გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციით სტიქიის დროს 5 პროცესის თანხვედრა მოხდა

გარემოს ეროვნულ სააგენტოს სპეციალისტები, ონის მუნიციპალიტეტში განვითარებულ სტიქიურ გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესების ადგილზე შეისწავლის მიზნით, სტიქიის ადგილზე რჩებიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გეოლოგებისა და ჰიდროლოგების მიერ რამდენჯერმე განხორციელდა ტერიტორიის დათვალიერება, ჩატარდა ინსტრუმენტული მონიტორინგი.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სტიქიის დროს 5 პროცესის თანხვედრა მოხდა.
მათივე ცნობით, მდინარე ბუბასწყლის ხეობაში (მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი), მყინვარების ბუბა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ნალექმა დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი, განვითარდა აქტიური გვერდითი ეროზიული პროცესები. ასევე, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ. სანაპირო მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში.
ამასთან გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მათ მიერ მომზადებულ, 2022 წლის გეოლოგიურ ბიულეტენში საუბარია არა მდ. ბუბისწყალზე, სადაც ღვარცოფი განვითარდა, არამედ მდ. დღვიორაზე, სოფელ გლოლას მიმდებარე ლოკაციაზე, რომელიც სტიქიის ზონიდან 1,5 კილომეტრით ქვემოთ მდებარეობს.
სააგენტოს განმარტებით, მდ. ბუბისწყალზე განვითარებულ ღვარცოფს, ასეთი დიდი მასშტაბის პროცესს წარსულში ადგილი არ ჰქონია.
„რაც შეეხება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ დასკვნებს, გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ ყოველწლიურად მზადდება საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენი, სადაც აღწერილია ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური საფრთხეების შესახებ არსებული მდგომარეობა საანგარიშო წელს და პროგნოზი შემდგომი წლისათვის. 2022 წლის ბიულეტენში საუბარია მდ. დღვიორაზე, რომელიც არის მდ. ჭანჭახის მარცხენა შენაკადი, სადაც ხშირია ღვარცოფული ნაკადების გავლა.
ეს ლოკაცია 1,5 კილომეტრით ქვემოთ მდებარეობს სტიქიის ზონიდან მდინარის დინების მიმართულებით. მდ. ბრდღვიორას ხეობა სულ სხვა მორფოლოგიურ და გეოლოგიურ პირობებშია ჩამოყალიბებული.
აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ დამუშავებული ინფორმაციის შედეგად, ცნობილია, რომ მდ. ბუბისწყალზე (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი) განვითარებულ ღვარცოფს, ასეთი დიდი მასშტაბის პროცესს წარსულში ადგილი არ ჰქონია; შოვში ასეთ მოვლენა არ დაფიქსირებულა. განსხვავებით სოფ. გლოლას მიმდებარე ლოკაციისგან, მდ. ჭანჭახის მარცხენა შენაკად დღვიორასგან, სადაც ღვარცოფული პროცესების აქტიურობა ხშირია. სწორედ აღნიშნულ ლოკაციაზე ღვარცოფის საშიშროების შესახებ არის ინფორმაცია მოცემული გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენში და არა მდ. ბუბისწყალზე (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2021 წელს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წარადგინა ანგარიში, სადაც წერია, რომ “ღვარცოფული პროცესი საშიშროებას უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.” 2021-ის ანგარიში ”მწვანე ალტერნატივას” დირექტორმა ნინო გუჯარაიძემ გუშინ გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სააგენტო 2022 წლის პროცესების პროგნოზის შედეგებს არ ასაჯაროებს.
3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა, რასაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 25-მდე პირს კი ამ დრომდე ეძებენ. სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 210 ადამიანია გაყვანილი.
შოვში სამძებრო-სამუშაოებში უკვე მესამე დღეა, რაც მიმდინარეობს. მასში ჩართულია 400-მდე მაშველი, ორი ვერტმფრენი, პროცესში გუშინ ღამით ჩაერთო ჯარიც. შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი – 598 913 089.