დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილება, ეპიდემიოლოგიური ვითარებაზე ინფორმაციის გაცემას წყვეტს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში, ყოველდღიური ინფორმაცია, რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ, 23 სექტემბრიდან აღარ გაიცემა.
ამის შესახებ, მედიას, ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა აცნობა.
ნელი ხიზანიშვილის წერილობითი განმარტებით, გადაწყვეტილება ცენტრალურ დონეზეა მიღებული.
“საქართველოში კოვიდ 19-ის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, შეიცვალა რეპორტინგის სქემა. ყოველი დღის რეპორტი ითვლება 00:00 სთ-დან 24 :00 სთ-მდე, რომელიც ოფიციალურად ქვეყნდება მეორე დღის 11 საათზე. ამის გამო შემთხვევების რაოდენობა და შესაბამისად, რეგიონების ინფორმაცია, რომელიც უკვე გვაქვს დილის 11 საათისთვის არ ემთხვევა ოფიციალურ სტატისტიკას. ამის გამო რამდენიმე რეგიონში, შეიქმნა გაურკვეველი სიტუაცია. ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გაკეთდეს ანგარიშგების მხოლოდ ერთი, ჯამური ინფორმაცია საქართველოს დონეზე, რეგიონებად ჩაშლით”, – ნათქვამია ხიზამიშვილის განმარტებაში.
კახეთში, 22 სქტემბრისათვის არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ, განცხადება, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა გააკეთა.
მისი ინფორმაციით, რეგიონში ჩამოყალიბებულია ექვსი კლასტერი, რომელშიც უკვე კოვიდ- 19- ის 38 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
“სამი კლასტერია ლაგოდეხში, სადაც გუშინ კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ყველა კონტაქტი მოძიებულია და გადაყვანილია თვითიზოლაციაში. მატაანსა და ველისციხეში, კვლავ დგას კარვები, სადაც მოსახლეობის თერმოსკრინინგი გრძელდება. რაც შეეხება საჯარო სკოლებს, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, ჯერ რეკომენდაცია არაფერი მიგვიღია. მხოლოდ, სოფელ მატაანის ორ საჯარო სკოლაში, სწავლება დუსტანციურად მიმდინარეობს”, – განაცხადა შიოშვილმა.
გაიზარდა თუ არა, დღეს კახეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი, განცხადება ამის შესახებ, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, 24 სექტემბერს გაკეთდება.