მნიშვნელოვანი

,,ჩვენ ვაგრძელებთ იმ ბრძოლას, რისთვისაც 9 აპრილს იბრძოდნენ“ – ანა სუბელიანი

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ,,თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები სიტყვით გამოდიან. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ანა სუბელიანი საზოგადოების ნაწილში არსებულ უკმაყოფილებას გამოეხმაურა, რაც 9 აპრილის მემორიალურ დაფაზე მისმა ცეკვამ გამოიწვია.

,,ჩემთვის ეს იყო თავისუფლების აქტი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ვინმესთვის ეს იქნებოდა შეურაცხმყოფელი, იმდენად წრფელი იყო ის, რაც მე გავაკეთე და იმდენად სუფთა გულით და ემოციით გავაკეთე“, – განაცხადა ანა სუბელიანმა და 9 აპრილის მონუმენტთან შეკრებილ კონტრაქციის მონაწილეებს მოუწოდა, სხვა თვალით შეხედონ მომხდარს.

,,ჩაიხედეთ გულში, რატომ ხედავთ ყველანაირ ქმედებაში მხოლოდ სიბინძურეს? ჩვენ ვაგრძელებთ იმ ბრძოლას, რისთვისაც 9 აპრილს იბრძოდნენ. ისინი იბრძოდნენ იმისთვის, რომ უკეთესი ქვეყანა გვქონოდა, სწორედ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ ჩვენ. არ შეიძლება ადამიანზე უფრო ღირებული გახდეს ქვა, რის მიმართ მიძღვნილიც არ უნდა იყოს ეს ქვა. მით უმეტეს, ეს მონუმენტი არის თავისუფლების სიმბოლო და ჩვენც აქ ვდგავართ თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ანა სუბელიანმა.

შეგახსენებთ, დღეს, კონტრაქციის მონაწილეები შეეცადნენ, ,,თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტებისთვის მემორიალის ყვავილებით შემკობის საშუალება არ მიეცათ, თუმცა სიტუაცია სამართალდამცველებმა განმუხტეს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button