მნიშვნელოვანისიახლეები

ჩვენს ქვეყანაში თითოეული ახალგაზრდა, არის ძვირფასი-აქციები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა-ოცნების გუნდი

ჩვენს ქვეყანაში ჩვენთვის თითოეული ადამიანი, თითოეული მოქალაქე, განსაკუთრებით თითოეული ახალგაზრდა, არის ძვირფასი. მოვუწოდებ ყველა მშობელს, საკუთარი შვილები მაქსიმალურად მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ლიბერალური ფაშიზმი არის ზუსტად ისეთივე ტიპის იდეოლოგია, როგორიც იყო ბოლშევიზმი ერთი საუკუნის წინ.

„იცით, რამდენი ახალგაზრდა დაღუპეს ამ იდეოლოგიით, მათ შორის, ცნობილი სახეები, როგორიც იყვნენ გიგლა ბერბიჭაშვილი და სხვები. ნებისმიერი ასეთი რადიკალური იდეოლოგია არის ძალიან სარისკო, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. მინდა, მოვუწოდო თითოეულ მშობელს, მაქსიმალურად მოარიდონ საკუთარი შვილები ლიბერალური ფაშიზმის ნებისმიერ კერას. ეს კერები დაკავებული არიან კონკრეტული საქმიანობით, ეს არის, მაგალითად, ნარკოტიკების თავს მოხვევა ახალგაზრდებისთვის, არატრადიციული ინტიმური ურთიერთობების თავს მოხვევა და შემდეგ ამ ყველაფრის კომპრომატებად გამოყენება. ეს არის ყალბი ფასეულობების ჩანერგვა ადამიანებისთვის, საკუთარ ოჯახებთან დაპირისპირება და ა.შ. ამ ყველაფრის მსხვერპლი არის უამრავი ახალგაზრდა. საბედნიეროდ, ისინი არიან უმცირესობა ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ ჩვენთვის თითოეული ადამიანი, თითოეული მოქალაქე, განსაკუთრებით თითოეული ახალგაზრდა, არის ძვირფასი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მშობელს, საკუთარი შვილები მაქსიმალურად მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აქციები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს თბილისის ქუჩებსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

სეფაშვილის თქმით, ეს აქციები თავიდანვე გამიზნული იყო სწორედ ამ მიზნით და იქ არავითარ შინაარსზე არ იყო საუბარი, აქციები მშვიდობიანი შეკრების ფორმას თავიდანვე გასცდა.

„შინაარსში შესვლა არავის უცდია. შინაარსი, რის გამოც, ვითომდა დაიწყეს ეს აქციები, იყო აბსოლუტურად გასაგები ყველასთვის, ვისაც უნდოდა გაგება. ეს იყო ის, რომ საქართველო კიდევ უფრო აძლიერებს ევროინტეგრაციის პროცესს, რათა 2028 წლისთვის სთხოვოს ევროკავშირს მოლაპარაკებების გახსნა წევრობისთვის. ეს გამოიყენეს კიდევ ერთ საბაბად რევოლუციისთვის და სახელმწიფო გადატრიალებისთვის, რისი არაერთი მცდელობაც ჰქონიათ. ეს უკვე მეოთხე მცდელობაა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ამასთან, მისივე განცხადებით, ძალიან სამწუხაროა ძალადობის შემთხვევები. სეფაშვილის თქმით, ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს უნდა დასრულდეს ორივე მხრიდან.

„რაც მთავარია, სამართალდამცავების მიმართ ეს ძალადობის აქტები არის სისტემური, კარგად ორგანიზებული და წინასწარ დაგეგმილი. როგორც ვხედავთ, ვითომდა მშვიდობიან მომიტინგეებს მომარაგებული აქვთ „მოლოტოვის კოქტეილები“, სხვადასხვა საგანი, რომლებსაც ისვრიან, ასევე პიროტექნიკა, რომელიც საკმაოდ საშიში იარაღია და საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიაყენა პოლიციელებს, ხდება ვანდალური აქტები, მუნიციპალური თუ კერძო ქონების განადგურება.

ვხედავთ, რომ რუსთაველის გამზირზე ხე მოჭრეს, დაწვეს სკამები და ნაგვის ურნები. ეს არ არის მშვიდობიანი მიტინგი. დაზარალებულები, რა თქმა უნდა, ორივე მხარეს არიან. ჩვენ ვნახეთ ასევე ძალადობის შემთხვევა სამართალდამცველების მხრიდან, რასაც, რა თქმა უნდა, გამართლება არ აქვს, თუმცა ეს აქტი, რომელმაც მთელი საზოგადოება აღაშფოთა, გამოწვეული იყო სწორედ იმ განგრძობითი და დაუსრულებელი შეურაცხყოფების, მათი დაზიანების და მოთმინებიდან გამოყვანის დაუსრულებელი მცდელობების გამო. ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს უნდა დასრულდეს ორივე მხრიდან.

მე ყველა დაზარალებულს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ყველას მოვუწოდებ, რომ ძალადობრივი ქმედებებისგან თავი შეიკავონ. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და ყველას შეუძლია, ნებისმიერ საკითხზე გამოხატოს პროტესტი მშვიდობიანად და კანონის ნორმების სრული დაცვით. ეს აკრძალული არ არის, მაგრამ ძალადობა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ვანდალიზმი და ქონების დაზიანება, რა თქმა უნდა, ისჯება კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button