Credit Suisse-ის ბანკირის თაღლითური სქემით, ივანიშვილმა $607 მლნ დაკარგა – ახალი შეფასება
პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse Group-ის ერთეულის ყოფილი ბანკირის თაღლითობის გამო, დაახლოებით $607 მილიონი დაკარგა. ამის შესახებ ცნობილი დღეს, სასამართლო მოსმენაზე გახდა, რომელსაც ბერმუდის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჰარგუნი უძღვებოდა.
ჰარგუნმა სამი თვის წინ დაადგინა, რომ ივანიშვილის ზარალი შედარებით ნაკლები იყო და $553 მილიონს შეადგენდა. მაშინ მან ორივე მხარის ბუღალტრებს დანაკარგის დეტალური შესწავლა დაავალა. დღევანდელ მოსმენაზე ბუღალტრებმა განახლებული მონაცემები წარმოადგინეს. ახალი შეფასებით, ივანიშვილის ზარალი მარტში დასახელებულზე დაახლოებით 10%-ით მეტია.
იმ დროს მოსამართლემ Credit Suisse Life გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბანკის სიცოცხლის დაზღვევის განყოფილებამ “თვალი დახუჭა” თაღლითის, პატრიკ ლესკოდრონის დანაშაულზე. ბანკი ამტკიცებს, რომ ლესკოდრონი, რომელიც 2018 წელს გაასამართლეს, “მარტოხელა მგელი” იყო და თავის თაღლითურ საქმიანობას მალავდა.
Credit Suisse Life-ის (ბერმუდის) ადვოკატმა, ჯონათან ქროუმ დღევანდელი მოსმენის გახსნისას აღნიშნა, რომ ჰარგუნის გადაწყვეტილებას არ ეწინააღმდეგებოდა და რომ ის აღიარებს განახლებულ მონაცემს – $607 მილიონს.
ბანკის და ივანიშვილის ადვოკატი დღეს კომპენსაციის გადახდის ფორმაზე ვერ შეთანხმდნენ.
“ამ ეტაპზე, განსჯის შემდგომ საკითხის წამოწევა, პროცესის ბოროტად გამოყენებაა”, – თქვა ივანიშვილის ადვოკატმა, ჯო სმუჰამ.
მოსამართლე ჰარგუნი, კომპენსაციის წყაროზე, ასევე, ბუღალტრების მიერ ზარალის განახლებულ მონაცემზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.
ბერმუდის სასამართლო პროცესი მიიჩნეოდა, როგორც ერთგვარი ტესტი იმისა, შეიძლება თუ არა ბანკი გათავისუფლდეს პასუხისმგებლობებისგან სხვა სასამართლო განხილვების შემთხვევაში.
ამ თვის დასაწყისში ასევე ცნობილი გახდა, რომ ფინანსური დანაშაულის საკითხებში ჟენევის პროკურორი Credit Suisse-ს $60 მილიონზე მეტის გათეთრებაში ადანაშაულებს.
Credit Suisse-მა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უკვე გამოყო 600 მილიონი შვეიცარიული ფრანკი ($622 მილიონი) სამართლებრივი განხილვებისთვის, საიდანაც ნაწილი ბერმუდის საქმეს უკავშირდება.
ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან მრავალწლიანი დავა აქვს. 2022 წლის 29 მარტს, ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელეების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების სარჩელი.
გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ამჯერად შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ რწმუნებულს, Green Vals Trust-ს უჩივის და ბანკს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
შვეიცარიულმა ბანკმა “ბიზნეს ფორმულასთვის” გამოგზავნილ წერილში CS Victims-ის ბრალდებები უარყო. “Credit Suisse ემსახურება თავის კლიენტებს ყველა მოქმედ კანონისა და რეგულაციასთან დაცვით, შესაბამისი ორგანოების ნებისმიერი სანქციების ჩათვლით”, – ნათქვამია CS-ის შეტყობინებაში.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილს ხელოვნების ნიმუშებისა თუ ვერტმფრენის გადაადგილების პრობლემა შეექმნა, რაც საბანკო ჯგუფთან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას საეჭვოდ დაემთხვა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჰუგო მილერი და მარიონ ჰალფტერმაიერი