მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

,,ჩვენი განზრახვაა, დავსაჯოთ საქართველოში ის ადამიანები, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს“-კალასი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ საქართველოზეც საუბრობს.

„ჩვენ მზად ვართ, რომ განვიხილოთ დამატებითი შემზღუდავი ზომები მათ წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან [რეპრესიულ და უკანონო ქმედებებში საქართველოში]“, – განაცხადა კაია კალასმა დღეს, 23 ივნისს, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

მოგვიანებით, ჟურნალისტის კითხვაზე, – რომელიც ოპოზიციონერი ლიდერების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის დღევანდელ დაპატიმრებას, ასევე, უფრო ფართო რეპრესიებსა და მათზე პასუხად ბრიუსელის მოქმედებებს ეხებოდა, – კაია კალასმა განაცხადა:

„დიახ, დღეს ჩვენ ესეც განვიხილეთ, – სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ამას აკეთებს. დემონსტრანტების წინააღმდეგ მიღებულ სასჯელის ზომებს თუ გადავხედავთ, ეს უკიდურესად – არც კი ვიცი, რა სიტყვა გამოვიყენო – არაპროპორციულია“.

კაია კალასის თქმით, ეს ნიშნავს, რომ „მართლმსაჯულების სისტემა, როგორც ჩანს, ამ რეპრესიული მანქანის ნაწილია“: „შესაბამისად, გვქონდა დისკუსია, რომ სანქციები დავუწესოთ მოსამართლეებს, რომლებიც ამ ყველაფერს აკეთებენ“, – თქვა კაია კალასმა.

თუმცა, მისი თქთით, მინისტრებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ამ საკითხის განხილვას ივლისში დაუბრუნდებიან, შემდეგი შეკრებისას.

„იმედი მაქვს, რომ რაიმე მოძრაობას მივაღწევთ. დისკუსია იმაზეა, ახლა საქართველოს ვსჯით თუ არა. ჩვენი მიზანი არ არის ქართველი ხალხის ან საქართველოს დასჯა, ჩვენი მიზანია იმ კონკრეტული ადამიანების დასჯა, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს“, – განაცხადა მან.

პერსონალური სანქციების დაწესებას კონსენსუსი – 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა – სჭირდება, რაც, სულ მცირე, „ქართული ოცნების“ მთავრობის მოკავშირე უნგრეთის ხელისუფლების პირობებში არ არსებობს; ამასთან, კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, თუმცა ბრიუსელი თავს იკავებს ამ ზომის გამოყენებისგან.

დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მდგომარეობაც განიხილეს. მათ განიხილეს ლიეტუვის შეთავაზება, – 6-პუნქტიანი გეგმა, რომელშიც საუბარია სხვადასხვა პასასუხო ზომაზე, მათ შორის:

ევროკავშირის მხრიდან “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობასთან ყველა სახის პოლიტიკური ურთიერთობის შეწყვეტაზე
ევროკავშირის საქართველოს დასახმარებლად განკუთვნილი პროექტების, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გრანტებითა და სესხებით დაფინანსებული პროექტების შეწყვეტაზე
დამატებითი შემზღუდველი კანონმდებლობის პირობებში, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტების შედგენაზე.
მინისტრების დღევანდელი შეხვედრის პარალელურად, საქართველოში დააპატიმრეს ოპოზიციური პარტია „ლელოს“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, – „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე.

პოლიტიკოსების დაკავების საფუძველია გამოუცხადებლობა სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ 2025 წლის 5 თებერვალს შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში.

მათ რვათვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე, ორი წლით სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლების შეზღუდვა.

მსგავს საქმეზე 7-თვიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ზურა ჯაფარიძეს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც უკვე დაპატიმრებული იყო, რადგან გირაო არ გადაიხადა.

ამავე ბრალდებით დაკავებული არიან ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა მელია და ნიკა გვარამია – სასამართლოს მათ საქმეებზე ჯერ განაჩენი არ გამოუცხადებია. ისინი პატიმრობაში არიან და განაჩენს ელოდებიან.
გარდა უკვე დაკავებული პოლიტიკოსებისა, კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც: გიორგი ვაშაძე და გივი თარგამაძე.

გიორგი გახარია იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ. თუმცა 16 ივნისს ის კიდევ ერთხელ დაიბარეს კომისიაზე.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხს დეტალურად არ განიხილავენ, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

კაია კალასის თქმით, სხდომაზე დააყენებს სანქციების საკითხს.

„ჩვენ დღეს საქართველოსაც განვიხილავთ. რა თქმა უნდა, როგორც თქვენ ამბობთ, ვითარება უარესდება და ვხედავთ ბევრი მოვლენის განვითარებას. ამიტომ კვლავ დავაყენებ სანქციების საკითხს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ ძალადობას და არღვევენ ადამიანის უფლებებს საქართველოში. ჩვენ ასევე განვიხილავთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რადგან საქართველო სწორ გზაზე არ მიდის. ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ჩვენ დღეს დეტალურად არ განვიხილავთ, მაგრამ დიახ, ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია“, – განაცხადა კაია კალასმა.

მაშინ, როცა მსოფლიო სხვა მხარეს იყურება, საქართველოს მმართველი პარტია, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ოპონენტებს ერთი მეორის მიყოლებით აპატიმრებს,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს.

„მაშინ, როცა მსოფლიო სხვა მხარეს იყურება, საქართველოს მმართველი პარტია, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ერთ ოპონენტს მეორის მიყოლებით აპატიმრებს. ქვეყანას მძიმე ბურუსი დააწვა. „ქართული ოცნება“ მხოლოდ კოშმარია და სხვა არაფერი“, – წერს ევროპარლამენტარი X-ზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button