მნიშვნელოვანისიახლეები

დაგვიჭერენ? – დამიჭირონ, არ არის პრობლემა -ოპოზიცია თბილისი მოლის ტერიტორიაზე იმყოფება

მე არ მგონია, ვინმეს შეეშინდეს. ბოლო-ბოლო რა უნდა გიქნან იმაზე მეტი, რაც აქამდე არ უქნიათ?! დაგვიჭერენ? – დამიჭირონ, არ არის პრობლემა – მე გათვითცნობიერებული მაქვს, რას ვაკეთებ და ძალიან ბევრ ადამიანსაც, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
დეკანოიძის თქმით, თუ ადგილზე ბევრი ადამიანი შეიკრიბება, მაშინ ხელისუფლება ვერ გაბედავს, რომ ათასობით ადამიანი დააკავოს.
„შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც არის „მაგნისკის სიაში“ შეყვანილი ორგანიზებული წამებისთვის და ძალადობისთვის, ამ ხალხს და მე არ უნდა მასწავლოს, რა უნდა გავაკეთოთ, არავის ეშინია გომელაურის და ზოგადად, რეჟიმის. მე უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს – წლების განმავლობაში გაცილებით უფრო მძიმე სტატუსებს ვწერ სოციალურ ქსელში, ვიდრე მაგალითად: „დაიტოვეს“ ჯგუფის წარმომადგენლები და რატომ ჩემთან არ მოდიან? – ანუ რაღაცა შიშის დათესვა უნდათ, ცდილობენ, რომ ადამიანები დააშინონ. ასე ვერ მოხდება, არავინ არ დაშინდება, მე არ მეშინია და ამ ხალხსაც არ ეშინია. ეს იქნება ის, რაც რეალურად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ჩვენს უკან არიან დაპატიმრებული ადამიანები. მზია ამაღლობელი 22-ე დღეა უკვე შიმშილობს. ასევე, ბათუმელი მედროშეც. ადამიანები არიან ციხეში და ყოველი დღე, როდესაც ჩვენ გავჩერდებით, ეს ადამიანები გვიყურებენ და ამაზე უნდა ვიფიქროთ. ამიტომ მე ნამდვილად არ მეშინია. ყველას მინდა ვუთხრა, რომ დასანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრი თავისი დასანქცირებული თანამშრომლებით არავითარ შიშის საფუძველს არ წარმოადგენს, იმიტომ, რომ დღეს არიან და ხვალ აღარ იქნებიან.
მე არ მგონია, ვინმეს შეეშინდეს. ბოლო-ბოლო რა უნდა გიქნან იმაზე მეტი, რაც დავუშვათ აქამდე არ უქნიათ?! დაგვიჭერენ? – დამიჭირონ, არ არის პრობლემა. მე გათვითცნობიერებული მაქვს რას ვაკეთებ და ძალიან ბევრ ადამიანსაც. ამიტომ თუ ბევრი ვიქნებით, მერწმუნეთ, რომ არავითარი შიში არ იქნება და ხელისუფლება ვერ გაბედავს, რომ ათიათასობით, ათასობით ადამიანი დააკავოს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მე ამის შინაარსი ნაკლებად მესმის. გზის გადაკეტვა კი არა, ჯერ მედიაა გასახსნელი და იხვნისკარტები გასაშვები. ამის მერე, როცა დავილაპარაკებთ და საზოგადოება ბევრ განსხვავებულ ხედვას გაეცნობა, შევარჩევთ, პროტესტის რა ფორმა სჯობს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.
ხვიჩიას თქმით, მხოლოდ საუბრის შემდეგ უნდა გადაწყდეს გზის გადაკეტვა ან ნებისმიერ სხვა რამ.
„შეიძლება, ეს გზის გადაკეტვა იყოს ან სხვა რამე, მაგრამ მხოლოდ ლაპარაკის მერე უნდა გადაწყდეს ეს. მე არ მომწონს ბრძოლის ეს მეთოდი, მაგრამ თუ გზის გადაკეტვაა, ეს უნდა გააკეთონ იმუნიტეტიანმა დეპუტატებმა, სწორედ ამიტომ აირჩია ისინი ხალხმა, ვინც ბრძოლის ამ გზას უჭერს მხარს. გადაკეტილ გზაზე როცა მოქალაქე დადგება, ეგ ქოცური მართლმსაჯულებითაც კი ვერ იქნება დანაშაული (მოლში ვიყავი, გზაზე მოძრაობა არ იყო და გზის მეორე მხარეს გადავდიოდი, ან მეგობარი შემხვდა და გამოველაპარაკე, შეუძლებელია, დამნაშავე ვიყო). თუ 4-5-9-25 პოლიტიკოსები ამას არ აპირებენ, მათ უნდა თქვან, რომ არ უჭერენ მხარს პროტესტის ამ ფორმას და სიფრთხილისკენ მოუწოდონ ადამიანებს“, – წერს ხვიჩია.

ჩვენ გვყავს უზურპირებული ხელისუფლება და ოლიგარქი, რომელიც საკუთარი მოქალაქეების მიმართ აბსოლუტურად რუსული მოდელით ადამიანების წამებაზე, ღირსების შელახვაზე, ღია აგრესიასა და ყველანაირი კონსტიტუციის გაუქმებაზე გადასული, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
მისი თქმით, მათი ვალია, რომ ადამიანის უფლებები დაიცვან, სხვა შემთხვევაში არ იქნება არც კონსტიტუცია, არც სამართალი და არც მშვიდობა.
„ჩვენ გვყავს უზურპირებული ხელისუფლება, ოლიგარგი, რომელიც საკუთარი მოქალაქეების მიმართ აბსოლუტურად რუსული მოდელით არის ადამიანების წამებაზე, ღირსების შელახვაზე, ღია აგრესიასა და ყველანაირი კონსტიტუციის გაუქმებაზე გადასული. სწორედ იმიტომ, რომ მათ კონსტიტუცია გააუქმეს არჩევნებზე, ევროკავშირში არ წასვლით და დღეს იმ სტრატეგიული სისულელის გამოცხადებით, ჩვენი ვალია, რომ ადამიანის უფლებები დავიცვათ. სხვა შემთხვევაში არ იქნება არც კონსტიტუცია, არც სამართალი და არც მშვიდობა“, – განაცხადა ხოშტარიამ.
კითხვაზე, ელოდება თუ არა დღეს დაგეგმილ აქციაზე მოქალაქეების დაკავებებს, ხოშტარიამ განაცხადა:
„მე ველოდები ჩვენი კონსტიტუციური უფლების დაცვას და ეს კრიმინალები როგორ მოიქცევიან, არ ვიცი”.

კონსტიტუცია არის ყველა კანონზე მაღლა და კონსტიტუციაში ამ ხალხს აქვს უფლება, გამოხატოს პროტესტი. ამათი [სამართალდამცავების] მოვალეობა დარბევა კი არაა, ამ პროტესტის უზრუნველყოფაა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხალხი კანონის ფარგლებში მოქმედებს.
„კანონის ფარგლებში მოქმედებს ხალხი – უკანონოდ მოქმედებენ ესენი [სამართალდამცავები]. კონსტიტუცია არის ყველა კანონზე მაღლა და კონსტიტუციაში ამ ხალხს აქვს უფლება, გამოხატოს პროტესტი. ამაში მოვალეობა დარბევა კი არა ამ პროტესტის უზრუნველყოფაა. ასე რომ, კანონს არღვევენ ესენი. ჰგონიათ ერთხელ და ორჯერ ეს ნიღაბი დაიცავთ. საბოლოო ჯამში, ეგ ნიღაბი დაღუპავს მაგათ სათითაოდ. ტყუილად ჰგონიათ, რომ პასუხისმგებლობას გაექცევიან. ცხოვრება გრძელია და თითოეულს მოეკითხება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

რამდენი ნიღბიანიც არ უნდა გამოიყვანონ, ბატალიონი დააყენონ, შინაარსი არ აქვს. მიხვდებიან, რომ ამ ხალხის შეჩერება შეუძლებელია,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს „თბილის მოლთან“ განუცხადა, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებია.
როგორც ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ აღნიშნა, არავინ დაიღლება და პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ხალხი არ გაიმარჯვებს.
„სანამ არ გავიმარჯვებთ ეს ხალხი პროტესტს გააგრძელებს, ხალხს არაფერი გააჩერებს. რამდენი ნიღბიანიც არ უნდა გამოიყვანონ, ბატალიონი დააყენონ, შინაარსი არ აქვს. მიხვდებიან, რომ ამ ხალხის შეჩერება შეუძლებელია. არ მოქმედებს არაფერი, არც დაჭერა, არც „ჩადება“, არც მუქარა, კანონის ცვლილებები.
სულ ღრღნით ვიღაცებს ეჭვი, რომ ხალხი დაიღლება, არავინ დაიღლება! პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მოვიგებთ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

გზას ვკეტავთ, მეტს ხომ არაფერს ვაკეთებთ. იქნებ, არც ვკეტავთ და მოლში მოვედით ყავის დასალევად, – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა აქტივისტმა, ნადიმ ხმალაძემ თბილისი მოლთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს.

„ღიმილისმომგვრელია, ასე რამ შეაშინა ეს ერთი კაცი. ყველა ერთ კაცს რომ ემსახურება. მე ძალიან მიტყდება, ძალიან მრცხვენია, რომ ვუყურებ ამ ბალაკლავებში. ჩვენ მშვიდობიანად ვდგავართ და ამდენი პოლიციელის აქ მობილიზება რა საჭირო იყო. გზას ვკეტავთ, მეტს ხომ არაფერს ვაკეთებთ. იქნებ, არც ვკეტავთ და მოლში მოვედით ყავის დასალევად“, – განაცხადა ხმალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button