მსოფლიო

ჩვენ ბანანის რესპუბლიკა არ ვართ – ჯორჯ ბუშ უმცროსი

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშ უმცროსმა კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერთა შეჭრაზე განაცხადა, რომ მსგავსი რამ ბანანის რესპუბლიკაში ხდება და არა დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

მისივე განცხადებით, ის შეძრულია ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის უგუნური ქცევითა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულობით.

ჯორჯ ბუშ უმცროსმა განაცხადა, რომ ძალადობრივი თავდასხმა კაპიტოლიუმზე და კონგრესის სხდომის ჩაშლა იყო ამაზრზენი სანახავი. მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების შემდგომი პროცესები გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას დემოკრატიული ინსტიტუტების, ტრადიციების და სამართალდამცავების მიმართ.

“აშშ-ში ყველა პარტიოტი მოქალაქისთვის ფუნდამენტურია კანონის უზენაესობის პატივისცემა. ჩვენი ქვეყანა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკაა“, – აცხადებს ჯორჯ ბუშ უმცროსი.

შეგახსენებთ, 6 იანვარს წარმომადგენელთა პალატას და სენატს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემოწმებინა, რა დროსაც კაპიტოლიუმში პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ. მათ კონგრესის ორივე პალატის სხდომა ჩაშალეს.

ვაშინგტონის პოლიციის მონაცემებით, აშშ-ის კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი ქალი კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარმა სროლამ იმსხვერპლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

კონგრესში შეჭრის შედეგად, პოლიციის სულ მცირე 14 ოფიცერი დაშავდა. 52-ზე მეტი პირი სამართალდამცველებმა დააკავეს. 47 მათგანი კომენდანტის საათის დარღვევის გამო იქნა დაპატიმრებული. დაკავებულთა შორის რამდენიმეს ბრალად ედება იარაღის უკანონო ტარება.

ვაშინგტონის მერმა, მურიელ ბოუზერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გაახანგრძლივა. ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის მეორე დღიდან მოიხსნება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, ბანანის რესპუბლიკას უწოდებენ ქვეყანას, რომლის ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებულია ერთ რომელიმე საექსპორტო პროდუქტზე (სოფლის მეურნეობის პროდუქცია იქნება თუ წიაღისეული). ტერმინი პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც 1904 წელს ის ო. ჰენრიმ გამოიყენა რომანში “კომბოსტო და მეფეები”.

მსგავსი პოსტები

Back to top button