტემბერს, როცა კრემლის პრესმდივან პესკოვს ჰკითხეს, მართლაც მოსალოდნელია თუ არა კიმ ჩენ ინის ვიზიტი, როგორც ამას ამერიკული მედია წერს, პესკოვმა უპასუხა, რომ „ამ თემაზე სათქმელი არაფერი აქვთ”.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი აპირებდა მიმდინარე თვეში რუსეთში ვიზიტს, რათა ვლადიმერ პუტინთან რუსული არმიისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებისა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განეხილა.
2023 წლის 26 ივლისს, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ფხენიანში შეხვდა ჩრდილოეთ კორეის მეთაურს კიმ ჩენ ინს
2023 წლის აგვისტოში, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებას იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს.
დღეს, 11 სექტემბერს სააგენტო Bloomberg-იც წერს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ამ კვირაში ჩავა და პრეზიდენტ პუტინთან გამართავს მოლაპარაკებას, რომლის უმთავრესი თემა იქნება მოსკოვისთვის საბრძოლო მასალების მიწოდება.