„ჩვენი მეგობარი საქართველო, ძალა ერთობაშია“- ვოლოდიმირ ზელენსკი
დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბათუმში, პეტრას ციხეზე გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა საქართველოსა და უკრაინის მეგობრობის მნიშვნელობაზე-„ჩვენი მეგობარი საქართველო, ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ისტორიული გამოცდების შემდეგ, ცხადყოფს, რომ ძალა ერთობაშია“.
ასევე მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების გამო- “უკრაინის ორ მოქალაქეს ვაბრუნებთ, რომლებიც დაკავებულები იყვნენ და მადლობას მოვახსენებთ ამ საკითხთან მიმართებით სალომე ზურაბიშვილს”.
„ძალიან მიხარია, რომ ქართულ, სტუმართმოყვარე მიწაზე ვდგავარ. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. პირველად მაქვს პრეზიდენტის როლში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა და ძალიან კარგ საზოგადოებაში მიწევს ყოფნა.
ევროპისადმი მისწრაფების კონტექსტში, ერთად პირველად შევიკრიბეთ და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ პირველად განვაცხადეთ საერთო მიზნების შესახებ, რომ სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ ევროკავშირის.
ჩვენ გვაერთიანებს არამარტო მიმართულება და სამიზნე წერტილი, არამედ ჩვენი სურვილი, რომ ამ ტრიომ ეს გზა ხელჩაკიდებულებმა გავიაროთ და ჩვენი ქვეყნებისთვის მივაღწიოთ სრულ ევროპულ ინტერგრაციას. ეს სამიზნე წერტილი მიღწევადია. დარწმუნებულები ვიყოთ შეგვიძლია, ვინაიდან შარლ მიშელი ამ წარმატებას აღნუსხავს და ევროპაში ჩვენს მომავალ პარტნიორებს აუცილებლად მიაწვდის, ჩვენ გვაქვს შესაძლებობა 49-ე მუხლის ფარგლებში, რომ ამ გზაზე წარმატებით ვიაროთ…
ახალი მიდგომებით ამ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე უნდა მიეცეს საშუალება აღმოსავლეთის ტრიოს წარმოადგინოს თავისი წარმატება და სტრატეგიული მიზნები, პოლიტიკური მიზნები ამ ტრიოსი. ამ შესაძლებლობას ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ. სამიტის დეკლარაცია, რომელიც ბათუმში გაფორმდა, ასახავს ჩვენს სულისკვეთებას და ეს მისწრაფება გვაერთიანებს უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას“ – ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტთან ჩავიდა და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ამასთან დაკავშირებით მან ასეთი კომენტარი გააკეთა:
“ჩემი ვიზიტის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, რათა მენახა უსაფთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ საკუთარი ყურით მომესმინა. უკრაინაში საოკუპაციო ხაზთან ყოველთვე მივდივარ. ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენთანაც მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა. ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არის ქვეყნები, რომელთაც არჩევანი გააკეთეს და დღეს ვართ გაერთიანებული”.