რეგიონი

,,ჩვენი მოსახლეობა შეჩვეულია რომ ევროპარლამენტში არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც კრიმინალის გვერდში დგება,,-პაპუაშვილი

ჩვენი მოსახლეობა შეჩვეულია, რომ ევროპარლამენტში არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც კრიმინალის გვერდში დგება და ბრიფინგებს ატარებს, მიხეილ სააკაშვილს იღებდნენ თავისთან ოთახებში, წაახალისეს მისი შემოპარვა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ზუგდიდში კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შესაძლოა ამ რეზოლუციის ავტორები მოგვიანებით ვიხილოთ ამერიკაში ლობისტების რეესტრში.
„რაც შეეხება ამ რეზოლუციას, მგონი, ჩვენი მოსახლეობა შეჩვეულია, რომ ევროპარლამენტში არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ვხედავთ, რომ კრიმინალის გვერდში დგება და ბრიფინგებს ატარებს, მიხეილ სააკაშვილს იღებდა თავისთან ოთახებში, წაახალისა მისი შემოპარვა საქართველოში. ფაქტობრივად, გასწირეს ქართველი ხალხი დაპირისპირებისთვის ზუსტად ამ ევროპარლამენტარებმა, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ ტელეეკრანებზე. ეს ის პარლამენტარები არიან, რომლებიც შემდეგ ამერიკაში ლობისტების რეესტრში აღმოჩნდნენ, რომ ამერიკელი ლობისტები ამზადებენ რეზოლუციის ტექსტებს მათთვის. ჩანს პირდაპირ, რომ აქ ევროპარლამენტის გარკვეული დეპუტატების მხრიდან საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერებასთან. რაც შეეხება რეზოლუციას, ეს არის პოლიტიკური განაცხადი და სხვა არაფერი. ჩვენ ასეთი ჩანაწერები ადრეც გვქონდა, როგორც დასანქცირებაზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, არაფერი ამ მხრივ აქ სიახლე არ არის. არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც აქვს პირადი დამოკიდებულება და პირადი ვენდეტა ქართველი ხალხის მიმართ და ცდილობენ ეს ბოლო რამდენიმე კვირა, რაც დარჩენილი აქვთ ევროპარლამენტში, გამოიყენო, რათა თავს დაესხან ქართველ ხალხს. ეს უპირველეს ყოვლისა აზიანებს თავად ევროკავშირს, ევროკავშირის პრესტიჟს ქართველი ხალხის თვალში, ვინაიდან როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული ინსტიტუცია თავს ესხმის ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, ეს იწვევს ნეგატივს ჩვენს მოსახლეობაში და აზიანებს თავად ევროკავშირის სახელს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, სალომე ქურასბედიანი, თენგიზ შარმანაშვილი, სოზარ სუბარი, ფრიდონ ინჯია და შალვა კერესელიძე. საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის კიდევ ერთი წევრია პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ნინო შავგულიძე.

“ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ” მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივას უმრავლესობის 83 დეპუტატი აწერს ხელს. პარლამენტში წარდგენილია მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი და ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით – “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”, რომელიც არაერთ შეზღუდვას გულისხმობს.

შეხვედრას ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარები მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გიორგი გუგუჩია ესწრებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button