მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველო მოლდოვასა და უკრაინაზე ადრე გახდება ევროკავშირის წევრი-კობახიძე

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას საქართველო 2024 წლის დეკემბერში იმსახურებს. თუმცა, როგორც ის ამბობს, ეს პოლიტიკური საკითხია და სამართლიანი გადაწყვეტილების იმედს გამოთქვამს.

„არ იქნება 2024-ში, იქნება 2025-ში, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2024-ში უნდა იყოს უკვე მიღებული ეს გადაწყვეტილება. შარშანაც გვეკუთვნოდა უკვე მოლაპარაკებების გახსნა, არათუ კანდიდატის სტატუსის მიღება. თუმცა პოლიტიკური საკითხია, ამაში ჩვენ ღრმად ვერ შევალთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შარშანაც გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა და მით უმეტეს გვეკუთვნის ეს 2024 წლის დეკემბერში. იმედი გვაქვს, რომ მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

კობახიძის თქმით, საქართველო მოლდოვასა და უკრაინაზე ადრე გახდება ევროკავშირის წევრი.

„როდის იქნება ეს, არის ცალკე საკითხი, მაგრამ მოლაპარაკებები აუცილებლად გაიხსნება და ჩვენ დარწმუნებული ვართ, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში”, – აღნიშნა კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე და დაამატა, რომ საქართველო ამ ორ ქვეყანას უსწრებს: „საბოლოო ჯამში, ყველა ხედავს, რომ საქართველო ბევრად უსწრებს წინ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას, მით უმეტეს ამ მძიმე პროცესების შემდეგ, რაც არის უკრაინაში და რაც გავრცელდა მოლდოვაზე ეკონომიკური კუთხით. ჩვენ ვართ ბევრად უფრო წინ ყველა თვალსაზრისით. ასეთ პირობებში ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ მართალია გვიან მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მათზე ბევრად უფრო ადრე შევალთ ევროკავშირში“.

ჩვენ გაცილებით სწრაფად შეგვიძლია, დავხუროთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ვიდრე ეს სხვა ქვეყნებს შეუძლიათ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეფორმების განხორციელების გზაზე კარგი გამოცდილება აქვთ.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება რეფორმების განხორციელების გზაზე, ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი ინსტიტუტები, გვაქვს ძალიან ძლიერი საჯარო სექტორი და შესაბამისად, ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის უფლებას და საშუალებას, რომ ჩვენ გაცილებით სწრაფად შეგვიძლია, მოლაპარაკების პროცესი გავიაროთ, ვიდრე სხვა ქვეყნებს. ჩვენ გაცილებით სწრაფად შეგვიძლია, დავხუროთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ვიდრე ეს სხვა ქვეყნებს შეუძლიათ. ამასთანავე, გასათვალისწინებელია აგრეთვე ეკონომიკური ფაქტორიც. ასევე, ის ფაქტორიც, რომ სამწუხაროდ, დღეს უკრაინა აგრესიის მსხვერპლია და შესაბამისად, ისიც ნათელია, რომ ქვეყანას, რომელიც ომშია, ბევრად უფრო მეტად გაუჭირდება რეფორმების გატარება. სწორედ ამიტომ, ამ რამდენიმე მიზეზის გამო ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ უფრო სწრაფად შეგვიძლია მოლაპარაკებების დასრულება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მოწოდებული ვართ, თუ ევროკავშირი 2030 წლისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მზად იქნება, საქართველომ ევროკავშირის წევრობა დაიმსახუროს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის აუცილებელი პირობაა, სახელმწიფოს და საზოგადოების ცხოვრების ყველა სფერო ევროკავშირის სტანდარტთან იყოს დაახლოებული.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საეტაპო იყო, რადგან ეს ნიშნავს, რომ პროცესში ოფიციალურად ხარ ჩართული. ხშირად უტრირებას ვაკეთებთ, თითქოს გარკვეული 12 პუნქტი, თუ ცხრა ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პირობაა, რაც ასე არ არის. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოს გაცილებით დიდი სამუშაო აქვს შესრულებული, ვიდრე ეს 12 პუნქტით იყო გათვალისწინებული და კიდევ მეტ სამუშაოს შევასრულებთ, ვიდრე ცხრა ნაბიჯით იქნება განსაზღვრული. ევროკავშირისთვის აუცილებელი პირობაა, რომ სახელმწიფოს და საზოგადოების ცხოვრების ყველა სფერო ევროკავშირის სტანდარტთან იყოს დაახლოებული.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში პოლიტიკური ინტრიგა ჩადებული? – ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, არის. როდესაც უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ხოლო საქართველოს არა, აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ ობიექტურ საზომზე დამოკიდებული არ იყო. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის ახსნა ევროკავშირში ვერავინ მოახერხა. უკრაინა ან მოლდოვა საქართველოზე წინ რაიმე ობიექტური პარამეტრებით რითაა? – ამაზეც ევროკავშირიდან ობიექტურ საზომს ვერავინ ასახელებს. ამ საკითხში გარკვეული პოლიტიკური ინტრიგა იყო ხოლმე. აქედან გამომდინარე, „ხალხი ძალა“ თავის პოლიტიკურ პროგნოზს აკეთებს. იმის მიუხედავად, რომ დღეს, ფორმალურად, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნილი არ არის, დღესაც საქართველო ევროკავშირთან მუდმივ სამუშაო რეჟიმშია. ჩვენთან ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებიც კი, შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს ეწირება, რასაც საქართველოში რადიკალური გლობალური ომის პარტია ახორციელებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კანდიდატის სტატუსის მიღებით საქართველო გადავიდა გაწევრიანების ეტაპზე. ოპოზიცია ცდილობს, დიდი მიღწევიდან ყურადღება გადაიტანოს სხვა საკითხებზე. სურთ, მნიშვნელოვანი მომენტი გააუფერულონ და მისი დისკრედიტაცია მოახდინონ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ახალი რეკომენდაციების შესასრულებლად საჭიროა გეგმის დამუშავება, ევროკავშირთან კომუნიკაცია და არა აჩქარება.

მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას ეს ისტორიული წარმატება. საქართველომ შეასრულა ძირითადი პირობები და მიიღო სამართლიანი შეფასება -კანდიდატის სტატუსი, რომლითაც ქვეყანა გადავიდა ბოლო ანუ გაწევრიანების ეტაპზე. ჩვენ არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი გვაქვს დღეს, არამედ გვაქვს მაღალი სანდოობა ევროკავშირის მხრიდან, ეკონომიკური ზრდა, რომელიც სჭირდება დემოკრატიას, ევროინტეგრაციას და დღეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მშვიდობა არის დაცული. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ მშვიდობიანი გზით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ოპოზიცია ცდილობს, რომ ამ დიდი და მნიშვნელოვანი მიღწევიდან ყურადღება გადაიტანოს სხვა საკითხებზე. მათ სურთ, როგორმე აწმყოს ეს მნიშვნელოვანი მომენტი ჩააქრონ, მაქსიმალურად გააუფერულონ, მოახდინონ მისი დისკრედიტაცია. ამიტომ საუბრობენ მომავალზე, რომელიც ჯერ არ მოსულა. ჯერ საჭიროა, შევაფასოთ, დავამუშაოთ გეგმა რეფორმების, შემდეგ ამის კომუნიკაცია მოხდეს ევროკავშირთან, ამის მერე ჩვენ სამუშაო პროცესს დავიწყებთ. აქ არაფერი აჩქარება არ არის საჭირო.

პირდაპირ პოლიტიკური მიზანია, როგორმე ხალხმა ეს მიღწევა „დროულად“ დაივიწყოს და გადაერთოს სხვა თემაზე, ეს არ არის ჯანსაღი აჩქარება. ერთადერთი, ვის ინტერესებშიც შედის აჩქარება, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციაა. მათ სახეებზეც, განცხადებებზეც ეტყობათ, რომ კანდიდატის სტატუსით არ არიან გახარებული და ეშინიათ, ამის გამო არჩევნებს უფრო დიდი ანგარიშით წააგებენ. ამიტომ დღეს მათი ერთადერთი მიზანია, როგორმე გადაფარონ ეს მიღწევა და გადაერთონ ახალ საკითხებზე. მთავრობის კრიტიკაც კი დაიწყეს, უკვე ახალი გეგმა რატომ არ არის შესრულებულიო. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამას სჭირდება საკმაოდ დიდი დრო, თანმიმდევრული მუშაობა. დიდი იმედი არ მაქვს, რომ რადიკალური ოპოზიცია შეიცვლის შინაარსს და გადაწყვეტს, თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება და როგორც ახლა გავაკეთეთ, მივაღწიეთ იმ შედეგს, რასაც დაგპირდით, მომავალშიც აუცილებლად მივაღწევთ შედეგს, თუმცა არასწორი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ. ამას დასჭირდება საკმაო დრო, ძალისხმევა, თანმიმდევრული მუშაობა, რასაც ჩვენი ქვეყანა აუცილებლად შეძლებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან რაღაც მოწოდებების, განცხადებების კეთება არასერიოზულია.

„არავის სჯერა, რომ ხალხი, რომელიც კანდიდატის სტატუსს ბლოკავდა, ფულს იხდიდნენ საქართველოს გაშავებაში, რათა საერთაშორისო საზოგადოებას დაეჯერებინა, თითქოს საქართველო დაშორდა ევროპას, ახლა არიან ძალზედ აღტყინებული და მოწადინებული, დროულად შეიტანონ წვლილი შემდგომ რეფორმებში. დაიწყება მომავალი სასესიო კვირები და საზოგადოება თვითონ ნახავს, რომ რადიკალური ოპოზიცია არც ევროპულ მომავალს უჭერს მხარს და არც რეფორმებს თავის ქვეყანაში“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი კიდევ ერთხელ ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. მისი თქმით, ოპოზიციას რევოლუციის მცდელობა კიდევ ექნება, ამჯერად ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის თემაზე მანიპულაციით.

მისივე თქმით, “ხალის ძალა” ცდილობს საზოგადოებას გაფილტრული და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

“რადგან ის გეგმა “ა” ჩავარდა, რომ კანდიდატის სტატუსის არ მიცემა გამოეყენებინათ არეულობისთვის, ახლა გადავიდნენ გეგმა “ბე”-ზე. დაიწყებენ პროვოცირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები იქნება გაყალბებული. არჩევნებთან ერთად არის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გახსნის კონტექსტი. მოლაპარაკებების გახსნაც ვიცით, რომ იგეგმება დეკემბერში. მცდელობა ექნებათ, იმისთვის რომ არჩევნები გაყალბდა, მოლაპარაკებების გახსნა საქართველოსთვის არ იგეგმება ევროკომისიაში. რადგან კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი დამოკლეს მახვილივით დაკიდებული ვერ გამოიყენეს, მცდელობა ექნებათ მოლაპარაკებების გახსნის არ მიცემის ინფორმაცია გამოიყენონ.

დეზინფორმაციულ, შხამიან ისრებს “ხალხის ძალა” ჩვენს თავზე ვიღებთ, იმისათვის, რომ ეს დეზინფორმაცია გადავთარგმნოთ და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, თუ ვინ არის ავტორი ამ შხამიანი ისრების, რომ საზოგადოება არ მოიწამლოს არასწორი ინფორმაციებით და მერე არ გახდეს ვიღაცის მსხვერპლი,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ 14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა, ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყებას მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმებს მიაღწევს.

გაწევრიანების საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკების დასაწყებად, ევროკავშირი ცხრა ნაბიჯის შესრულებას მოითხოვს.

ცნობისთვის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს – სულხან-საბა ორბელიანის სახელობის საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდო გადაეცათ.

ჯილდოები მათ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გადასცა. მინისტრმა თანამშრომლებს პროფესიული დღეც მიულოცა და კიდევ ერთხელ ისაუბრა კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა დიპლომატებს საკვალიფიკაციო სერტიფიკატები გადაეცათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button