მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩვენი დასავლელი პარტნიორები ქართველი ხალხის მეგობრები არასოდეს ყოფილან-ზარქუა

საქართველოს მეგობარი ქვეყნების გამოხმაურებები კანონთან დაკავშირებით

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, ანტიდასავლურ განცხადებას აკეთებს და ამტკიცებს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ქართველი ხალხის მეგობრები არასოდეს ყოფილან.

“კუბილიუსები, ფოტიგები, ჟიგმანტესები და გიჟმანტესები, ესენი არიან ამ მწვალებელთა პარტიის მეგობრები. ისინი არასდროს არ ყოფილან საქართველოს ინტერესების დამცველები. ჩვენი ქართველი ხალხის მეგობრები არასოდეს არ ყოფილან. ჟიგმანტასი იყო ის, ვინც ლობირებდა სააკაშვილი გამოუშვით, თორე კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთო. ჟიგმანტასები იყვნენ ესენი ყველანი და ეს მწვალებელთა პარტიები, ვინც გვყავს ჩვენ ნაცები, აქ რომ არიან, უსამშობლოები. ყველანი ესენი ჟიგმანტასები არიან. გიგაურს და ლომჯარიას მოუწევს თავისი მილიონობით დაფინანსების გამჭვირვალობა, დეკლარირება და ამის შემდეგ გააგრძელონ. თუ ჩვენ ქვეყნის საწინააღმდეგო არ არის, იმოქმედეთ, იმუშავეთ, პრობლემა რა არის. და თუ წინააღმდეგი იქნებით, არ გაგატარებინებთ. არ აგარევინებთ,” – ამბობს ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში იმყოფება ევროკავშირის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები შედიან. მათ შორისა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, რომელიც გუშინ, 13 მაისს, რუსთაველის გამზირზე მივიდა და ამ ფორმითაც გამოუცხადა სოლიდარობა რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს.
EU-ს დელეგაცია შეხვდა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მათ შეხვედრაზე უარი განუცხადა და მიზეზად რუსული კანონის განხილვა დაასახელა.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის მიღებას ეხმაურება და წერს, რომ ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს.
“უცხოური აგენტების კანონის” მიღება, მიუხედავად ფართო პროტესისა და შეშფოთებისა, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას, საფრთხეს უქმნის მის ევროინტეგრაციის გზას და ზიანს აყენებს დიდი ხნის ურთიერთობას მეგობრებთან და პარტნიორებთან. ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს” – წერს ნორვეგიის საგარეო.
მასობრივი პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად “უცხოური აგენტების კანონის” მიღება საქართველოს დიდი ხნის მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობებს დააზიანებს. ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბარტ ეიდე ავრცელებს.
“მასობრივი პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად “უცხოური აგენტების კანონის” მიღება ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას, საფრთხის ქვეშ აყენებს მისი ევროპული ინტეგრაციის გზას და ურთიერთობებს დააზიანებს დიდი ხნის მეგობრებთან და პარტნიორებთან. ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი გაწვეულ უნდა იქნას”, – განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო “ოცნების” მიერ რუსული კანონის მიღებას ეხმაურება და წერს, რომ ევროპის თავისუფლების კავშირი აგებულია კანონის უზენაესობაზე და ახლა ჯერი მთავრობაზეა, გამოიყენებს თუ არა ისტორიულ შესაძლებლობას, რომელსაც ევროპა სთავაზობს.
“ევროპის თავისუფლების კავშირი აგებულია კანონის უზენაესობაზე. და თბილისში ხალხი ამისთვის გამოდის ქუჩაში. საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა, რომელსაც გთავაზობთ ევროპა, ნაცვლად იმისა, რომ შემოიღოს კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპის ღირებულებებს” – წერია განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთში, მინისტრი ევროპის საკითხებში ნუსრათ განი “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის მიღებას ეხმაურება, განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს შეცვალოს კურსი და გააუქმოს ეს კანონმდებლობა.
“სცენები საქართველოში შოკისმომგვრელია – და როგორც საქართველოს მეგობრები მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ ყველა მხარეს.საქართველოს პარლამენტმა დღეს, მხარი ისევ დაუჭირა კანონს “საგარეო გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ. ჩვენი პარტნიორების მსგავსად, დიდი ბრიტანეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ კანონმდებლობის შემოღებას.
ეს კანონპროექტი და მომიტინგეების ორკესტრირებული დაშინება არ შეესაბამება NATO-ს ასპირანტი ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს და ფუნდამენტურად რისკავს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. როგორც მე, საქართველოს ელჩს, დღეს საუბრისას განვუცხადე, ჩვენ პროცესებს ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით. ახლა მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს კურსი და გააუქმოს ეს კანონმდებლობა” – წერია განცხადებაში.

გაწევრიანების პროცესი ავტომატური არ არის და თუ საქართველოს მთავრობა ირჩევს რუსეთს, მაშინ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ვერ დაიწყება. ასე რომ კანდიდატის სტატუსი, რომლისთვისაც ამდენი ვიბრძოლეთ, უფასურდება – ევროკომისიის თავმჯდომარის ეს გზავნილი დღეს თბილისში, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა გაახმოვანა.

ფინეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ჩეხეთის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა, გამართული შეხვედრების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ. ევროპული დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ რუსული კანონით ევროკავშირში გაწევრიანების ყველა გზა ჩაიკეტება:

“ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები და ერთიანნი ვართ იმაში, რომ უნდა იყოს დაცული თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. ჩვენ აქ ვართ როგორც საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები. ჩვენ გვაქვს ორი მისია. პირველი არის იმ ხალხის მხარდაჭერა, რომელიც ქუჩაში მშვიდობიან აქციას მართავს ჩვენი ევროპული ფასეულობებისთვის. ევროკავშირი არის უპირველესად ფასეულობების ერთობა და არა უბრალოდ ერთიანი ბაზარი. თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა არის ვალდებულება ყველა ჩვენგანისთვის. სწორედ ამიტომ ვართ მადლობელი იმ ხალხის, ვინც ხმას იმაღლებს თბილისის ქუჩებში.

ჩვენი მეორე მისია არის ერთმანეთის მოსმენა. ჩვენ გვინდოდა თქვენს მთავრობასთან, მმართველ პარტიასთან საუბარი. ჩვენ ვესაუბრეთ ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მაგრამ ჩვენ გაწბილებულები და გაოგნებულები დავრჩით, რომ ჩვენს დელეგაციას არ მიეცა მთავრობასთან შეხვედრის საშუალება, რადგან აღმოჩნდა, რომ მთავრობა ზედმეტად დაკავებულია. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შევხვედროდით, მაგრამ არა პარლამენტში, არამედ ქართული ოცნების შტაბბინაში, რაც ჩვენთვის ასევე ცოტათი გამაღიზიანებელი იყო.

დღეს უცხოელი აგენტების კანონმა მესამე მოსმენაც გაიარა და ჩვენ ამის გამო გაწბილებულები ვართ, რადგან ჩვენ ვიბრძვით, რომ საქართველომ გაიაროს ეს გრძელი და რთული გზა ევროკავშირისკენ. შარშან საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ეს არ იყო ადვილი, რადგან ეს იყო არა საჩუქარი მთავრობისთვის არამედ უფრო სამოქალაქო საზოგადოების წახალისება, იმიტომ რომ თქვენ უნდა ამაყობდეთ თქვენი სამოქალაქო საზოგადოებით. მე არსად არ მინახავს ევროპული ფასეულობებისადმი ასეთი ერთგული სამოქალაქო საზოგადოება, როგორიც საქართველოშია. ეს ხალხი მტერი არ არის, ისინი პარტნიორები არიან. მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ეს მთავრობა ააშენებს ხიდებს სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლარიზაციას დაასრულებს.” განაცხადა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა.

“მე ყოფილი დიპლომატი ვარ და 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიყავი. მაშინ ჩვენი პრეზიდენტი, ბალტიის სხვა ქვეყნების, ასევე პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად ჩამოვიდა თბილისში და იდგა იმ ადგილას, სადაც იმედი გვქონდა, რომ რუსულ ტანკებს გავაჩერებდით. ახლა კი, როდესაც ვხედავ, როგორ გამოდიან ქუჩაში ახალგაზრდები, რათა პროტესტი გამოთქვან საკუთარი მთავრობის მიმართ, რომელიც იპარავს მათ მომავალს და ქვეყანას რუსეთისთვის ხსნის, ეს ძალიან მტკივნეულია.

წამოსვლამდე მე ევროკომისიის თავმჯდომარეს შევხვდი და მან მითხრა, რომ თქვენთვის გადმომეცა: გაწევრიანების პროცესი ავტომატური არ არის და თუ საქართველოს მთავრობა ირჩევს რუსეთს, მაშინ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ვერ დაიწყება. ასე რომ კანდიდატის სტატუსი, რომლისთვისაც ამდენი ვიბრძოლეთ, უფასურდება.

საქართველომ უკვე წააგო ბრძოლა ნატოს წევრობისთვის. მე ვიყავი ბუქარესტის სამიტზე და ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმა მინიჭებოდა. დიახ, ჩვენ პრობლემები გვქონდა გერმანიის დელეგაციასთან. ახლა მიხაელ როთი და გერმანიის ბუნდესტაგის ხუთი პარტია ჩვენთან ერთად არის. მე ვაშინგტონში ვიქნები მალე, რომ უკრაინის ლობირება მოვახდინო ამ საკითხში, მაგრამ მე ვერ მოვახდენ საქართველოს ლობირებას. როგორ უნდა გავაკეთო ეს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ეს კანონი მიიღო? ასე რომ, ძალიან სამწუხაროა იმის ხილვა, როგორ იპარავს ქართული კოშმარი ქართველების ოცნებას. მე ვიცი, რომ ეს გაფართოების ფანჯარა დაიხურება. და დაიხურება მალე.” ამბობს ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი.

“სამწუხაროდ ქართული ოცნების მიერ მედიაში ბევრი ტყუილი გავრცელდა. ერთ-ერთი ტყუილია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება 2030 წლისთვის. მაგრამ სამწუხაროდ, ამ კანონით, რომელიც დღეს იქნა მესამე მოსმენით მიღებული, ეს შეუძლებელი იქნება. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს მთავრობა არ იღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ამ გადაწყვეტილებას იღებენ წევრი სახელმწიფოები. ჩვენ წარმოვადგენთ ამ სახელმწიფოებს და ახლავე გეუბნებით, რომ ეს შეუძლებელი იქნება, თუ საქართველოს მთავრობა ასეთ გზას აირჩევს. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ამ კანონს ვეტოს დაადებს და ასევე ვიტოვებთ იმედს, რომ საქართველოს მთავრობა შეწყვეტს ამ კანონის მიღების პროცესს.” განაცხადა ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, სებასტიან ტინკინენმა.

“ამ კანონის მიღებით საქართველოს მთავრობამ ნათლად აჩვენა, რომ ევროპული მომავლით დაინტერესებული არ არის”, – წერს აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან ჯიმ რიში X-ზე.
“დღეს, ამ კანონის მიღებით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას დიდ ზიანს აყენებს, საქართველოს მთავრობამ ნათლად აჩვენა, რომ ევროპული მომავლით დაინტერესებული არ არის. ეს ქართველების 80%-სთვის, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მასიური სილის გაწნაა”, – წერს რიში.

“პარლამენტის მიერ ამ კანონპროექტის მიღება არის საქართველოს პროდასავლური და ევროატლანტიკური მიმართულების შელახვა,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამ განაცხადა.
“ძალიან ცუდი ამბავია დღეს საქართველოში. ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წაქეზებით, ქართულმა ელიტებმა გადაწყვიტეს რუსეთის სტილის უცხოელი აგენტების კანონის დაწესება ქართული საზოგადოებისთვის, აშკარად ქართველების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ.
საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კანონპროექტის მიღება არის საქართველოს პროდასავლური და ევროატლანტიკური მიმართულების შელახვა. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, დასავლური სტრუქტურებისკენ მიმავალ გზაზე. შეინახეთ გამბედაობა და დარჩით იმედიანები, რომ მიაღწიოთ თქვენს მიზნებს,” – განაცხადა ფოტიგამ.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მმართველ პარტიას მოუწოდებს გაიწვიოს კანონი:
“საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. აღნიშნულ კანონპროექტს მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი, პარტნიორების გულწრფელი მოწოდებების მიუხედავად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ხალხის მოწოდებას დემოკრატიისკენ და მტკიცედ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გააუქმოს კანონი და დაიცვას ევროკავშირის გზისადმი ერთგულება” – აცხადებს ლარს ლოკე რასმუსენი
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია რუსული კანონის მიღების გამო წუხილს გამოთქვამს.
მათი თქმით, კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას.
მათივე განცხადებით, სხვა საფრთხეებთან ერთად, ამ კანონმა შეიძლება დააბრკოლოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიწოდება.
“აუცილებლად მიგვაჩნია ძალადობისა და დაშინების ყველა შემთხვევის გამოძიება, რომელთაც ადგილი ჰქონდათ პროტესტების მიმდინარეობისას და მათ შემდეგ. გაერო განაგრძობს თანამშრომლობას პარტნიორებთან თანასწორი და სამართლიანი საქართველოს მხარდასაჭერად”, – ნათქვამია განცხადებაში.

“[რუსული] კანონის მიღება ეწინააღმდეგება ქართველ ხალხში დიდძალ პროევროპულ და დემოკრატიულ დამოკიდებულებას,” – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი და ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი თომას ჰაკერი X-ზე წერს.
“უცხოეთის აგენტების კანონის მიღება უგულებელყოფს და დიამეტრულად ეწინააღმდეგება ქართველ ხალხში დიდძალ პროევროპულ და დემოკრატიულ დამოკიდებულებას. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი [ქართველი ხალხი] მოიგებენ ამ ბრძოლას თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის, რუსული სტილის ტირანიის წინააღმდეგ,” – წერს ჰაკერი.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” უმრავლესობამ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ფონზე, რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 30 წავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button