მნიშვნელოვანისიახლეები

დაბა სტეფანწმინდაში ღვარცოფული მასა ჩამოწვა

უხვმა ნალექმა სტეფანწმინდასა და გერგეტში პრობლემები შექმნა. ოფიციალური განმარტებით, გერგეტში, კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე შესრულდა სამუშაოები – ადგილობრივებს საფრთხე არ ემუქრება.
ამასთან ძლიერი წვიმის კვალი ყაზბეგში ე.წ. თარგმანის უბანს ამ დრომდე ეტყობა.

ღვარცოფმა, რომელიც ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია, მხოლოდ რამდენიმე სახლი დააზიანა, წყალი ადგილობრივებს პირველ სართულებზე შეუვიდათ, განადგურდა მოსავალი, დაიხოცა პირუტყვი. ადგილზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მსგავსი სტიქია სოფელში არ ახსოვთ.

როგორც ადგილობრივები იხსენებენ, ძლიერი წვიმა ე.წ. თარგმანის უბანში რამდენიმე საათს გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამაშველო ჯგუფები, მუშაობდა ტექნიკაც. მიმდინარე სამუშაოებს კი, პირადად ესწრებოდნენ ყაზბეგის მერი და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული. მათი ინფორმაციით, უხვმა ნალექმა პრობლემები სოფელ გერგეტშიც შექმნა, სადაც გზა გვიან ღამითვე გაიწმინდა.

განცხადება გაავრცელა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ. ოფიციალური ცნობით, დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. “თარგმანის უბანში“, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ ადგილზე იმუშავეს გეოლოგებმა და გასცეს რეკომენდაციებიც.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ბაკურ ავსაჯანაშვილის თქმით, უხვმა ნალექმა ღვარცოფი გამოიწვია, თუმცა ამ დროისთვის, სპეცტექნიკის დახმარებით, არხები გაწმენდილია და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

“წვიმის შედეგად, წამოვიდა ღვარცოფული ნალექის დიდი მასა, რამაც მოსახლეობაში გამოიწვია შიში. რამდენიმე ოჯახის პირველი სართულები დაიტბორა. ასევე, გერგეტის უბანზე ადიდებულმა წყალმა, რომელიც სოფელში, გზის პირზე მოედინება, საშიშროება შეუქმნა მოსახლეობას. ჩვენ ადგილზე მივიყვანეთ ტექნიკა და ამ ტექნიკის საშუალებით, მოხდა არხის გაწმენდა”, – განაცხადა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანაშვილმა.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის დავით ნოზაძის თქმით, დაბა სტეფანწმინდაში, უხვმა ნალექმა, ზოგიერთ უბანზე ღვარცოფული ნაკადების ჩამოდინება გამოიწვია, თუმცა მოსახლეობისთვის რაიმე საშიშროება ამ დროისთვის არ არსებობს.

“რაიმე საშიშროება, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის, ან ქონების დაზიანების მხრივ არ ყოფილა. მხოლოდ რამდენიმე საცხოვრებელ სახლში დაიტბორა პირველი სართულები. დილიდან ადგილზე იმყოფებიან სპეციალისტები, გეოლოგები, რომლებმაც შეისწავლეს აღნიშნული ლოკაციები. პირველადი მონაცემებით რაც ვიცით, რაიმე განსაკუთრებული ინფრასტრუქტურული ზიანი არ მიუყენებია ამ ღვარცოფს. შესაბამისად, ველოდებით დასკვნას. მომზადდება, წერილობით გვეცნობება და სხვადასხვა უწყებასთან ერთად, დავიწყებთ საჭირო ღონისძიებების ჩატარებას”, – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათმა გეოლოგებმა ადგილზე შეაფასეს გეოდინამიკური პირობები, რის საფუძველზეც დამცავი ღონისძიებების გასატარებლად რეკომენდაციები გაიცა. უწყების მიერ გავრცელებულ ფოტომასალაში ჩანს, რომ ღვარცოფული მასა დასახლებულ პუნქტთან ახლოს ჩამოწვა. რამდენიმე დღის წინ, 3 აგვისტოს, მეწყრული პროცესები და ღვარცოფი განვითარდა კურორტ შოვში. დაიღუპა მინიმუმ 27 ადამიანი, ამ დრომდე ეძებენ 6 ადამიანს.

შოვის, ვერესა და დევდორაკის შემზარავი ტრაგედიებიდან ხელისუფლება შესაბამის დასკვნებს ვერ აკეთებს. ღვარცოფული მდინარეების კალაპოტებში მშენებლობები შეუზღუდავად გრძელდება. დაბა ფასანაურში, არაგვის პირას ოთხსართულიანი სასტუმროს კონსტრუქცია ფაქტობრივად დასრულებულია. ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკამ სამუშაოები დაასრულა.

გაუგებარია, არსებობს თუ არა რაიმე ტიპის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ადგილი სტიქიური თვალსაზრისით უსაფრთხოა. ადგილობრივები, რომლებიც კარგად იცნობენ გარემოს, არ გამორიცხავენ, რომ მდინარე არაგვის კალაპოტი ახალი ტრაგედიის ადგილად იქცეს.

ცნობისთვის გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სააგენტოს ცნობით, 18 და 19 აგვისტოს, უმეტესად დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კავკასიონის ჩრდილოეთ მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან – ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button