უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა, რომ დაარტყეს რუსეთის კურსკის ოლქის ენერგოობიექტებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრმა თავდაცვის ძალების სხვა შემადგენლობასთან ურთიერთქმედებით იერიში მიიტანა რუსეთის კურსკის ოლქში მდებარე ოთხ ელექტროსადგურზე. ამის შესახებ 29 ივლისს, ღამით განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.
შედეგად ოლქს და მოსაზღვრე რაიონებს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.
“შედეგად, ელექტრომომარაგების შეფერხებები ფიქსირდება კურსკის ოლქის პონიროვსკის, კურსკის და სოლნცევსკის რაიონებში”, – აცხადებენ უკრაინელი სამხედროები.
გენშტაბის ინფორმაციით, შეტევის გამო მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო, სულ მცირე, ოთხი ქვესადგურის რაიონში. უკრაინა დარტყმების შედეგებად ასახელებს კურსკის, პონიროვსკის და სოლნცევსკის რაიონების ენერგომომარაგების შეფერხებას.
ამასთან სამხედრო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ეკონომიკა, რომელიც ომზე მუშაობს, უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა.
“ეს ობიექტები, სხვა საკითხებთან ერთად, უზრუნველყოფს რუსეთის რკინიგზის ფუნქციონირებას, რომელიც ახორციელებს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებას მისი საოკუპაციო ჯარის მხარდასაჭერად”, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გენშტაბის თანახმად, დარტყმის სამიზნე ობიექტების ერთ-ერთი დანიშნულებაა, უზრუნველყონ მუშაობა რკინიგზის იმ ხაზის, რომლითაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს იარაღით და ტექნიკით ამარაგებენ. უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, კურსკის ოლქის ენერგოობიექტებზე შეტევა „ახლახან“ განხორციელდა. გენშტაბს არც ის არ დაუკონკრეტებია, რა საშუალებებით დაარტყეს რუსეთის ამ ობიექტებს.
29 ივლისს კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 19 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
სმირნოვის თანახმად, დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა ექვს, მათ შორის კურსკის, პონიროვსკისა და სოლნცევსკის რაიონებში, სადაც დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და საავტომობილო ხიდი.
აშშ-ის ხელისუფლებამ გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ორი ახალი პაკეტის შესახებ – 200 მილიონი და 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობით.
პირველი პაკეტის შესახებ ორშაბათს გამოაცხადა თეთრი სახლის კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების სფეროს კომუნიკაციებში, ჯონ კირბიმ.
პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის სისტემები, HIMARS-ის სისტემების საბრძოლო მასალები, ნაღმსატყორცნების ჭურვები და Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. ეს ყველაფერი ხორციელდება შეიარაღების შემცირების სფეროში პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინაში იარაღი პირდაპირ აშშ-ის არმიის საწყობებიდან გაიგზავნება.
მეორე, უფრო ძვირი პაკეტის გამოყოფის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა. დახმარება განხორციელდება უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის ინიციატივით (USAI), რაც ითვალისწინებს გრძელვადიან კონტრაქტებს იარაღის მწარმოებლებთან.
პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საშუალებები, საშუალებები, რომლებიც ადრე მიწოდებული ტექნიკისთვის არის განკუთვნილი, მოკლე და საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის საშუალებები და მათთვის განკუთვნილი რაკეტები, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, საბრძოლო მასალები HIMARS და NASAMS სისტემებისთვის, მაღალი სიზუსტის საავიაციო ჭურვები, საარტილერიო ჭურვები და ნაღმსატყორცნების ნაღმები.
სრული სია ასე გამოიყურება:
საბრძოლო მასალა მოწინავე საზენიტო-სარაკეტო სისტემებისთვის (NASAMS); მოკლე და საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალა;
RIM-7 საჰაერო თავდაცვის რაკეტები;
ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა;
საბრძოლო მასალა მაღალი მობილობის სარაკეტო და საარტილერიო სისტემებისთვის (HIMARS);
155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები;
120 მმ კალიბრის ნაღმტყორცნები;
Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემები.
საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან შეერთებულმა შტატებმა კიევს 55 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება გამოუყო.