ჩვენ არ გვჭირდება უკრაინა ჩვენ გვჭირდება დიდი რუსეთი-მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ უკრაინა პლანეტაზე არავის სჭირდება და ამიტომ ის მალე აღარ იარსებებს – პოსტი ამის შესახებ მედვედევმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
მედვედევი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პუბლიკაციას სახელწოდებით : „რატომ გაქრება უკრაინა? იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება“.
პოსტი დაყოფილია ექვს პუნქტად, სადაც მედვედევს მოაქვს „არგუმენტები“, რატომ არ არის საჭირო უკრაინა.
მისი მტკიცებით, უკრაინა არ სჭირდება არც რუსეთს, არც ევროპას, აშშ-ს, აფრიკას, ლათინურ ამერიკას ბოლოს, თავად უკრაინის მოქალაქეებს.
მედვედევი უკრაინას „სსრკ-ის დაშლის შედეგად წარმოქმნილ გაუგებრობას“ უწოდებს.
“უკრაინა, რომელსაც ნაცისტური ელიტა ხელმძღვანელობს, თავად მის მოქალაქეებს არ სჭირდებათ. ამიტომაც 45 მილიონიდან 20-ზე ცოტა მეტი დარჩა იქ, ამიტომ დანარჩენებს უნდათ სადმე წასვლა – საძულველ პოლონეთში, ევროკავშირში, ნატოში, სურთ გახდნენ ამერიკის 52-ე შტატი….”,- წერს მედვედევი.
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ამერიკელები ხელისუფლებას ადრე თუ გვიან ჰკითხავენ, რატომ აქვთ საქმე “მათთვის უცნობ ქვეყანასთან“ და არ არიან დაკავებული საშინაო პრობლემებით. ამავე პოსტში მედვედევი ამტკიცებს, რომ ევროპა გაღატაკებულია და უკრაინა არც მას სჭირდება. „რუსეთის ნაწილები, რომლებსაც 1991 წლის საზღვრებში უკრაინა ეწოდა, მხოლოდ სსრკ-ს დაშლის შედეგად წარმოქმნილი გაუგებრობაა. ასე რომ, ჩვენ არ გვჭირდება ის. ჩვენ გვჭირდება დიდი რუსეთი“, – წერს მედვედევი.
მისი თქმით, „ასეთი უკრაინა პლანეტაზე არავის სჭირდება. ამიტომაც არ იარსებებს”.