ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულის მიმართულებით 200-ზე მეტი ჭურვი გაისროლა

პარასკევს დილით კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაისროლა სამხრეთ კორეის კუნძულების, პენიონდოსა და იონპჰიონდოს მახლობლად. ამის შესახებ სააგენტო „რიონჰაპი“ იტყობინება სამხრეთ კორეის სამხედროებზე დაყრდნობით.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, ჩრდილოეთ კორეამ ადგილობრივი დროით 09:00-დან 11:00-მდე ჭურვები გაისროლა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებულ ბუფერულ ზონაში ჩაეშვა. მანამდე სამხრეთ კორეამ კუნძულზე მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
სამხრეთ კორეამ დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ ჭურვების სროლა და პროვოკაციულ ქმედებად შეაფასა. სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსი აცხადებს, რომ მომხდარი ფაქტი ზრდის დაძაბულობას და საფრთხეს უქმნის მშვიდობას.
დღის მეორე ნახევარში სამხრეთკორეელმა სამხედროებმა საკუთარი საზღვაო წვრთნა ჩაატარეს სროლაში.
ეს პირველი სამხედრო ინციდენტი არაა სამხრეთ კორეის კუნძულების რაიონში. შარშან დეკემბერში დაფიქსირდა სროლა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სასაზღვრო დაცვის მხრიდან, რასაც სასწავლო უწოდეს. 2010 წლის 23 ნოემბერს კუნძულ იონპჰიონდოს რაიონში ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის მოხდა საარტილერიო სროლა, რომელსაც ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა.
ბუფერული ზონა, რომელშიც აკრძალულია საარტილერიო სროლა და სამხედრო-საზღვაო სწავლებები, შეიქმნა ორ კორეას შორის სამხედრო შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც 2018 წლის 19 სექტემბერს მოაწერეს ხელი საზღვარზე დაძაბულობის შემცირების მიზნით. 2023 წელს ფხენიანმა უარი თქვა მის სრულად დაცვაზე მას შემდეგ, რაც სეულმა ნაწილობრივ შეწყვიტა ეს პასუხად მზვერავი თანამგზავრის გაშვებაზე.
28 დეკემბერს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა არმიასა და სამხედრო მრეწველობას მოუწოდა, გაააქტიურონ ძალისხმევა შესაძლო ომისთვის მოსამზადებლად. მან აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეასთან კვლავ შეერთება შეუძლებელია, ვინაიდან სამხრეთმა „თავის ეროვნულ პოლიტიკად აირჩია გადაყლაპვის გზით შეერთება“ და „სისტემის გაერთიანება“. ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელის სიტყვებით, ეს მკვეთრ კონტრასტშია ეროვნული გაერთიანების ხაზთან, რომელიც ემყარება პრინციპს „ერთი ერი, ერთი სახელმწიფო და ორი სისტემა“, რომელსაც ემხრობა ჩრდილოეთი კორეა.