ჩვენ არ ვიბრძვით უკრაინელ ხალხთან, ის თავად გახდა კიევის რეჟიმის მძევალი

ჩვენ არ ვიბრძვით უკრაინელ ხალხთან, ის თავად გახდა კიევის რეჟიმის მძევალი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანებზე არავის უფიქრია.
„ისინი უბრალოდ სახარჯო მასალად გადააქციეს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და პასუხისმგებლობა ამაზე კიევსა და დასავლეთის ელიტებზეა.
ერთი გარემოება ყველასთვის გასაგები უნდა იყოს – რაც უფრო მეტად შორი რადიუსის სისტემების მიწოდება მოხდება უკრაინისთვის, მით შორს გავხდებით იძულებული, რომ გავწიოთ საფრთხე ჩვენი საზღვრებიდან.
დასავლეთი მიზნად ისახავს ლოკალური კონფლიქტი გლობალური დაპირისპირების ფაზაში გადაიყვანოს. ჩვენ ეს ასე გვესმის და ამაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია.
„რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია, ამიტომ აწარმოებენ სულ უფრო აგრესიულ საინფორმაციო თავდასხმას. გამუდმებით იტყუებიან, არ წყვეტენ თავდასხმას ჩვენს კულტურაზე, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე“,- განაცხადა პუტინმა.
პუტინი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ შეეცდებიან რუსეთის გახლეჩას, რაშიც დასავლეთის ქვეყნების ფსონს „ნაციონალ-მოღალატეებზე“ გააკეთებენ.რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ყველა ვინ ამ გზას დაადგა, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.
21 თებერვალს ფედერალური ასამბლეისადმი თავის მიმართვის დიდი ნაწილი ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომს დაუთმო, რასაც კრემლი “სპეცოპერაციას” უწოდებს.
„ერთი წლის წინ ჩვენ ისტორიულ მიწებზე ადამიანების დაცვის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და იმ საფრთხის ლიკვიდაციის მიზნით, რაც 2014 წლის გადატრიალების შემდეგ უკრაინაში ჩამოყალიბებული ნეონაცისტური რეჟიმიდან მომდინარეობდა, – მიღებული იქნა გადაწყვეტილება სპეციალური ოპერაციის ჩატარების შესახებ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ზედმიწევნით და თანამიმდევრულად გადავწყვეტთ ჩვენ წინაშე მდგარ ამოცანებს“, – განაცხადა ფედერალური ასამბლეისადმი თავის მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც „დასავლური ელიტა“ და „კიევის რეჟიმი“ დაადანაშაულა უკრაინაში მიმდინარე გამანადგურებელ ომში.
პუტინის მიმართვამდე ერთი დღით ადრე, კიევს მოულოდნელად ესტუმრა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რომელმაც უკრაინას მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტის დაფინასებას დაჰპირდა.
„პუტინის დამპყრობლური ომი მარცხდება. რუსეთის არმიამ დაკარგა იმ ტერიტორიის ნახევარი, რომელიც ადრე ჰქონდა ოკუპირებული. ახალგაზრდა ნიჭიერი რუსები გარბიან ქვეყნიდან, რადგან ვერ ხედავენ მომავალს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა და გაიმეორა, რომ რუსეთის პრეზიდენტი შეცდა, როდესაც დასავლეთის ქვეყნებში განხეთქილების შეტანასა და უკრაინის სისუსტეზე აკეთებდა გათვლას.
24 თებერვალს ერთი წელი სრულდება უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.
უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე, რუსეთის არმია, უკრაინის დედაქალაქიდან ასობით კილომეტრზეა გადასროლილი, მთელი ძალებით ცდილობს სრული კონტროლის დამყარებას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე და ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკისა და შახტარსკის მიმართულებებით.
აშშ-მა და ნატოს სხვა მოკავშირეებმა უკრაინის არმიის გასაძლიერებლად გაიღეს მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარება, რაც მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ახლა უკვე ტანკებსაც.
კიევი გაზაფხულზე შეტევას გეგმავს და, ამავე დროს, მოსკოვის თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ემზადება. ამიტომ, იმედოვნებს, რომ შეძლებს კოლექტიური დასავლეთის დარწმუნებას, მიაწოდოს სამხედრო თვითმფრინავები, რაც უკრაინის არმიას შემდგომ წარმატებასა და რუსული მასობრივი თავდასხმის მოგერიებაში დაეხმარება.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ფედერაციის საბჭოს მიმართავს. პუტინის მტკიცებით, უკრაინა დასავლეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა იარაღზე, სანამ რუსეთი მას თავს დაესხმებოდა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ნაცნობი ნარატივი, რომ რუსეთს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა უკრაინაზე თავდასხმისა.
პუტინის მტკიცებით, დასავლეთმა მოატყუა საკუთარი ხალხი “ტოტალური არაპრინციპული ტყუილებით” იმის შესახებ, რაც ხდებოდა დონბასში. მისივე განცხადებით, დონბასმა სთხოვა დახმარება რუსეთს და თამამი, დაუყოვნებლივი ზომები უნდა მიეღოთ.
“ომი მათ დაიწყეს, ჩვენ კი ძალა გამოვიყენეთ მის შესაჩერებლად” – თქვა მან.
“ჩვენ ეჭვი არ გვეპარებოდა”, ამბობს პუტინი, რომ 2022 წლის თებერვალში “ყველაფერი მომზადდა” კიევის მიერ დონბასზე სადამსჯელო მოქმედებისთვის.
“ეს ყველაფერი სრულიად ეწინააღმდეგებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტებს. მინდა გავიმეორო, რომ მათ დაიწყეს ომი, ჩვენ კი ძალა გამოვიყენეთ მის შესაჩერებლად”,- თქვა მან.
მისი მტკიცებით, სევასტაპოლი აშკარად იყო დასავლეთის შემდეგი სამიზნე დონბასის შემდეგ.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ფედერალური კრებისადმი დღევანდელი მიმართვა დაიწყო უკრაინით, რომელიც კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე კვლავ დაადანაშაულა ნეონაციზმსა და რუსოფობიაში.
პუტინმა გაიმეორა უარგუმენტოდ ადრეც არაერთხელ ნათქვამი, რომ “კიევის რეჟიმი” ჩაგრავდა დონბასის რუსულენოვან მოსახლეობას, რომ დონბასი 2014 წლიდან ელოდებოდა რუსეთის დახმარებას და რომ დასავლეთი დიდი ომისთვის ამზადებდა კიევს, რომელიც აპირებდა დარტყმას არა მხოლოდ დონბასზე, არამედ ყირიმზეც. როგორც პუტინმა თქვა, ომი გააჩაღა დასავლეთმა, რუსეთი კი, ძალას იყენებს რათა ომი შეაჩეროს.
რუსეთის პრეზიდენტმა მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზე პასუხისგებლობა დააკისრა დასავლეთს და „კიევის რეჟიმს“, რომელსაც პუტინის თქმით, უკრაინელი ხალხი არ აინტერესებს. მისივე განცხადებით, დასავლეთი აპირებს ლოკალური კონფლიქტი გლობალური დაპირისპირების ფაზაში გადაიყვანოს. პუტინის თანახმად, დასავლეთის მიზანია რუსეთს მოსწყვიტოს “ისტორიული ტერიტორიები, რომლებსაც დღეს უკრაინას უწოდებენ”.
რუსეთის ფედერალური კრებისადმი პრეზიდენტ პუტინის მიმართვა წინ უძღვის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავს, 24 თებერვალს.
ომის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში რუსულმა არმიამ ვერ შეძლო სრული კონტროლის დამყარება უკრაინის ვერცერთ რეგიონზე.
დასავლეთის სახელმიწოფები უკრაინას უწევენ მასშტაბურ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას და რუსეთის პოტენციალის შესაზღუდად აამოქმედეს მასშტაბური სანქციები.