მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

დაგვიანებული “ზრუნვა” თელავში სწავლების მიღმა დარჩენილ მოსწავლეებზე

საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ონლაინ სწავლების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები, რატომღაც მაშინ გაახსენდა, როცა მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 1 თებერვლიდან სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებაზე გასცა რეკომენდაცია

თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან მრელაშვილმა კი  27 იანვარს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ონლაინ- სწავლების მიღმა დარჩენილი მოსწავლეებისათვის ინტერნეტის შეძენის იდეა მხოლოდ ახლაღა გაახმოვანა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მიმართვა ზეპირი იყო და მრელაშვილს, როგორც ამავდროულად, ” ქართული ოცნებიდან” საკრებულოს წევრს, ინიციატივა წერილობით არ დაუდასტურებია.

რატომ გაახსენდა რესურსცენტრის ხელმძღვანელს დისტანციური სწავლების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები, მაშინ, როცა 1 თებერვლიდან, მეორე სემესტრი უკვე საკლასო ოთახებში იწყება, ამის გარკვევას რადიო ჰერეთი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა.

უამრავი მცდელობის მიუხედავად , მრელაშვილთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან როგორც აღმოჩნდა, მას ჟურნალისტების გარკვეული ჯგუფის ტელეფონის ნომრები დაბლოკილი აქვს.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ” ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ლევან ლილუაშვილი რადიო ჰერეთთან ადასტურებს, რომ მრელაშვილის ინიციატივა მართლაც ზეპირი იყო.

“წერილობით არ დაუფიქსირებია , ზეპირად მოგვმართა. რატომ გააჟღერა დაგვიანებით, ვერ გეტყვით, ეგ მას უნდა ჰკითხოთ. რასაკვირველია, ამას თავისი პროცედურა აქვს, თუკი ის წდრილობით შემოიტანს წინადადებას, საკრებულო იმსჯელებს და მაქსიმალურად ვეცდებით სახსრები გამოვნახოთ”- განაცხადა ლილუაშვილმა.

ერთ- ერთი მრავალშვილიანი ოჯახი, მრელაშვილის ინიციატივას სრულიად უსარგებლოს უწოდებს და ამბობს, რომ რაც სკოლები ონლაინ- სწავლებაზე არიან, რესურსცენტრს სწავლების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები, საერთოდ არ მოუკითხავს.

“უკვე მეორე სემესტრია, ჩემი შვილი რესურსცენტრს არ მოუკითხავს. ინტერნეტი არ გვაქვს და ბავშვი, ფაქტიურად, პროცესში ვერ მონაწილეობს. არც გავხსენებივართ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი არსებობაც არ იცის. რაღა დროს მაგაზე ლაპარაკია, უკვე სწავლა იწყება და სადაც არის ალბათ ქვეყანაც გაიხსნება”- განაცხადა მოსწავლის მშობელმა.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები თვლიან, რომ რესურსცენტრს დისტანციური სწავლების მიღმა დარჩენილ მოსწავლეებზე, გაცილებით ადრე უნდა ეზრუნა.

” ეს ისეთივე გამოვლინებაა უნიათობის, რასაც ხელისუფლება ავლენს ყველა მიმართულებით. განათლების მესვეურს რომ ახლა ახსენედება პრობლემა, ეს განათლების სისტემის კრახია. ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვამბობდით, რომ აუცილებელია სათანადო ტექნიკითა და ინტერნეტით მოსწავლეებია უზრუნველყოფა. რამდენი ოჯახია, რომელსაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომ სახელმწიფოს დროულად უნდა ეზრუნა ამ საკითხზე”- განაცხადა რადიო ჰერეთთან ლეიბორისტული პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნიკა ვარდოშვილმა.

ონლაინ – სწავლების რეჟიმზე საჯარო სკოლები ეტაპობრივად, კორონა ვირუსის გამო გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გადავიდნენ.

დისტანციურ სწავლებაში, შესაბამისი ტექნიკისა და ინტერნეტრესურსების უქონლობის გამო, საჯარო სკოლებიდან ასობით მოსწავლე ვერ ჩაერთო.

 

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button