დაღუპული ლეხ კაჩინსკის ნეშტს ექსჰუმაციას ჩაუტარებენ [Video]
პოლინეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის ნეშტების ექსჰუმაცია 14 ნოემბერს კრაკოვში ჩატარდება. ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კაჩინსკების წყვილი, ავიაკატასტროფის შედეგად, სმოლენსკთან 2010 წელს დაიღუპა.
ლეხ და მარია კაჩინსკები კრაკოვში, ვაველის ციხე-დარბაზში, სარკოფაგში დაკრძალეს. მათი ნეშტების ექსჰუმაცია დღეს საღამოს, ახლობლებისა და სასულიერო პირების თანდასწრებით, ტაძრის დახურვის შემდეგ ჩატარდება. ამავე საღამოს კაჩინსკების ცხედრებს იაგელონის უნივერსიტეტთან არსებული სასამრთლო მედიცინის დაწესებულებაში (Collegium Medicum) დაასვენებენ. სპეციალისტების ვარაუდით, ცხედრების შესწავლას 4 დღე დასჭირდება. განმეორებითი დაკრძალვა, ასევე ახლობლებისა და სასულიერო პირების თანდასწრებით, 18 ნოემბერსაა დაგეგმილი.
პოლონეთის გენპროკურატურის უფროსის მოადგილის, მარეკ პაშჩონეკის ინფორმაციით, ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ნეშტების ექსჰუმაცია საჭირო გახდა შეცდომის გამო, რომელიც სამედიცინო დოკუმენტაციაში აღმოაჩინეს.
ტრადიციული გაკვეთის გარდა კაჩინსკების წყვილს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდება, რომლის სამგანზომილებიანი გამოსახულება სპეციალისტებს ცხედრების დეტალური შესწავლის საშუალებას მისცემს. ამის გარდა, ჩატარდება ჰისტოპათოლოგიური, ტოქსიკოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური გამოკვლევებიც.
ასევე იგეგმება სმოლენსკის ტრაგედიის დანარჩენი – 83 მსხვერპლის ნეშტების შესწავლაც, რომელთა კრემაცია და ექსჰუმაცია ადრე არ ჩატარებულა. პოლონეთის გენპროკურატურის მონაცემებით, ყველა პროცედურის დასრულება 2017 წლის დასასრულისთვის იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 10 აპრილს Ту-154-ს ბორტზე პოლონეთის დელეგაცია იმყოფებოდა, რომელიც კატინში დაგეგმილ სამგლოვიარო ღონისძიებას უნდა დასწრებოდა. დაუდგენელი მიზეზების გამო თვითმფრინავი მიწაზე დაეცა და ხანძარი გაუჩნდა. პოლონეთის ტელევიზიის ცნობით, პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავმა სამჯერ ცადა სმოლენსკის აეროპორტში დაჯდომა, ხოლო მეოთხე მცდელობა ტრაგედიით დასრულდა.
თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ვარშავიდან სმოლენსკში რეისს ასრულებდა, 96 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 88 ადამიანი ოფიციალური დელეგაციის წევრი იყო. თვითმფრინავში კაჩინსკისთან და მისი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდნენ: პოლონეთის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ისტორიისა და ფილოსოფიის დოქტორი იანუშ კურტიკა, ასევე სამხედრო და სასულიერო პირები.
ლეხ კაჩინსკის, გარდაცვალებისთანავე, 2010 წელს, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.