მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

“ჩვენს შორის ვინც ომის დროს გარბოდა, იმის დედა ვატირე”

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას უსმენენ, ხმაური იყო.

მიხეილ ყაველაშვილი

ხმაური “ევროპული საქართველოს” წევრების მიერ სხდომათა დარბაზის დატოვებამ გამოიწვია, რაზეც უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა მათ მიმართა, რომ ისევე გარბიან დარბაზიდან, როგორც “ომის დროს გარბოდნენ”.

გიგა ბოკერია

აღნიშნულზე მას გიგა ბოკერიამ შემდეგი რეპლიკით უპასუხა – “ჩვენს შორის ვინც ომის დროს გარბოდა, იმის დედა ვატირე”.

მომხდარს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და კოლეგებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

“კორექტულად, პარლამენტში გინება არ არის ღირსეული საქციელი.” – განაცხადა მან.

“ევროპულმა საქართველომ” დარბაზი მას შემდეგ დატოვა, რაც კითხვა-პასუხისა და დაზუსტებების პროცედურა დასრულდა.

პარლამენტში ხმაური მოჰყვა ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოში მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები “ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა და ზოგი რომელზე”.

ნათია თურნავა

“როდესაც ვსაუბრობთ კრიზისთან გამკლავებაზე, ნუ მოგაქვთ თავი ისე, რომ თქვენ გაქვთ რაღაც უპირატესი რეცეპტი. ძალიან მტკივა ხოლმე ამ ფაქტის განმეორება, მაგრამ მიწევს, როგორც ჩანს. თქვენი ნამართი კრიზისი ჩვენ ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დღევანდელი თქვენი და თქვენი მეგობარი პოლიტიკური ძალის ლიდერები, ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა და ზოგი რომელზე. ჭკუის დარიგება თქვენგან არის მიუღებელი.” – ასე მიმართა თურნავამ საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს.

მინისტრის ამ განცხადებას ოპოზიციის და უმრავლესობის დეპუტატების რეპლიკები მოჰყვა.

“თქვენ ხართ უსინდისო და მატყუარა.” – თქვა გიგა ბოკერიამ.

მოისმინეთ “ევროპული საქართველოდან” გიგა ბოკერიას, ირაკლი აბესაძის, გიორგი კანდელაკის, სერგი კაპანაძის, ზურაბ ჭიაბერაშვილის და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებები.

ცნობისთვის, სხვადასხვა პირის მიერ წარსულში არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია, თითქოს აგვისტოს ომის დროს საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები და დეპუტატები ქვეყანას ტოვებდნენ, რაც, საზღვრის კვეთის ოფიციალური დოკუმენტებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

აგვისტოს ომის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ხელისუფლების ცხრა წარმომადგენელი ომის მიმდინარეობის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა და ქვეყანაში სწორედ ამ დროს დაბრუნდა. მათ შორის არიან ნიკოლოზ რურუა, გიგა ბოკერია და გიორგი მელაძე, რომლებიც ქვეყანაში 9-10 ავისტოს დაბრუნდენ.

2008 წლის 7-14 აგვისტოს ხელისუფლების ყოფილი წევრების ქვეყნიდან გასვლა-შემოსვლის სია 2014 წელს ქართული ოცნების დეპუტატმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გამოაქვეყნა.

ირაკლი სესიაშვილის მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, 9 აგვისტოს ქვეყანაში დაბრუნდნენ: გიგა ბოკერია, ბაკურ კვეზერელი და გიორგი მელაძე. 10 აგვისტოს დაბრუნდნენ ნინო კალანდაძე, ნიკოლოზ რურუა და კობა სუბელინი. 11 აგვისტოს საქართველოს საზღვარი გიორგი ღვინიაშვილმა და პარუთიუნ ჰოვჰანესიანმა, 12 აგვისტოს კი, პაატა ლეჟავამ გადმოკვეთეს.

ომის პერიოდში ქვეყნიდან გავიდნენ და უკან დაბრუნდნენ დავით ბეჟუაშვილი (7-11 აგვისტო), გიგი წერეთელი (7-9 აგვისტო), მერაბ სამადაშვილი (12 აგვისტოს გავიდა და იმავე დღეს დაბრუნდა) და გოჩა მამაცაშვილი (8-12 აგვისტო).

მსგავსი პოსტები

Back to top button