მნიშვნელოვანისიახლეები

დააკავეს პარტია “ახალის” ლიდერი რომელიც თავად მივიდა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში

დააკავეს პარტია “ახალის” ლიდერი ნიკა გვარამია, რომელიც თავად მივიდა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სასამართლო სხდომის პარალელურად, სადაც მას მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული შუამდგომლობა სხდომაზე პროკურატურამ დააყენა.
“ოლიგარქია უნდა დაემხოს, დიდება საქართველოს!”, – თქვა მან.

პოლიციის თანამშრომლებმა ის პენიტენციურის მისაღებიდან პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს და შემდეგ უკვე ციხეში შეასახლებენ.

გვარამიას პატიმრობა შეეფარდა მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ჯერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე და შემდეგ არ გადაიხადა გირაო, რომელიც კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაეკისრა.

“მე მზად ვარ ერთწლიანი სასჯელისთვის – ყოველთვის უნდა იყო მაქსიმალურისთვის მზად, თუ რამე მოხდება სხვა, კარგია.
17 აპრილს ნიკა გვარამიას სასამართლოზე აღკვეთი ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გირაო მას ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო შეეფარდა. ის პროკურატურაში 11 აპრილს დაიბარეს და ბრალდება წარუდგინეს.

14 მაისს ნიკა გვარამიამ თქვა, რომ თანხის გადახდას არ აპირებს.

ერთპარტიული პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.
მეოთხედ შევდივარ ციხეში და მარტო მე კი არა, ჩემი შვილებიც მიეჩვივნენ, რომ ეს ხდება ჩვენს ცხოვრებაში ორ წელიწადში ერთხელ. ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური პარლამენტის ანტიკონსტიტუციურ და არალეგიტიმურ კომისიის სხდომაზე არ მივედი, იმიტომ რომ მე საქართველოს კონსტიტუციის ერთგული ვარ და არა ბიძინა ივანიშვილის ახირებების” – უთხრა მედიას ნიკა გვარამიამ დაკავებამდე, რუსთავის პენიტენციური დაწესებულების შესასვლელთან. ანალოგიურ საქმეზე, რაზეც ნიკა გვარამიას შეეფარდა პატიმრობა, უკვე დაპატიმრებულია სამი პოლიტიკოსი, მათ შორის გვარამია პარტია “ახალის” თანადამფუძნებელი ნიკა მელია. მელიამდე დააკავეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და პარტია “გირჩი მეტი თავისუფლებას” ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

“სინამდვილეში ირაკლი ოქრუაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ნიკა მელიამ, ნიკა გვარამიამ აიძულეს სისტემა და სისტემამ ისინი ვერ გატეხა, რადგან არ აღიარებენ ამ რეჟიმს.

ეს ადამიანები დღეს არიან ბრძოლაში. დაპატიმრებული შეიძლება ტექნიკურად იყოს, მაგრამ ბრძოლაში არის გამარჯვებული გვარამიაც, ჯაფარიძეც, მელიაც და ირაკლი ოქრუაშვილიც, ამიტომ, დიახ, ეს ბრძოლა გადის დისკომფორტზე, უამრავი ადამიანი სცემეს, უამრავი ახალგაზრდა დაპატიმრებულია, გუშინ მათე დევიძის ამბავმა გული მოუკლა ბევრს, მაგრამ სხვანაირად, ბრძოლის, დისკომფორტის გარეშე ასეთ რეჟიმებს ვერ მოვერევით”, – თქვა პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტია “ახალის” ლიდერის, ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ.

პარტია “დროა”, “ახალი” და “გირჩი” გაერთიანებული კოალიციით მონაწილეობდნენ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, რომლის შედეგებსაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე ოპოზიციური პარტიები და დამკვირვებლების ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს.

„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.

პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაულია („საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა“ ) და ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.

კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სხვა პოლიტიკოსების მიმართაც, რომლებმაც პატიმრობას გირაოს გადახდა ამჯობინეს და საქმის სასამართლოში განხილვას საპატიმროს გარეთ ელოდებიან:

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე (50 000-50 000 ლარი);
გივი თარგამაძე (10 000 ლარი);
გიორგი ვაშაძე (50 000 ლარი).

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა. პროკურატურის მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა და გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button